ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – “ჩიტი აღმოსავლეთიდან”…
” – …მეჩვენება,რომ ეს ამერიკელები რკინაბეტონისგან შექმნილი ხალხია: არც სული აქვთ,არც გემოვნება,არც წარსული! რომელიმე მათგანს მკერდი რომ გადაუხსნა,გულის ადგილას დოლარი დაგხვდება! ისინი ამ ძველ სამყაროში იმ ანგარიშით მოდიან,რომ ოქროთი თავიანთთვის გემოვნების ყიდვას შეძლებენ,თავისი ქვეყნისთვის კი წარსულის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – …ყველა წარმოდგენა და ხატი იმქვეყნიური ცხოვრებისა ისე გაფუჭდა,როგორც ფოტოფირები ფუჭდება და გამოუსადეგარი ხდება,შუქმა თუ შეაღწია ჩაბნელებულ ოთახში… არ ვიცი ამის მიზეზი… ასე მგონია,თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია ხალხს მხოლოდ ერთ სამყაროში ცხოვრების უფლებას აძლევს… ძველი ცივილიზაციების დიდებულების საიდუმლოება კი ისაა,რომ ისინი ხალხს ორ სამყაროში აცხოვრებდნენ… იმ ცივილიზაციებს ჰქონდათ ცოდნაც და გამოყენებით მეცნიერებებსაც ფლობდნენ; ცივილიზაციას,რომელმაც პირამიდები ააგო,შეუძლებელია,არ სცოდნოდა თეორიული და გამოყენებითი მეცნიერებანი და ამის მიუხედავად,ამ ცოდნას მათ თავებში იმქვეყნიური ცხოვრების ამსახველი ფოტოფირები არ გაუფუჭებია!.. მე იმ ცივილიზაციებს “სრულყოფილ ცივილიზაციებს” ვუწოდებდი!.. მაგრამ ისტორიის რაღაც მონაკვეთში აზია და აფრიკა ერთმანეთს ქორწინებით დაუკავშირდა და შვეს ახალშობილი – ევროპად წოდებული ეს ქერა ქალიშვილი,ლამაზი,გრაციოზული,ნიჭიერი,მაგრამ სიცოცხლის მოტრფიალე და ეგოისტი,მხოლოდ საკუთარი თავი რომ აინტერესებს და სხვათა დამონება!..” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მე მეშინია,რომ ევროპა წკიპზეა მისული,კაცობრიობას უფსკრულისაკენ რომ უბიძგოს… ხანდახან გონს მოეგება ხოლმე,ხედავს,რაც მოელის და სინდისის ქენჯნა ეძალება; ხანდახან სული იღვიძებს მასში და დაეჭვდება ხოლმე საკუთარ თავში,ეჩვენება,რომ მისი აღმაფრთოვანებელი კულტურა სხვა არაფერია,თუ არა გარეგნული მორთულობა და, მთელი მისი თანამედროვე მეცნიერება კი,რითაც მან სწორი გზიდან გადაიყვანა კაცობრიობა მისი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე,მეცნიერული ღირებულების თვალსაზრისით სხვა არაფერია,თუ არა თუნუქის,მინისა და მეტალის სათამაშოები,რამაც ხალხს ყოფით ცხოვრებაში კომფორტი მისცა,მაგრამ უკან დახია კაცობრიობა და ბუნებრიობა წაართვა,მისი პოეტურობა და სულის სიწმინდე!.. რკინიგზებმა,თვითმფრინავებმა სისწრაფე მოგვცეს და დროის ეკონომია,მაგრამ სარგებელი რაშია ამაში?.. რაში გვჭირდება სისწრაფე?.. რაში გვჭირდება დროის ეკონომია?.. თითქოს დემონები მოგვსხდომიან ზურგზე და მათრახს გვიტკაცუნებენო!.. ჩვენ ხომ მხოლოდ წყლის წვეთები ვართ ცხოვრების მდინარეში!.. მაშ,რა ხეირია ჩვენთვის დინების სისწრაფეში,ზღვაში მის გამალებით ჩადგაფუნებაში?!. ჩვენი უდიდესი ბედნიერება ხომ ამობიბინებული ბალახის გარშემო ზოზინია,კუნძულთა ნაპირებზე ჩამოწოლილი სიჩუმე,ნიავი რომ გვეთამაშება?!. ვინ არის მოგებული ამ წყეული სისწრაფით ერთ მუჭა გაუმაძღართა გარდა,ხელში სიმდიდრე რომ მოუხვეჭიათ და მათ კაპიტალისტებს ეძახიან!.. მე,შენ და ადამის მოდგმის სხვა უბრალო ხალხი კი წაგებაში ვართ,ჩვენ დავკარგეთ ის ხანგრძლივი მოგზაურობები ცხენებსა თუ აქლემებზე,როცა ჩამოვქვეითდებოდით ყოველ გასაჩერებელ ადგილას,ვტკბებოდით ბუნების მრავალფეროვნებით სხვადასხვა სეზონში… დიახ,მოვიხვეჭეთ სისწრაფე,მაგრამ დავკარგეთ სულიერი სიმდიდრე,რომელიც ბუნებასთან მის უშუალო კავშირში იზრდება… დღეს გვახარებს სიტყვა “სისწრაფე” და გვავიწყდება,რომ ის მხოლოდ თვლემაა მატარებლის ვაგონში,ჩაბნელებულ გვირაბში რომ მიგვაქროლებს და მცირე დროში მივყავართ სასურველ ადგილას,მაგრამ მერე აღარ ვიცით,რა ვუყოთ დარჩენილ დროს და სისულელეებში ვფლანგავთ მას… ბუნება შურს იძიებს და დროს,რომელსაც მას ვპარავთ,სარფიანად ვერ ვიყენებთ,მხოლოდ ადამიანური ზნეობით ვაჭრობაში ვფლანგავთ…” (ავტორი გენია.ჯი)