მიხეილ ჯავახიშვილი – “არსენა მარაბდელის”-ს შესახებ წერდა…
გენიალური ქართველი მწერალი და გულანთებული მამულიშვილი – მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937 წლები),თავის ბრწყინვალე ნაწარმოების – “არსენა მარაბდელი”-სადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წერილში,სახელწოდებით – “როგორ იწერებოდა “არსენა მარაბდელი”,თავისი რომანის გმირის შესახებ წერდა:
” 1925 წლის დასაწყისს მე და ჩემს მეგობრებს საუბარი გვქონდა ყაჩაღებზე, – გავარდნილებზე.ბევრი რამ ვუამბეთ ერთმანეთს.ჩემი ყურადღება ერთმა რამემ მიიპყრო: ჩვენ ტყე-ღრეში ბევრ გავარდნილს უვლია და ზოგ მათგანს არსენაზე უფრო დიდი საქმენი საგმირონი ჩაუდენია,მტერიც მრავლად დაუხოცავთ,უფრო მეტიც დაურბევიათ,მაგრამ ოძელაშვილის გარდა თითქმის ყველას სახელი მოკვდა,მინელდა.არსენა კი უწინდებურად ღვიოდა და ცოცხლობდა.
ნათქვამია,ჯერ არც ერთ მეფეს პოეტისთვის უკვდავება არ მიუნიჭებია,პოეტებს კი ბევრი გვირგვინოსანი და უგვირგვინოც უკვდავუყოფიათო.ეს მართალია,მაგრამ დაუჯერებელია,რომ მარტო “არსენას ლექსს” შესძლებოდა ამოდენა ხანს ეცოცხლებინა “მარაბდელი ბიჭი”.ცხადია,რომ არსენამ დიდი ზნეობრივი ძალის წყალობით მოიპოვა სახელი.მას სისხლით არ მოუპოვებია ვაჟკაცობა… სხვა მის მაგიერ ფარსადან ბოდბისხეველს კბილებით დაგლეჯდა,მარაბდელმა კი ზეკაცური სულგრძელობა გამოიჩინა და უპატიებელი დანაშაული აპატია.ვაჟკაცობის კულტი და ერთგვარი სულიერი კეთილშობილება – აი,რამ მომცა ოძელაშვილის ხასიათის გასაღები.
მეორე მხრივ,არსენას დროშაზე პრიმიტიული და უძლიერესი სოციალური სიმართლე ეწერა – “მდიდარს ართმევს,ღარიბს აძლევს,ღმერთი როგორ წაახდენსა!” ამ ორ ბურჯზე წარმოიშვა და დამკვიდრდა ოძელაშვილის უკვდავება და ამანვე გამოჰკვეთა მისი ტიპიც”. (ავტორი გენია.ჯი)