ოთარ ჭილაძის რომანიდან – “მარტის მამალი”
“ათასნაირი ხმითაა ქვეყანა სავსე, იმას კი დედის ხმა ეყურება მხოლოდ, თითქოს, აქვეა, გვერდით, ვიღაცას ესაუბრება წყნარად, ბებიას ან დეიდას, ხმა ესმის, სიტყვები კი ვერ გაურჩევია. უნებურად წამოიწევს ხოლმე და ოთახში გამეფებულ წყვდიადს უსმენს. თუმცა, მშვენივრად იცის, ესეც ეჩვენება. დედის ხმა მასშია, მის შიგნით, როგორაც თვითონ იყო დედაში, გაჩენამდე, გაჩენამდე შეისისხლხორცა ეს ხმა და სიკვდილამდე მასთან იქნება. აკი არის კიდეც, ამიტომაც აღარ ეშინია არაფრის, არც სიცოცხლის, არც სიკვდილის. გინდაც დედის ხმას ფლობდე და გინდაც უკვდავების საიდუმლოს. სიკვდილი, არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ, დაკარგავ, ანდა როცა დედის ხმა თავისი ნებითა და სურვილით წავა შენგან, მიგატოვებს, მიგაგდებს, როგორც უღირსსა და უვარგისს. დედის ხმა იგივე ჯავშანია, ცეცხლში შეხვალ და გამოხვალ, წამწამი არ შეგეტრუსება, წყალზე გაგატარებს, ბეწვის ხიდზე გადაგიყვანს. ამ ხმის წყალობაა, როცა უნდა, მაშინ რომ ანგრევს არარაობის ყრუ კედელს და როცა უნდა, მაშინ რომ გამოჰყავს არარაობის წყვდიადიდან პირველი ნამით აბრჭყვიალებული, პირველი ხმებით აჟივჟივებული, პირველი ფერებით მოხატული ქვეყანა”. – (ავტორი გენია.ჯი)