ჯეკ ლონდონის რომანიდან – “მარტინ იდენი”
“ძლიერი ადამიანი ყოველგვარ სიბრალულსა და თანაგრძნობაზე მაღლა უნდა იდგეს.სიბრალული და თანაგრძნობა მონათა უბადრუკ სოროებში იშვა,საცა სიმწრის ოფლჩამომდინარე გაუბედურებული ხალხი ბინადრობს”.
* * *
“იქნებ მართალიც იყოს ნიცშე.ალბათ არსად არ არის ჭეშმარიტება,თვით ჭეშმარიტებაშიც კი”…
* * *
” – მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს.განვითარების ძველისძველი კანონი უცვლელია.არსებობისათვის ბრძოლაში,როგორც უკვე დაგიმტკიცეთ,ძლიერი და ძლიერის შთამომავლობა იმარჯვებს,სუსტი და მისი შთამომავლობა კი ისპობა და ნადგურდება.ხოლო ამ ბრძოლაში,რაც დრო გადის,ძლიერთა ახალ და ახალ თაობას სულ უფრო და უფრო ემატება ძალა.ასეთია განვითარების ბუნება.თქვენ კი მონები – მესმის,რომ ძალიან ცუდია მონობა – თქვენ-მეთქი,მონები,ისეთ საზოგადოებაზე ოცნებობთ,საცა განვითარების კანონი გაუქმებული იქნება,საცა სუსტი და უნიათო ხალხი არ დაიღუპება,ყველა უნიათო იმდენს შეჭამს,რამდენიც მოუნდება,იმდენჯერ დღეში,რამდენჯერაც მოესურვება,საცა ყველა იქორწინებს – სუსტიცა და ძლიერიც – და შთამომავლობას გააჩენს.ამას რა მოჰყვება? თაობიდან თაობამდე კაცობრიობას ძალა და სასიცოცხლო ენერგია აღარ მოემატება.პირიქით,თანდათანობით დაკნინდება.აჰა,თქვენი მონური ფილოსოფიის ნემეზიდა.თქვენი საზოგადოება – მონებისაგან შემდგარი და მონებისათვის მზრუნველი – თანდათანობით დასუსტდება და დაირღვევა.ნუ დაივიწყებთ,რომ მე ბიოლოგიური კანონების მიხედვით ვმსჯელობ და არა სენტიმენტალური ეთიკისა.მონების სახელმწიფო ვერ იარსებებს,ვერ…
- შეერთებულ შტატებზე რაღას იტყვით? – დაიღრიალა ვიღაცამ დარბაზში.
- შეერთებული შტატები? – გამოეხმაურა მარტინი, – ცამეტმა კოლონიამ განდევნა თავიანთი მმართველები,ეგრეთ წოდებული რესპუბლიკა შექმნეს.მონები თავისივე თავის ბატონები გახდნენ.ხმლის ძალას დაყრდნობილი ბატონები აღარ დარჩა.მაგრამ მონებს არ შეეძლოთ უბატონოდ ცხოვრება და ახალი ბატონები გამოიგონეთ – კეთილშობილი და კაცური ხალხი კი არა,ღვარძლიანი და ობობასავით მსხვერპლის მომლოდინე ვაჭრები და მევახშეები.ადგნენ ეს ახალი ბატონები და კვლავ დაგიმონეს,მაგრამ არა აშკარად და ვაჟკაცურად,როგორც საკუთარ მკლავს მინდობილ ჭეშმარიტ კეთილშობილს შეეფერება,არამედ ფარულად,ათასნაირი ხრიკებით,ლაქუცით და გაიძვერობით.თქვენი მონური სულის მოსამართლეები მოისყიდეს,კანონები გაგითახსირეს,თქვენს შვილებს ჩვეულებრივი მონობის ტანჯვა არ აკმარეს და უფრო საშინელი განსაცდელის შიშით აძრწუნებენ.თქვენი შვილები – ორი მილიონი ადამიანი – შეერთებული შტატების სავაჭრო ოლიგარქიას ემსახურება,ათ მილიონ მონას ლუკმაპური და თავშესაფარი არ გააჩნია.ისევ ჩემს საკითხს დავუბრუნდეთ.მე უკვე გაჩვენეთ,რომ მონების სახელმწიფო ვერ იარსებებს,მისი ბუნება არ ეგუება განვითარების საერთო კანონს.ჩასახვასაც კი ვერ მოასწრებს მონების საზოგადოება,რომ მაშინვე ხრწნასა და გადაგვარებას დაიწყებს.ლიტონი სიტყვებით უარყოფა განვითარების კანონისა ადვილი საქმეა,მაგრამ რა კანონს უნდა დაეყრდნოთ? განვითარების ახალი კანონი სადღაა? ჩამოაყალიბეთ! უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ? მაშ,გვიჩვენეთ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როგორი გულუბრყვილო ვიყავი – ვისაც მაღალი ადგილი უჭირავს საზოგადოებაში,კარგ სახლებში ცხოვრობს,უნივერსიტეტდამთავრებულია და ბანკში ანგარიში აქვს,ყველა ღირსეული ადამიანი მეგონა!”
* * *
“როცა სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის,სასიკვდილოდ არის განწირული”.
* * *
“როგორ არ ვიფიქრო,რომ სწორედ ჩემმა სახელის მოხვეჭამ შემატა ძალა მაგ შენს სიყვარულს.ფულმა შემატა-მეთქი,ამას არ გკადრებ,თუმცა,დარწმუნებული ვარ,შენს მშობლებს სწორედ ამან მოუბრუნა გული.რაღა თქმა უნდა,ჩემთვის ეს ვერაფერი სანუგეშოა.მაგრამ ყველაზე უარესი ის არის,რომ თვით სიყვარულში დავეჭვდი,წმიდათაწმიდა სიყვარულში.ნუთუ სიყვარულსაც სახელის მოხვეჭა და ხალხის აღიარება უნდა ასაზრდოებდეს! ნუთუ ასეთი მდაბალია ეს გრძნობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანურ სისუსტეს სულგრძელად უნდა მოეკიდო”.
