ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ერთხელ, თურმე ორი დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს, ერთი დაღვრემილი, მეორე – მხიარული.
- როგორ ხარო, – ჰკითხა მხიარულმა.
- ისეთი უცნაური და უბედური ამბავი შემემთხვა, ვისაც არ მოვუყევი, არავის არ სჯერა და რაღა შენ დამიჯერებო, – უთხრა დაღვრემილმა და ამოიოხრა.
- ასეთი რა შეგემთხვა, შე კაცოო, – შეწუხდა მხიარული.
- ცოლმა გამომაგდო სახლიდანო. – შესჩივლა დაღვრემილმა.
- რათაო, კაცო? – გაუკვირდა მხიარულს.
- რათა და ამისთვისაო. – თქვა დაღვრემილმა და ამბავი დაიწყო:
ამ ერთი თვის წინათ გზაში მივდიოდი, საშინლად წვიმდა და ციოდა, უცებ მიკნავლებული ხმა გავიგონე ჩემ წინ. დავიხარე, ვხედავ ბაყაყი, ჩვეულებრივი ბაყაყი.
- ამიყვანე, კეთილო კაცო, ხომ ხედავ, სიცივით ვკვდებიო, – მითხრა. ავიყვანე, უბეში ჩავისვი და სახლში მივიყვანე. ფანჯრის რაფაზე დავსვი. საჭმლის ჭამა დავიწყე.
- ცოტა მეც მაჭამე, კეთილო კაცოო, – მთხოვა ბაყაყმა. რას ვიზამდი, მაგიდაზე დავსვი და ვაჭამე, არ მახსოვს, მგონი, ცოტა დალია კიდეც.
ლოგინში რომ ჩავწექი, ისევ მომესმა ხმა.
- მარტოს მეშინია, კეთილო კაცო, ჩამიწვინე ლოგინშიო… – შენ ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდი? ავიყვანე და ჩავიწვინე ლოგინში. ბაყაყი მომეკრა, მომეკრა და, ერთიც ვნახოთ, მშვენიერ ქალად არ გადაიქცა?
ამ დროს ოთახში ჩემი ცოლი შემოვიდა. ეს რომ დაინახა, ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და გული წაუვიდა. გონს რომ მოვიდა, ყველაფერი დალაგებით ვუამბე, როგორც იყო. არ დამიჯერა, მაინც გამომაგდო სახლიდან.
- ამას ვინ დაგიჯერებს, შე უბედუროო. – უთხრა მხიარულმა.
- აკი გითხარი – შენც არ დამიჯერებ-მეთქი! – თქვა დაღვრემილმა, თავი ჩაქინდრა და უფრო დაღვრემილი გაუდგა გზას”. – ნოდარ დუმბაძე (მზიანი ღამე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თქვენ, მქადაგებელნო, რომელთაც გსურთ სათნოების გზაზე დამაყენოთ, მეუბნებით, რომ სათნოება აუცილებლად საჭიროა, მაგრამ ნუ მიმალავთ, რომ ის სასტიკი და ძნელია. უმჯობესია დამიმტკიცოთ, რომ სიყვარულის სიტკბოება სწრაფ წარმავალია, რომ ის აღკვეთილია, რომ მას დაუსრულებელი ტანჯვა მოსდევს, რომ რაც უფრო ტკბილია და მომხიბვლელი, მით უფრო მეტად დამაჯილდოებს ზეცა მის უარმყოფელს ესოდენ დიდი მსხვერპლისათვის, და შეიძლება ამან უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინოს ჩემზე”. – აბატი პრევო (მანონ ლესკო)
* * *
„ – იყო დრო, როცა გონებას ვეყრდნობოდი. შემდეგ დავრწმუნდი, რომ გონება ცხოვრების სიმძიმეს ვერ აიტანს. შველას გრძნობაში ვეძიებდი, მაგრამ აღმოვაჩინე,რომ იგი უძირო უფსკრულია. შევეცადე, ჩემს გონებას და გრძნობას დავყრდნობოდი, მაგრამ ადამიანი მხოლოდ თავის თავს ვერ დაეყრდნობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთი დიდსულოვანია მის მიმართ, ვისაც არ სწამს, მაშ რაღად აწვალებს, ვინც მას თაყვანს სცემს?”
