ოტია იოსელიანის ნაწარმოებებიდან…
“მე ბევრი ნაცნობი,ბევრი ნათესავი და მოკეთე მყავს,ბევრი ნაცნობი და მეგობარი.ბევრ უცნობთან მიპურღვინია და პირველი თუ არა,მეორე ჭიქა მაინც სამშობლოს ეკუთვნის.უყვართ სამშობლო,სამშობლო,რაც ღმერთს თავისთვის სააგარაკოდ უნდოდა,სადაც ქრისტეს კალათი წაექცა და ყველა სიკეთე აქ დაუცვივდა.ასეთი სამშობლოსათვის ღვინოს კი არა,პირდაპირ სულს დალევს კაცი”. - (ავტოქარხნელი ქალიშვილები)
* * *
“ღატაკს მდიდარი არ უყვარს,თუნდაც მდიდარს ქონება ნაპარავ-ნაძარცვი არ ჰქონდეს.არ უნდა მშიერს – მაძღარი,ტიტველს – ჩაცმულ-დახურულ-ჩათბუნებული.
რატომაა,ადამიანი გაჩენის დღიდან რომ თანასწორობას ქადაგებს და არა და არ ეღირსა? თუ ყველა ღარიბია,იქ სიღარიბე არაა.თუ ყველა შიშველია,იქ უპერანგო არავინაა.თუ ყველა უსახლკაროა,იქ ხის ძირი სრა-სახლია.
თუ ყველა დედანატირებია,იქ დედები არ ტირიან.
ღარიბისთვის ღატაკი დიდი ნუგეშია.
უდედმამო,მამით ობოლს ობოლს არ არ ეძახის.
უსმელ-უჭმელს დარწყულებული მშიერიც არ ჰგონია.
უდაბნოში დაკარგულს ბღუჯა ბალახი და ერთი ველური ყვავილიც გაახარებს.
… და დღევანდელი ყოფა რატომაა ასე გაუსაძლისი და როგორ იყო,ამაზე უარესი რომ მახსოვს და ასე სასოწარკვეთილი და დაბეჩავებული არ ვყოფილვართ! რა იყო,რისი სული გვედგა,რამ გაგვაძლებინა,რამ გადაგვატანინა,რომ მოყვასი არ გვძულებია,ზნეობა არ დაგვიკარგავს და, რაც დღეს გვჭირს,ხელი არ ჩაგვიქნევია,სასო არ წარგვკვეთია.
რა იყო? ვინ იყო?
წარსულს რამდენად ვშორდებით,ხომ იმდენად ვუახლოვდებით და ხომ უკეთესადა ვიცით მისი არსი და ფასი?”. (ანგელოზი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“შენი ცხოვრება შენივე პატარა მატიანეა”. – (ანგელოზი)