მაქსიმ გორკი – “რატომ,მაინცდამაინც ქართველი?”
1891 წლის 1 ნოემბერს,ცნობილი რუსი მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი – ალექსი პეშკოვი,იგივე – მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები) თბილისს ეწვია.სწორედ აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო მისი სამწერლო კარიერა.ჯერ კიდევ დამწყები ახალგაზრდა, 24 წლის ასაკში მყოფი მწერალი,მეტად დაინტერესებული გახლდათ საქართველოთი,ქართული კულტურითა და ქართველი ხალხით.ქართველი ინტელიგენცია გორკის საქართველოსადმი და ზოგადად ქართველი ხალხისადმი კეთილგანწყობილ რუს ლიტერატორად მიიჩნევდა,რის გამოც,მის მიმართ დიდ ყურადღებას და პატივისცემას იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ, 1894 წელს მაქსიმ გორკიმ გამოაქვეყნა თავისი დოკუმენტური მოთხრობა – “ჩემი თანამგზავრი”,სადაც ქართველი ხალხის-და გასაოცრად,ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი,მაინცდამაინც ქართველი აზნაური – შალვა ფთაძე,ერთობ ოდიოზურ ფიგურად წარმოადგინა.ფთაიძის პროტოტიპად ავტორმა ვინმე წულუკიძე გამოიყვნა,ვისთან ერთადაც იმოგზაურა მან ფეხით ოდესიდან თბილისამდე.მოთხრობის მიხედვით “ქართველი თავადი” ქუთაისელი მდიდარი მემამულის შვილი იყო,რომელიც ოდესაში სხვისი პასპორტით ჩასულა თავისი გამქურდველის საძებნელად,ფული შემოხარჯვია – დამშეულა და რაღაც ჩხუბის გამო პოლიციასაც ემალებოდა.გორკის,მაშინ მტვირთავ მუშას,შემთხვევით გაუცვნია გაუბედურებული ქართველი,შესცოდებია,შიმშილისაგან უხსნია და თბილისამდე ფეხით გაუცილებია.მოთხრობის საფუძველი მათი თბილისამდე ხეტიალით მგზავრობის ეპიზოდებია,რაც ისეა გადმოცემული,რომ ფთაძე თბილისში ჩამოსვლამდე თვალსაჩინოდაა დახასიათებული როგორც გამოუსწორებელი ეგოისტი,ველური,გაუნათლებელი,გაუმაძღარი,ხარბი,უმადური,უთავმოყვარეო,ვერაგი,ბოროტი და საცოდავი,რომელსაც არავითარი საქმე არ ეხერხება,მუშაობას არ კადრულობს,არა აქვს წარმოდგენა მორალზე და სირცხვილის გრძნობაზე.ამრიგად,მგზავრობის მთელ მანძილზე გორკი მუშაობდა,საჭმელს შოულობდა,ფთაძე კი მხოლოდ ჭამდა და ეძინა…
ასე მიდიოდნენ გორკის პერსონაჟები თბილისისაკენ,იმის შეპირებით,რომ ამ სიკეთეს ქართველი თავადი ათმაგად გადაიხდიდა…
მაგრამ თუ შესაძლებელია ერთ კაცში ამდენი უკეთურება იყოს თავმოყრილი,მით უფრო ამოუხსნელი რჩება,ასეთი ვერაგი,მატყუარა,ზნედაცემული თანამგზავრისაგან რაღას გამოელოდა გორკი?!
აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ასეთი უარყოფითი პერსონაჟი მაქსიმ გორკის არც ერთ თავის თხზულებაში არ დაუხატავს.
თხზულების დასასრულს,ქართველმა თავადმა მას ამაგი იმით გადაუხადა,რომ თავის მძინარე მწყალობელს ფული ამოაცალა და მოკვლაც კი დაუპირა, დაბოლოს როდესაც თბილისში ჩავიდნენ,ვერის ხიდთან,ქუჩაში მიატოვა – აქ დამიცადეო და აღარ მიაკითხა.
მაქსიმ გორკის ამ თხზულებამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია,რასაც თავის მხრივ საკმაო ლიტერატურის შექმნაც მოჰყვა იმის გასარკვევად,თუ ვინ იყო პროტოტიპი მისი ნაძირალა პერსონაჟისა.აღნიშნულ შეკითხვას პასუხი ნაწარმოების ავტორმა არ გასცა.რიგი ქართველი ლიტერატორებისა ავითარებდა მოსაზრებას იმის შესახებ,რომ გორკიმ შაქრო ფთაძის პიროვნებაში სოციალური თანამგზავრის კრებითი სახე განასახიერა,რის გამოც თხზულების მთავარი გმირის პროტოტიპი არ უნდა გავიგოთ როგორც ერთი კონკრეტული ქართველი კაცის პიროვნება.
შესაძლოა ამ ვარაუდს მკვლევარები იმიტომ უშვებდნენ,რომ გორკიმ თავის მოთხრობაში “შურისძიება” ქართველი კაცის ამაღლებული დახასიათებაც მოგვცა.ცხადია,გორკის ამ მხრივ ობიექტურად უფრო მეტი მასალა ეძლეოდა საქართველოში,იმ ქვეყანაში,სადაც იგი მწერლად დაიბადა,რასაც იგი მხოლოდ და მხოლოდ მადლიერების გრძნობით უნდა განეწყო.
გორკის საქართველოსადმი კეთილი განწყობის ამ შუქზე უფრო აუხსნელი რჩება მისი შინაგანი სიმართლე და აზრი,რამაც უაღრესად ზნედაცემული ნაძირალას დასახატად,ფაქტია,რომ მაინცდამაინც ქართველი კაცი გაამეტებინა.რატომ? ეს დღემდე ბურუსით არის მოცული! თუმცა,ისეთი დაკვირვებული მწერლისათვის,როგორიც გორკი იყო,შემთხვევითობით ვერაფერს ავხსნით. (ავტორი გენია.ჯი)