ამონარიდები ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობებიდან…
„რაც უნდა მოიმოქმედოს ერთმა, თითქოს ყველა სჩადის იმ რაღაცას. ამიტომაც მოხდა, რომ ედემის ბაღში ჩადენილი დაუმორჩილებლობის ერთადერთ აქტს მთელი კაცობრიობის მოწამვლა მოჰყვა. ამიტომაც მოხდა, რომ ერთადერთი ებრაელის ჯვარცმამ მთელი კაცობრიობა იხსნა. შოპენჰაუერი, შესაძლოა მართალი იყო: მე სხვა კაცები ვარ, ნებისმიერი კაცი ვარ ყველა კაცში”. – (ხმლის ფორმა)
* * *
„ახლა, როდესაც ჩემი თვალები ჩემსავე ნაწერს ვერ არჩევენ, მე ვემზადები სიკვდილისთვის რამდენიმე ლიეს მოშორებით იმ ექვსკუთხედიდან, სადაც დავიბადე. როცა გარდავიცვლები, თანამგრძნობელი ხელები მოაჯირს მიღმა მომისვრიან და ჩემი საფლავი იქნება უძირო სივრცე, რომელშიც ჩემი სხეული საუკუნეების განმავლობაში განაგრძობს ფრენას, გაიხრწნება და დაიშლება თვით ჩემივე უსასრულო ვარდნისგან გამოწვეულ ქარში”. – (ბაბილონის ბიბლიოთეკა)
* * *
„შეიძლება ჩემი ხანდაზმულობა და შიში მაბნევს, მაგრამ მგონია, რომ ადამიანთა მოდგმა – ერთადერთი მოდგმა – გადაშენების კიდეზე ქანაობს”. – (ბაბილონის ბიბლიოთეკა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთადერთი უკვდავი ადამიანი ყველა ადამიანია”. – (უკვდავება)
* * *
„წინდაწინ ვხედავ: კაცობრიობა დღიდან დღემდე უფრო და უფრო მეტად ეძლევა უფრო და უფრო საშინელ საქმიანობებს და მალე აღარავინ დარჩება, მეომრებისა და ყაჩაღების გარდა”. – (განშტოებულ ბილიკთა ბაღი)
* * *
„გათენების წინ ესიზმრა, რომ კლემენტინის ბიბლიოთეკაში იმალებოდა.„რას ეძებ? – ჰკითხა შავსათვალიანმა ბიბლიოთეკარმა. – ღმერთს, – უპასუხა ჰლადიკმა. – ღმერთი კლემენტინის ბიბლიოთეკის ოთხასი ათასი წიგნის ერთ-ერთი გვერდის ერთ-ერთ ასოშია. ჩემმა მშობლებმა და ჩემი მშობლების მშობლებმა ეძებეს ის ასო. მე თვითონ მის ძებნაში დავბრმავდი”. ბიბლიოთეკარმა სათვალე მოიხსნა და ჰლადიკმა დაინახა მისი მკვდარი თვალები”. – (ფარული სასწაული)
* * *
„არაფერია ღირშესანიშნავი უკვდავად ყოფნაში. კაცობრიობის გამოკლებით, ყველა არსება უკვდავია, რადგან მათ სიკვდილისა არაფერი იციან. ღვთაებრივი, საშინელი და გაუგებარი სწორედაც იმის ცოდნაა, რომ უკვდავი ხარ. შემჩნეული მაქვს, რომ რელიგიის მიუხედავად, საკუთარი უკვდავების რწმენა უჩვეულოდ იშვიათია. ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები – ყველა აცხადებს რწმენას უკვდავებაში, მაგრამ მოწიწება, რომელსაც მიაგებენ სიცოცხლის პირველ საუკუნეს, ამტკიცებს, რომ მათ ჭეშმარიტად მხოლოდ ამ ასი წლისა სწამთ, რაკი ყოველივე დანარჩენს სამარადისოდ გადააბარეს დასჯა ან დაჯილდოება, იმისდა მიხედვით, რაც ადამიანმა მოიმოქმედა, სანამ ცოცხალი იყო”. – (უკვდავი)
* * *
„დრო არ აღადგენს იმას, რასაც ჩვენ ვკარგავთ: მარადისობა მას დიდებისთვისაც ინახავს და ცეცხლისთვისაც”. – (თეოლოგები)
* * *
„კიდევ ერთხელ წავიკითხე, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს შეიძლება გადახდეს დაბადების წამიდან სიკვდილის წამამდე წინდაწინ განსაზღვრულია მის მიერ. ამდენად, მთელი დაუდევრობა არაშემთხვევითია, თითოეული უნებლიე შეხვედრა – წინდაწინ დანიშნული, ყოველი დამცირება – მონანიების აქტი, ყოველი ჩავარდნა – იდუმალი გამარჯვება, ყოველი სიკვდილი – თვითმკვლელობა. არ არ სებობს იმ მოსაზრებაზე უფრო მზაკვრული ნუგეშისცემა, თითქოსდა ჩვენ თვითონ ამოვირჩიეთ ჩვენი უბედურებები”. – (გერმანული რეკვიემი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეშლილთა მოქმდებები სცილდება იმას, რისი წარმოდგენაც ჭკუათამყოფელს ძალუძს”. – (ავეროეს ძიება)