ამონარიდები ტიციან ტაბიძის პროზაული ქმნილებებიდან…

„იმდენათ დამოუკიდებელია და ველური სიყვარულის გრძნობა, რომ არ არის საზომი, რომელზეც ის გაიზომოს და არც სასწორი, რომლითაც აიწონოს. არცერთ კანონმდებელს არ გამოუგონია ჯერ კანონი, რომელსაც ისე მორჩილებდეს.

ბნელ ღამეში დაიბადა სიყვარული და ბნელ ღამესავით წყვდიადია. და გაუჭვრეტი საიდუმლოს სახე მისი”. – (რა ვქნა,რა ვქნა)

* * *

„და ცოლ-ქმარი შევიდნენ საწოლ ოთახში, წაკიდებულთა შემრიგებელ საკურთხეველში”… – (ცოდვის ღამე)

* * *

“შენზე მლოცველი შენ არ დაგწყევლის”… – (კოლხეთში)

* * *

„მე ვარ უფალი, მფარველი შეყვარებულთა, იცინოდეთ, რადგან სიყვარულის ღვინოც იცინის ჭურჭელში. მარტოობა აძლევს შინაარს ბუნებას, ობოლი სულის დედა ბუნებაა”… – (რა ვქნა,რა ვქნა)

* * *

„ქვეყანაზე სულ რომ არ ყოფილიყო ქალი, მგოსანი მაინც შეჰქმნიდა მის მომხიბვლელ სახეს”… – (ქალი მგოსანი)

* * *

„შემოქმედო, შენ, ვინც არყოფნის ღამეში გაანათე ჩვენი ცხოვრების ჩირაღდანი, რათა უკვალოდ გამქრალიყო, შენ, ვინც შეჰქმენი ედემი, რათა ჩვენ იქიდანაც გამოგეყარე, შენ, ვინც აღგვითქვი ბედნიერება და გზა მისდამი, ვით აფთართ კვალი, ხეობაში ჩვენი ძვლებით მოკენჭე.

მომაპყარ ყური. ლოცვა მსურს, ლოცვა…

მრწამს, უფალო! დაეხმარე ჩემ ურწმუნოებას – სულს, საუკუნეთაგან ტანჯულს, ნაწამებს, ენატრება სასწაულები.

ერთგვარი განცდით ის ვერ იცოცხლებს.

მოსწყინდა მუდამ ერთსახეობა…

ცრემლის უდაბნო… ცრემლის ხეობა…

მწუხრ ღამეს გამოღვიძებულს ქარმა მახარა, რომ ვნახავ მზეს, შვების სიმბოლოს.

სულს სურს უყვარდეს – თვითონ იგი სიყვარულია.

სულს ენატრება სასწაულები”… – (ლოცვა)

* * *

„ – ადამიანო, რა ამოიჩემე ამ სოფელში წასვლა. არც ისე ბავშვი ხარ, რომ ვერ მიხვდე, რა მოგელის შენ იქ, რა უნდა ქნა, რა უნდა გააკეთო გამოყრუებულ ხალხში, მაგის მოდა ოთხმოციან წლებში იყო.

- ვალიკო, ვალიკო, თუ ყველამ ასე დაიწყო სჯა, რომ სოფელი გამოყრუებულია და იმას ვერავინ გაანათლებს, ეს ხომ იმის მაჩვენებელია, რომ მუდამ წყვდიადში იყოს სოფელი ჩაფლული. ეს საფრთხობელა მანამ იქნება, სანამ ერთი მაინც არ გაბედავს ჩაეშვას ამ წყვდიადში და შეიტანოს ნათელი სხივი. და მერე ხომ არიან ახლა ისეთებიც, განა ცოტა მუშაობს ახლა სოფელში. ნუთუ ისინი ხალხი არ არის, მათ არ დასჭირვებიათ მსხვერპლი, შენ ხომ კარგად იცი, რომ უმსხვერპლოთ არ შეიძლება პატიოსანთ სამსახური სამშობლოსა და ხალხის წინაშე. მოიგონე, რამდენი შეეწირა წმინდა სანთელად ხალხის კეთილდღეობას”. – (რა ვქნა,რა ვქნა)

* * *

„საშინელია, საშინელი სიკვდილის ძახილი, როცა მას ეხმაურებიან საუკეთესო შვილები გავერანებული სამშობლო ქვეყნისა”. – (პანაშვიდი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხი ყოველ დროს, რომიდან დაწყებული ჩვენ დრომდი,ვერ ამაღლებულა და ვერც ამაღლდება – პურის გარდა სხვა შეიგნოს და მე მგონია, ახლა ეროვნული იდეალების ქადაგება უნაყოფოა”… – (რა ვქნა,რა ვქნა)

* * *

„ადამიანო, შეგრცხვეს მაინც, როცა ძველ ზვიად ვნებაზე გიყვებიან, რადგან შენ ბავშვურ მასხრობად აქციე იგი!”. – შექმნილი ლეგენდა)

* * *

„ღვინომ თითქოს დაკარგა სიძლიერე. ის აღარ ათრობდა ალექსანდრეს.

 - თავს მოგაჭრი, იცოდე, – ეუბნებოდა მონას ალექსანდრე, – ხომ იცი, მე სასტიკი არასოდეს ვყოფილვარ, რად ურევ წყალს ღვინოში, მე ღვინო მინდა, ღვინო, ნურავინ ფიქრობს ჩემს ჯანმრთელობაზე.

შიშით ძრწოდა მონა, არ იცოდა, რით დაიმსახურა ბატონის რისხვა. იმ საღამოს ისე შორს წავიდა ალექსანდრე მდინარეში, რომ მხლებლებმა დაიჯერეს კიდეც მისი დახრჩობა და მიუხედავად ამისა, რომ აკრძალული ჰქონდა, მეფისგან, ანაქსერი, მეფის მეგობარი გადაეშვა მდინარეში მის საძებრად.

- რისთვის მომდევდი, გეგონა, წყალი დამახრჩობდა? – იჭვნეულად შეეკითხა ანაქსერს ალექსანდრე.

- მხოლოდ ბარბაროსს ვერ დააჯერებ ალექსანდრეს უკვდავებას. რომელი მეომარი დაიჯერებს, რომ ანაქსერმა დაიჯეროს, შენთან რა უნდა სიკვდილს… მისი რაში შენს მერანს ვერ გაასწრებს და შენს მახვილზე ხომ უნდა გადატყდეს სხვა რკინა.

- მაგრამ იცი, რომელ ქურაში გამოიჭედა სიკვდილის ცული? – დაეკითხა ანაქსერს ალექსანდრე და მის სახეზე სიშავემ გადაიარა. – ანაქსერ ჩემო, წყალს უყვარს საიდუმლოს შენახვა. მითხარი, რა დარჩა კიდევ საგმირო საქმე ალექსანდრეს მძლე მკლავებს… რასაც ველტვოდი, უკვე შესრულდა… ხედავ, განგის ზვირთებში ვცურავ; სანამდის მოაღწიეს მაკედონიის საზღვრებმა. მაგრამ აქ თავდება ყველაფერი. სად წავიდეს ჩემი ლაშქარი, რა დარჩა კიდევ დაუმარცხებელი ალექსანდრეს?.. და ეს მაშინ, როცა მე გუშინ შემისრულდა ოცდაშვიდი წელი. რაში უნდა წავიდეს დანარჩენი დღეები? ტყუილად ყოფნა მოკლავს ალექსანდრეს”. – (შექმნილი ლეგენდა) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>