მიხეილ ქვლივიძე – “ავტოპორტრეტი”
განაბულ თვალებში – ფოცხვერის სიფიცხე,
ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის,
მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე -
კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!
მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარს?!
ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი?
სიტყვებს ნუ ენდობით… მთავარი ისაა,
რომ სიტყვა კი არა,საქმეა მთავარი!
საქმეა – ცხოვრების თარგი და ხარისხი
და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია,
და სიტყვით კი არა,მე საქმით აგიხსნით
ყველაფერს,რაც ვიცი და რაც შემიძლია!..
* * *
ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება,
მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი,
ხან თვინიერი ვარ,ხან გიჟი,თავნება,
ხან ბრძენი,ხანაც კი – ყოვლად უმეცარი.
გინდათ,ეს ცხოვრება ვაქციო არაკად,
ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო,
ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს
და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?!
გინდათ,იმ ხეიბარს,ძლივს რომ დაჩანჩალებს,
ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი?!
გინდათ,გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს
ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი?!
გინდათ,ოქრო-ვერცხლით გავავსო ქოხები,
ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?..
თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ,
მენდეთ და მომყევით
და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება!
* * *
…მე ზოგჯერ მგონია (რა ჩემი ბრალია,
კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!),
ორსული ცხოვრების ბებია ქალი ვარ
და მინდა,ლამაზი შვილი შეეძინოს!..
რა დროს ლექსებია! რა დროს ლაქლაქია,
როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?!
დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა,
საქმეა,
საქმეა მთავარი!..
* * *
ვაგლახ,რა მოკლეა წუთისოფელი,
არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე…
მიცნობდეთ: ასე ვთქვათ,კეთილისმყოფელი
“ავანტიურისტი” მიხეილ ქვლივიძე!