ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერის ბრწყინვალე რომანიდან – “პოლი და ვირჟინი”
“ადამიანი მხოლოდ მაშინ აღწევს თავის ბედნიერებას,თუ სხვების ბედნიერებისათვის ზრუნავს”.
* * *
“თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ იშვიათ ბედნიერებას,რაც შესაფერი მეგობარი ქალის პოვნაში გამოიხატება,ყველაზე ნაკლებად უბედური ცხოვრება,რასაკვირველია,მარტოხელა კაცის ცხოვრებაა.ადამიანებზე გულაცრუებული ყოველი კაცი მარტოობას დაეძებს.მეტად საყურადღებოა,რომ ყველა ხალხში თავიანთი რწმენის,ზნე-ჩვეულების,ან მმართველობის წესის გამო გაუბედურებულმა ადამიანებმა წარმოშვეს განდეგილთა და დაუოჯახებელ მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ფენა.ეს ითქმის დაცემის ეპოქის ეგვიპტელებზე,რომის იმპერიის ბერძნებზე,ჩვენს ეპოქაში ინდოელებზე,ჩინელებზე,თანამედროვე ბერძნებზე,იტალიელებზე,აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპის ხალხთა უმრავლეს ნაწილზე.განმარტოება ადამიანს ნაწილობრივ უბრუნებს ბუნებრივ ბედნიერებას,არიდებს საზოგადოებრივ უბედურებას.ამდენი ცრურწმენით დაქსაქსულ ჩვენს საზოგადოებათა შორის მოქცეული ადამიანი მუდმივ მღელვარებაშია.იმის სულში განუწყვეტლივ ირევა ათასნაირი შეხედულება,მშფოთვარე და ერთიმეორის საწინააღმდეგო,რითაც უფლებამოყვარე და საზიზღარი საზოგადოების წევრები ერთმანეთის დამორჩილებას ცდილობენ.მაგრამ მარტოობაში სული თავისუფლდება შემაშფოთებელი,უცნაური ილუზიებისაგან,იგი კვლავ თავისი თავის,ბუნებისა და მისი შემოქმედის შეცნობას უბრუნდება.მარტოობა აღადგენს,როგორც სულის,ისე სხეულის ჰარმონიას.ყველაზე უფრო ხანგრძლივად განდეგილები ცოცხლობენ,როგორც მაგალითად,ინდოეთის ბრამინები.ბოლოს,ჩემი აზრით,განმარტოება იმდენად აუცილებელი პირობაა ბედნიერებისა,რომ მაღალ საზოგადოებაში მოტრიალე ადამიანებისთვისაც კი,ამ საზოგადოებაში ყოფნით რომ პოულობენ სიამოვნებასა და სწავლობენ თავდაჭერას,წარმოუდგენელია ცხოვრება,თუ შინაგან მარტოობას არ შეიქმნიან.იქიდან მათი შეხედულებები ძალიან იშვიათად გამოდის სააშკარაოზე,სხვებისა კი – ვერასოდეს შეაღწევს.მაგრამ იმის თქმაც არ მინდა,რომ ადამიანმა მარტო უნდა იცხოვროს: მას კაცობრიობის მოდგმასთან აკავშირებს საერთო მოთხოვნილებები.მაშასადამე,იგი ვალდებულია იმუშაოს ადამიანებისათვის.ბუნების წინაშეც ვალშია ადამიანი.ღმერთმა ყველას მოგვცა სამყაროს სტიქიონებთან საუკეთესოდ შეგუებული ორგანოები: ფეხები – მიწაზე სასიარულოდ,ფილტვები – ჰაერის სასუნთქავად,თვალები – სინათლის სახილველად, და ამ ორგანოების დანიშნულების შეცვლა ჩვენთვის შეუძლებელია”.
* * *
“კეთილშობილ ადამიანთა აჩრდილნი არ საჭიროებენ ფუჭ ქება-დიდებას,რასაც სიცოცხლეში გაურბოდენ.მაგრამ თუ მათ აჩრდილებს ჩვენი მიწა კიდევ იზიდავს,მაშინ ისინი უეჭველად ირჩევენ ჩალით დახურულ ქოხებში შესვლას,სადაც შრომის სათნოება ცხოვრობს; თავისი ბედით უკმაყოფილო სიღარიბისთვის ნუგეშისცემას; ახალგაზრდა შეყვარებულთა გულში ჩაუქრობელი ცეცხლის დანთებას; ბუნების სიკეთის,შრომისადმი სიყვარულის გაღვივებას და სიმდიდრისადმი შიშის ჩანერგვას”.
* * *
” – სიკვდილი უდიდესი სიკეთეა.მისკენ უნდა ვისწრაფოთ.თუ სიცოცხლე სასჯელია,მის დასასრულს უნდა ვნატრობდეთ.თუ განსაცდელია, – უნდა ვთხოვოთ,რომ იგი ხანმოკლე იყოს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთი არსებობს,ჩემო შვილო,მთელი ბუნება ამას ღაღადებს,არ მჭირდება,თქვენ ეს გიმტკიცოთ.მხოლოდ ბოროტ ადამიანებს შეუძლიათ უარყონ ის ჭეშმარიტება,რომლისაც ეშინიათ”.
* * *
“სათნოება თავის ჯილდოს იღებს”.
* * *
“ადამიანის ცხოვრება მთელი თავისი გეგმებით პატარა კოშკს გავს,რომელსაც თავს გვირგვინი სიკვდილად ადგას”.
* * *
“სიკვდილი,ჩემო შვილო,ბედნიერებაა ყველა ადამიანისათვის; ის ღამეა და სიცოცხლედ წოდებულ,მოუსვენარ დღეს მოსდევს.სიკვდილის ძილში საუკუნოდ ყუჩდება სნეულება,ტანჯვა,მწუხარება,შიში,რაც ბედკრული ცოცხალი ადამიანის ხვედრია.დაუკვირდით,ერთი შეხედვით,ყველაზე ბედნიერ ადამიანებს და დარწმუნდებით,რა ძვირად დაჯდომიათ მათ ეს ვითომდა ბედნიერება; საზოგადოებრივი პატივისცემა – ოჯახურ უსიამოვნებად; სიმდიდრე – ჯანმრთელობის დაკარგვად; სხვისი სიყვარულის მოპოვება,რაც იშვიათ სიამოვნებას წარმოადგენს, – დაუსრულებელი მსხვერპლის გაღებად.ხშირად სხვისთვის თავგანწირული სიცოცხლის დასასრულს ისინი თავის გარშემო მხოლოდ თვალთმაქც მეგობრებსა და უმადურ ნათესავებს ხედავენ”. (ავტორი გენია.ჯი)