* * *
“გაახსენდა საშინელი შიმშილის დღეები,როცა კაციშვილი არ ეპატიჟებოდა.არადა,სადილი სწორედ მაშინ სჭირდებოდა,უჭმელობით ღონეს კარგავდა,ძალა ელეოდა,ერთიანად ჩამოხმა.ეს იყო სწორედ პარადოქსი: როცა შიოდა – არავინ ეპატიჟებოდა სადილად; ახლა კი,როცა ასი ათასი სადილის დაკვეთა შეუძლია და მადასაც თანდათანობით კარგავს,ყოველი მხრიდან სადილს აჩრიან!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ეს ყველაფერი ხომ მაშინვე მქონდა დაწერილი! ახლა სადილზე მეპატიჟებიან,მაშინ კი მაშიმშილებდით,სახლიდან გამაგდეთ,შემაჩვენეთ,რატომ სამსახურში არ მოეწყობიო.ეს მოთხრობები და სტატიები კი უკვე დაწერილი მქონდა.ახლა თვალებში შემომციცინებთ,პირზე მომდგარ სიტყვასა წყვეტთ და ჩუმდებით,როცა შემატყობთ,მე ვაპირებ დალაპარაკებას,გაფაციცებით უგდებთ ყურს,თუ რის თქმას ვინებებ: პირში გეუბნებით,თქვენი პარტია დალპა,მექრთამეებით გაივსო-მეთქი,თქვენ კი, – ნაცვლად იმისა,რომ გაცოფდეთ, – ტკბილად კრუტუნებთ,მეთანხმებით კიდეც,ბევრი რამ მართალია მაგ შენს სიტყვებშიო.რატომ? იმიტომ რომ სახელი გამივარდა.დიდძალი ფულის პატრონი გავხდი.იმიტომ კი არა,რომ მარტინ იდენი ვარ,კარგი ბიჭი,ჭკუა არ მაკლია! უცებ რომ ავდგე და ვთქვა,მთვარე მწვანე ყველისგან არის გაკეთებული-მეთქი,თქვენ კვერს დამიკრავთ, – ყოველ შემთხვევაში,არ შემედავებით, – იმიტომ რომ დოლარები მიჩხრიალებს,მთა მიდგას დოლარებისა.მაგრამ აკი ყველაფერი ეს მაშინვე მქონდა დაწერილი,როცა თქვენ ფეხის მტვრადაც არ მაგდებდით და სახეში მაფურთხებდით”.
* * *
“უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო”.
* * *
“ცხოვრება საშინელი შეცდომებითა და სირცხვილით არის სავსე.მართლაც რომ სირცხვილი და შეცდომაა მთელი ცხოვრება”.
* * *
“პატიებას რა ბევრი რამე უნდა,როცა,ფაქტობრივად,საპატიებელიც არაფერია”.
* * *
” – მაშინ რატომ ვერ გაბედე ეს? – მკვახედ ჰკითხა მარტინმა, – როცა არაფრის მქონებელი ვიყავი? როცა ვშიმშილობდი? მაშინაც ხომ ასეთივე ვიყავი,იგივე მარტინ იდენი,როგორც კაცი,როგორც მწერალი?.. ამ ბოლო დროს ხშირად ვკითხავ ხოლმე ამას ჩემს თავს, და არა მარტო შენთან დამოკიდებულების გამო,არა,საერთოდ ყველას მისამართით.ხომ ხედავ,რომ მას შემდეგ სულაც არ შევცვლილვარ.თუმცა ისე ერთბაშად მომემატა ფასი,რომ მეც კი დაეჭვებული ვარ ახლა ამაში.იგივე კაცი ვარ.იგივე ძვალრბილი,იგივე ათი თითი ხელებზედაც და ფეხებზედაც.არც ძალა მომმატებია,არც ნიჭი,ტვინიც იგივე მაქვს,რაცა მქონდა.ლიტერატურასა და ფილოსოფიაზედაც კი არ შემცვლია შეხედულება – იგივე დამრჩა.ახლაც იგივე ფასი და წონა მაქვს,რაც მაშინ მქონდა,როცა არავის ვუნდოდი.ისღა მიკვირს,ახლა რატომ ვუნდივარ ხალხს! ჩემი პირადი ღირსების მიზეზი არ უნდა იყოს ეს,რადგან მაშინაც იგივე ღირსება მქონდა,როცა არავის ვუნდოდი.ეტყობა,სხვა რაღაცათი დაინტერესდნენ,ისეთი რამით,რაც ჩემში კი არ არის,ჩემს გარეთაა,მე არ მეკუთვნის.გითხრა,რა არის ის რაღაცა? საერთო აღიარება! მაგრამ ეს აღიარება ხომ ჩემს გარეთ არის,მე არ მეკუთვნის,სხვების თავშია! ფულის გამოც დაინტერესდნენ,მე ხომ დიდძალი ფულის პატრონი გავხდი და კიდევ ბევრი შემოდის.მაგრამ ფულიც ხომ ცალკეა,ჩემს გარეთ – ბანკში,ვიღაც ტომის,დიკისა და ჰარის ჯიბეში ჩხრიალებს.შენც ამ აღიარებისა და ფულის გამო მობრუნდი”. – (ავტორი გენია.ჯი)