ამონარიდები ჰერმან კარლ ჰესეს რომანიდან – „ტრამალის მგელი”
„სიცილი უნდა ისწავლოთ, სწორედ ეს მოგეთხოვებათ! უნდა მიხვდეთ, რას ნიშნავს ცხოვრების სახრჩობელაზე ასული კაცის იუმორი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მოგეხსენებათ, რომ არსებობს მცდარი და ავბედით მოსაზრება, თითქოს ადამიანი მარადიულ მთლიანობას წარმოადგენდეს. ისიც იცით, რომ ადამიანი სულთა სიმრავლის ჯამს წარმოადგენს და უთვალავ „მეს” მოიცავს. პიროვნების ამ მოჩვენებითი მთლიანობის ფიგურებად დანაწევრება შეშლილობად ითვლება. მეცნიერებამ მას სახელიც გამოუნახა და შიზოფრენია შეარქვა. მეცნიერება იმ მხრივაა მართალი, რომ სიმრავლეთა ერთად თავმოყრა არაფრით ხერხდება მათი წესრიგში მოყვანის, მართვისა და დაწყობა-დალაგების გარეშე. მაგრამ მეცნიერება ცდება, როდესაც ჰგონია, თითქოს არსებობს „მეს” ქვესახეთა სიმრავლის ერთჯერადი, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი უცვლელი წესრიგი; მეცნიერების ამ შეცდომას უამრავი არასასიამოვნო შედეგი მოჰყვა. მისი ერთადერთი ღირსება ისაა, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფ მასწავლებლებსა და აღმზრდელებს შრომას უმარტივებს და თავიდან აშორებს ცდების ჩატარებისა თუ ტვინის განძრევის აუცილებლობას. ამ შეცდომის შედეგი ის გახლავთ, რომ სოციალურად სრულყოფილ, „ნორმალურ” ადამიანებად ხშირად განუკურნავი შეშლილები ითვლებიან, ხოლო ნორმალურ ადამიანებს კი გიჟებად შერაცხავენ. ამიტომ ეს არასრულფასოვანი მეცნიერული ფსიქოლოგია გვინდა განვავრცვოთ ცნებით, რომელსაც აგების ხელოვნებას ვუწოდებთ. ადამიანს, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს საკუთარი „მეს” დაშლა, გვინდა დავანახოთ, რომ ყოველთვის შეუძლია ნებისმიერი თანამიმდევრობით დააწყოს და დაალაგოს ეს ნაწილები და ამგვარად ცხოვრებისეულ თამაშში უსასრულო მრავალფეროვნებას მიაღწიოს. როგორც მწერალი ქმნის ხოლმე დრამას ფიგურათა გროვიდან, ასევე ჩვენც ჩვენივე გახლეჩილი „მეს” ფიგურებიდან ვქმნით ახალ-ახალ ჯგუფებს, ახალ-ახალ თამაშობებს, მუდამ გაურკვეველსა და დაძაბულ ვითარებებს”.
* * *
„რომანტიკული ცოდვების მონანიება გახვრეტილ გროშადაც არა ღირს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმჯობესია, ჯერ მოსმენა ისწავლოთ! ისწავლეთ დინჯადაც შეხედოთ ყველაფერს, რაც სერიოზულ მოპყრობას იმსახურებს. დანარჩენზე კი შეგიძლიათ იცინოთ!”
* * *
„დაუდეგარო ადამიანო! სიკვდილით დასჯასა და თავის მოკვეთას ელტვით! ამ სულელური იდეალისათვის მზადა ხართ კიდევ ათობით მკვლელობა ჩაიდინოთ! დალახვროს ეშმაკმა! სიკვდილი კი გინდათ, მაგრამ სწორედაც რომ უნდა იცოცხლოთ! ისე კი, ახია თქვენზე, უმკაცრესი სასჯელის ღირსი ხართ!” – (ავტორი გენია.ჯი)