მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”
გენიალურ ესპანელ მწერალსა და იმ საოცარი ნაწარმოების (დონ კიხოტი) ავტორს,რომელსაც შეიძლება თამამად ვუწოდოთ – “ბუნების ჭეშმარიტი საოცრება” – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები),”კეთილისმსურველები” ხშირად ახსენებდნენ,რომ არც უნივერსიტეტის განათლება ჰქონდა მიღებული და ვერც სათანადო ცოდნით დაიკვეხნიდა.ნაჯარისკაცალ გენიოსს იმასაც აძახებდნენ,რომ ანტირელიგიური აზრებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მას არ გააჩნდა არც ჩინი და არც მაღალი წოდება,მან ხომ ბავშვობა უბრალო,გლეხ ხალხთან გაატარა.იმ ხელგამხმარმა კაცმა,რომელმაც არა მარტო უდიდესი სახელი მოუტანა თავის ქვეყანას,არამედ თავისი ჯანმრთელობაც შესწირა მას (ლეპანტოს ბრძოლაში მძიმედ დაჭრა და დაიზიანა მარცხენა ხელი),მისთვის ვერ გამოძებნა ერთი პატარა კუნჭულიც კი საცხოვრებლად და ულუკმაპუროდ სახეტიალოდ გაიმეტა იგი.მისდამი ასეთმა დამოკიდებულებამ გადააწყვეტინა კიდეც საავედრას სამშობლოდან უცხოეთში გადახვეწა…
მეფე ფილიპე იწვა,მარცვლავდა კრიალოსანს და ნაღვლიანად იმზირებოდა ფანჯარაში.ათვალიერებდა ესკურიალის საყდრის კამარებს.
იქვე იჯდა მეფის მდივანი დე სასი.
- დაიწყე კითხვა! – წარმოთქვა ფილიპემ და მიუთითა ქაღალდთა გროვაზე.
- აქ თხოვნაა თქვენი უდიდებულესობისადმი ყოფილი ჯარისკაცის სერვანტესისაგან, – წარმოთქვა დე სასმა და აიღო ზედა ქაღალდი.
- სერვანტესი? რომელი სერვანტესი? – ააცმაცუნა ტუჩები ფილიპემ. – არ მახსოვს ასეთი!
- მსახურობდა დონ ხუანთან… მარკიზ დე ლა კრუცთან,ფიგეროისთან… იბრძოდა ლეპანტოში,ორჯერ დაიჭრა.ხუთი წელი გაატარა ალჟირის ტყვეობაში.
- მერედა რას მოითხოვს? – ცივად იკითხა მეფემ.
- ახალ ქვეყანაში გამგზავრების ნებართვას,გვატემალაში ან პერუში.
- იქნებ ამ უთვისტომო ჯარისკაცს სურს,თქვენმა უდიდებულესობამ გუბერნატორად დანიშნოს რომელიმე ახლადაღმოჩენილ კუნძულზე! – გესლიანად შენიშნა მეფის ფავორიტმა დე ლერმამ.
უხამსი ღიმილი გადაეფინა სახეზე მეფეს უსიცოცხლო ბაგეზე.
- უარი ეთქვას, – წამოიძახა მან.- თუმცა არა! მომეცით ქაღალდი.
მეფემ საკუთარი ხელით წააწერა თხოვნაზე:
“გამოინახოს აქ,სამშობლოში,მისთვის ადგილი.მიეგოს მთხოვნელს ჩვენი წყალობა!”
…და მიაგეს კიდეც “ბუნების ჭეშმარიტ საოცრებას” – წყალობა: მას როგორც მშიერ ძაღლს გამოხრული ძვალი,ისე გადაუგდეს სამსახური.იგი დანიშნეს ხარკის ამკრეფად სამხრეთ პროვინციებში. და ბედის ირონიით,ხარკის ამკრეფად დანიშნეს ის კაცი,რომლისთვისაც აღნიშნული სამსახური ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.ეს კი მიგელ დე სერვანტეს საავედრას კეთილშობილურ სულს ნამდვილად არ შეეფერებოდა.აკი სწორედ იმ დღიდან დაკარგა მან სულიერი სიმშვიდე.ფაქტობრივად,საავედრას სამშობლომ ისეთივე საუცხოო თავშესაფარი მოუძებნა ახალი სამსახურის სახით,როგორიც ჰასან-ფაშამ ალჟირში ტყვეობისას – ასპიტთა ჯურღმული. (ავტორი გენია.ჯი)