* * *
„ახლა მივხვდი, თუ რას ნიშნავს სანსკრიტული თქმა: „ჯობს საკუთარი რწმენით მოკვდე, ვიდრე სხვისი რწმენა აღიარო”. ყველაფრის მიღება შეიძლება სხვისგან, გარდა რწმენისა. სხვისგან მიღებული რწმენა ბოლოს მოგიღებს და ხსნას კი არ მოგანიჭებს. ჩემი ღვთაება სხვისგან მიღებული მოწყალება არ უნდა იყოს. თუ მიწერია მისი შეძენა, თვით მოვიპოვებ, თუ არა და – ჯობს მოვკვდე”.
* * *
„ადამიანების ურთიერთობა არითემატიკულად არ იზომება”.
* * *
„ცხოვრება არ იყო ჩემთვის ხელჯოხიანი მასწავლებელი და მეც თავისუფალი ვიყავი მისი სკოლის პედანტური შინაგანწესისაგან”. – რაბინდრანათ თაგორი (დღენი ჩემი სიჭაბუკისა)
* * *
„არაფერი გახარებს ისე, როგორც იმის მიხვედრა, რომ ახალგაზრდობა დამთავრდა თავისი ტრიუმფით, ბრწყინვალებით, რომ მჩქეფარე ცხოვრების მდინარებაში დაკარგე საკუთარი თავი და უბრალოდ, ცხოვრებას განაგრძობ. ბედნიერებისაგან ირინდები და მონუსხული უცქერ, როგორ ამოდის მზე, როგორ ღამდება”. – ვირჯინია ვულფი (მისის დოლოვეი)
* * *
„პირველი სიკეთე სიცოცხლეა, მეორე – ახალგაზრდობა!”
* * *
„კაცი რომ დაბრმავდება, ბევრ რასმე მერმე უფრო ხედავს!” – ლევან გოთუა (მითრიდატე)
* * *
„მომავალი თაობა ჩვენი ერის იმედი უნდა იყოს. ვინ უნდა ჩაიბაროს ეს სიმწრით და სისხლით აშენებული ქვეყანა. ამათმა? ვიწრო შარვლებსა და ცხვირწაგრძელებულ ფეხსაცმელებში გამოჭიმულმა თაობამ? წარბებგამოქნილმა, პომადით მოთხუპნულმა და მოკლეკაბიანმა ქართველმა დედებმა?
- კაცო, ალექსანდრე მაკედონელი სულ შიშვლად დადიოდა, მაგრამ მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამ დასაწვავ წარბებს კი თამარ მეფეც იქნიდა და ფერ-უმარილსაც იცხებდა თურმე. – თქვა ბატონმა შალვამ.
აუდიტორიაში ხარხარი ატყდა”. – ნოდარ დუმბაძე (მზიანი ღამე)
* * *
„ცოდნა ძალაა! გოლიათის მხრებზე შემდგარი, გოლიათზე მეტს ხედავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე მეჯავრება რომაელი, რომელსაც „სტატუს კვო” ჰქვია სახელადო, – ამბობდა ხოლმე პაპაჩემი, – თვალებში ცნობისწადილის ცეცხლი უნდა გენთოსო. ისე უნდა დაეხარბო ყველაფერს, თითქოს ათი წამის სიცოცხლე დაგრჩენია. შეეცადე, დაინახო ცხოვრება. იგი ყოველივე ხელოვნურზე უფრო მშვენიერია. არასოდეს მოითხოვო გარანტია და უშიშროება – ასეთი ცხოველი არ არსებობს, ან თუ არსებობს, ალბათ იმ ზარმაცი მაიმუნის ნათესავია, რომელიც თავდაყირა ჰკიდია ხეზე და მთელ ცხოვრებას ძილში ატარებს. ჯანდაბას იმისი თავი! მაგრად შეარხიე ხე და ის ზარმაცი მაიმუნი უკანალით დაახეთქე მიწაზეო”. – რეი ბრედბერი (451 გრადუსი ფარენჰაიტით)