ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…
” – დონკიხოტობა? მაშ გაუმარჯოს დონკიხოტს! ის დამთხვეული ლამანჩელი რაინდი როგორ არ მირჩევნია ჩვენი დროის “რაინდს”,ტროლეიბუსის გაჩერებასთან რომ სდგას და არხეინად შესცქერის ავარა ბიჭებს,ახალგაზრდა ქალს შეურაცხყოფას რომ აყენებენ!” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არ მიყვარს მქირდავი ადამიანი,ყველაფერს რომ დასცინის და ეჭვის თვალით უცქერის.ასეთი კაცი ცხოვრებაში მძაღე ნიგოზივით არის: ყველანაირ საჭმელს გაამწარებს,თუ ერთი ბეწოც სადმე შეერია.
ჩემთვის შეიძლება გასაგები იყოს ნიჰილიზმი,ვთქვათ,ისეთი კაცისა,ყველა უფსკრულში რომ ჩაიხედა,ყველა მწვერვალი მოიარა და მერე მიიჩნია ეს წუთისოფელი ამაოებათა ამაოებად, და როგორც ეკლესასტე მოთქვამს,”არარაი არს ახალი მზისა ქვეშე… გულმან ჩემმან,იხილა მრავალი სიბრძნე და მეცნიერება,იგივნი და ხელოვნებანი,ნაქმარნი და სიკეთენი და აჰა,ყოველივე ამაოებაა და ტანჯვა სულისა…”
* * *
“რომანტიკოსი კაცი ცხოვრების ლაზათია.დაუძახებენ თუ არ დაუძახებენ,ევალება თუ არ ევალება,იგი ცხვირს მდუღარეში წაჰყოფს! იგი მუდამ მზად არის…”
* * *
“რატომ უნდა შევიძულოთ ლამაზი სიტყვები,თუ ისინი შინაარსითაც ლამაზები არიან! ქვეყანა მაშინ წახდა,ლამაზ სიტყვებს რომ გადაეჩვია.წმინდა სიყვარული,უანგარო მეგობრობა,უმწიკვლო ადამიანი,ქალწული ქალი,თავდადევა… ახლა ზოგიერთს ეცინება ამ სიტყვების გაგონებაზე!”
* * *
“ვინ დასთვლის რამდენი მილიონი წელიწადი დასჭირდა ბუნებას,რომ დედამიწაზე სიცოცხლის პირველი მოლეკულა გაეჩინა! რამდენი მილიონი წელიწადი! ხოლო შარშან ერთმა იტალიელმა მეცნიერმა ეს შენი სიცოცხლე ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნა და მთელი მსოფლიო ყირაზე დააყენა.ადამიანმა ის გააკეთა,რაც ღმერთის საქმედ იყო მიჩნეული.სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოება მალე მეშვიდე კლასის მოწაფის გაკვეთილად გადაიქცევა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანს ერთი უკუღმართი აზრი სისხლსა და ხორცში რომ გაუჯდება,მერე მისი მორჯულება ძნელია”.
* * *
“ქალი,ჩემო ძმაო,ქალადაც უნდა ვარგოდეს,თორემ ორჯერ ორი რომ ოთხია,ამას ძაღლებიც კი სწავლობენ!”
* * *
“აყვავებულ ხეზე ლამაზი და სათნო ქვეყანაზე სხვა რა უნდა იყოს?”
* * *
” …ჩვენ ყველას ჩვენი სასწორი გვიჭირავს ხელში.მისი ერთი ჯამი მუდამ სავსეა ჩვენი წუხილით,ტკივილით,შიშითა და უიღბლო დღეებით.
და ჩვენც წელებზე ფეხს ვიდგამთ.
ვიბრძვით,
ვეძებთ,
ისეთი რა დავიდოთ მეორე ჯამზე,რომ ის გადაწონოს, – ჩვენი ვაებისა და გაჭირვების საწყაო.
თუ ეს არ მოხდა,ძნელია მაშინ კაცის ცხოვრება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
P.S. პოსტში მოყვანილია ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის შემდეგი ნაწარმოებებიდან: “ცაბუნია”, “გაუმარჯოს დონკიხოტს” და “ორთაჭალელი მეთევზეები”.
ზემოთ განთავსებული ფოტო კი აღებულია ქართული საიტიდან – www.nplg.gov.ge