ამონარიდები ჰერმან კარლ ჰესეს მოთხრობიდან – „დამსვენებელი”
„მინდა ადამიანში მცირეოდენი ჰუმანიზმის გამოვლინება დავინახო, თუმცა კი ვიცი, რომ ეს ჰუმანიზმი რა ხანია გარდასულ დროებას ჩაბარდა და ხილული სახით მას ალბათ ცვილის ფიგურათა მუზეუმში თუ ნახავს კაცი”.
* * *
„უნდა შემესისხლხორცებინა მშვენიერი შეგონება: „გიყვარდეს მტერი შენი!”
უკვე კარგა ხანია შევეგუე აზრს, რომ სახარების საოცრად კეთილგონივრული მცნებები მარტოოდენ უბრალო ჭკუის სწავლება ან ბრძანება როდი იყო, – „ასე უნდა ქმნაო”. არა, ეს გახლდათ მეგობრული რჩევა-დარიგება ჭეშმარიტი ბრძენისა, თვალს რომ გიკრავს და გეუბნება: „აბა, ერთი სცადე და შეისისხლხორცე ეს შეგონება, ნახავ, როგორ მოგეშვას გულზე”. კარგად მესმოდა, ამ მცნებაში მხოლოდ უზენაესის ზნეობრივი მოთხოვნა რომ არ იყო ჩაქსოვილი! ეს უზენაესი და უბრძნესი აზრი სულიერი კეთილდღეობის საწინდარი გახლდათ. მშვენივრად ვგრძნობდი, რომ სიყვარულის მთელი სახარებისეული მოძღვრება, მისი სხვა მნიშვნელობის მიღმა დიდებულად გააზრებული სულიერი თერაპიის დანიშნულებასაც ასრულებდა.
დიახ, საჭირო იყო შემეყვარებინა მტერი ჩემი!”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაღაა იმ მწერლობის ფასი, რომლის მიზანსაც ჭეშმარიტების წვდომა არ შეადგენს?
* * *
„არაფერია ამქვეყნად იმაზე სულისშემძვრელი, ვიდრე ის, რომ სარწმუნოება, მოძღვრება თუ ფსიქოლოგიური თეორია ათასწლეულების მანძილზე ხვეწდა და აშალაშინებდა სიკეთისა და ბოროტების, სამართლიანობისა და უსამართლობის ცნებებს,სულ უფრო და უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებდა სიწმინდესა და მორჩილებას, რათა ბოლოს და ბოლოს იმ მაგიური ჭეშმარიტების მწვერვალამდე მისულიყო, რომ ღმერთი ერთ მომნანიებელ ცოდვილს უფრო მოწყალე თვალით უყურებს, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტ მართალს!”
* * *
„ფსიქიატრები სულით სნეულად თვლიან ადამიანს, თუ იგი ავადმყოფურად, მწარედ განიცდის უმნიშვნელო წვრილმანებს და შეურაცხყოფილად გრძნობს თავს; თუმცა იგივე ადამიანი, შესაძლოა არ შეეპუოს ტანჯვას და ისეთ სულიერ ძვრებს გაუძლოს, კაცთა მოდგმის უმრავლესობას აუტანლად რომ მოჩვენებოდა. ჯანმრთელ და ნორმალურ ადამიანად ის ითვლება, ვინც ხმას არ გაიღებს, წარამარა ფეხზე რომ დააბიჯოთ, მორჩილად აიტანს ამაზრზენ მუსიკას, უსახურ არქიტექტურას ან წაბილწულ ჰაერს. სამაგიეროდ, ასეთი კაცი მუშტებს ურტყამს მაგიდაზე და ქვეყნიერებას შეაჩვენებს, თუ ბანქოს თამაშში გროშები წააგო”.
* * *
„ცხოვრება მათემატიკური ამოცანა ან გეომეტრიული სხეული როდია; ცხოვრება – სასწაულია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ახალი აღთქმის მცნებებში მარტოოდენ რჩევა-დარიგებას კი არა, ადამიანის სულის იდუმალი კუთხე-კუნჭულის უძირო ცოდნასაც დავინახავთ, მივხვდებით, რომ უდიდესი სიბრძნე, რაც კი ადამიანს ოდესმე გამოუთქვამს ცხოვრებისა და ბედნიერების უმაღლესი გამოვლინების თაობაზე, მოქცეულია სიტყვებში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო!”
* * *
„აღორებული, სქელი ფაშვი, თურმე ადვილად იბრიყვებს კრძალვით მეამბოხე სულს!”
* * *
„პირდაპირ გაკვირვებასა ვარ, რა იოლად ეფლობა ადამიანი ცუდზნეობისა და უგუნურების წუმპეში, რა ადვილად კარგავს ადამიანიურ სახეს და გაქსუებულ ნაგაზად, ნაპატივებ ნეზვად და ღორმუცელად იქცევა!” – (ავტორი გენია.ჯი)