დანიელ დეფოს რომანიდან – “რობინზონ კრუზო”

“რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება,განსაკუთრებით ახალგაზრდობაში,როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზებას,რასაც,პირიქით,უნდა გაჰყვეს ხოლმე.ცოდვისა არა რცხვენიათ,მონანიებისას კი დაირცხვენენ,არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის,რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ,ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა,რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენ მიჩნეულნი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ქვეყნად ყველაზე გაუბედურებული კაცის მწარე გამოცდილება მაგალითად გამოადგება ყველას: – რა დღეშიაც არ უნდა ჩავარდეთ,ნუგეშის მონახვა მაინც მუდამ შეიძლება”.

* * *

“რა გასაკვირია შეცდომა ისეთი კაცისაგან,რომელსაც თავის დღეში გონივრული არაფერი გაუკეთებია”.

* * *

” – მხოლოდ თავზეხელაღებული კაცი დაეხეტება ბედის საძიებლად, – მითხრა მან, – ან ისეთი,ვინც ჩვეულებრივ ცხოვრებას არა სჯერდება და პატივმოყვარეობით მაღლამაღლა მიიწევს,რათა უფრო განდიდდეს და ისეთ საქმეს მოჰკიდოს ხელი,რაც სახელს მოუხვეჭს.ეს კი ან მეტისმეტად მიუწვდომელია შენთვის,ან მეტისმეტად დამამცირებელი.შენ უნდა გაჰყვე ცხოვრების საშუალო დინებას,რომელიც უბრალო ცხოვრებასთან შედარებით მაღალ მდგომარეობასა ნიშნავს.დიდი ხნის გამოცდილებამ დამარწმუნა,რომ ქვეყნად ეს არის ყველაზე სანუკვარი რამ,ადამიანური ბედნიერების მომნიჭებელი,რომელიც თავიდან აგვაშორებს როგორც სიდუხჭირესა და სივაგლახეს,მომქანცველ შრომასა და ტანჯვას,რაიცა მდაბიოთა ხვედრია,ასევე მაღალი წოდების წილხვდომილს ქედმაღლობას,ფუფუნებას,შურსა და პატივმყვარეობას.ხოლო რარიგ სანეტაროა ეს მდგომარეობა თუნდაც იმით განსაჯე,რომ სხვა პირობებში ჩავარდნილი ყოველი ადამიანი შურით შეჰყურებს მას.მეფეებიც კი ხშირად ბედს ემდურიან – ასეთი უბედურება რად გვერგო,რომ მაღალი წოდებისა გავჩნდითო.ისინი არჩევენ საშუალ ცხოვრებას – არც მთლად მდაბიურს და არც უმაღლესს.ბრძენმაც ასევე,ნეტარების წყაროდ საშუალო მდგომარეობა არჩია და ილოცა: – ნურც სიღარიბეს მარგუნებ და ნურც სიმდიდრესო.

აბა თვითონვე დააკვირდი და ნახავ,რომ ცხოვრების მთელს სივაგლახეს ეს ორი ფენა ინაწილებს: მდაბიო და მეტისმეტად ამაღლებული.საშუალო მდგომარეობის კაცს იშვიათად თუ ეწვევა ჭირი, და არც ბედის დაუდგრომლობა აწუხებს,რასაც ხშირად გამოცდიან მდაბიონი და ამაღლებულნი.არც ფიზიკურსა და გონებრივ მოშლილობას განიცდის იგი ისე ხშირად,როგორც ფუფუნებისა,დაუდგრომლობისა და ფლანგვის შედეგად მაღალი ფენის ხალხი,ხოლო მძიმე შრომისა,გაჭირვებისა და უხეირო,ან არასაკმაო კვების გამო – მდაბიონი.საშუალო მდგომარეობა ყოველგვარი სიქველისა და სიხარულის წყაროა; მშვიდობა და სიუხვე მისი მოახლეები არიან; ზომიერება,თავშეკავება,სულიერი სიმშვიდე,ჯანმრთელობა,სიამე და გართობა მისი თანამგზავრები არიან.ასეთი კაცი წყნარად და აუღელვებლად გალევს ცხოვრების გზას,არ დაიტანჯება არც ფიზიკური და არც გონებრივი მუშაობით; ლუკმაპურისათვის მონად არავის გაუხდება; თავს არ შეიწუხებს დახლართული საქმეებით,რაც სულს მშვიდობას ართმევს და სხეულს – მოსვენებას; არც შური გააცივებს,არც პატივმოყვარეობის იდუმალი ვნება დასწვავს.ასე შვებითა და სიხარულით მოსჭამს თავის წუთისოფელს; ყოველგვარ სიტკბოებას იგემებს,სიმწარეს კი – არავითარს,მუდამ ბედნიერი იქნება და, რაც დღე გავა,მით უფრო ღრმად და აშკარად იგრძნობს ამ ბედნიერებას”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>