რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „ქალაქში დინოზავრები დადიან”
„…ყველა თავის როლს თამაშობს წარმოდგენაშიც და ცხოვრებაშიც, და მე აქ მალე მესაფლავედ გადავიქცევი. მევალეებიც აღარ მასვენებენ. რა უნდათ, რატომ აღარ მეშვებიან?.. ყველას გავისტუმრებ ადრე და მალე, ყველას თავისას მივუზღვავ. ერთი მუქთა საფლავი რომ მაშოვნია, ჩავწვები შიგ, მაგრამ იქაც მომაგნებენ. გათავებული ამბავია. ტყიბულში უნდა წავიდე. იქ საქმე მქონდა კაცური. ფულს ფული ერქვა. წავალ და აღარ ჩამოვალ. დავსახლდები იქ სამუდამოდ. ვითომ? ვის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს რა მოხდება. ყველა თავის როლს თამაშობს წარმოდგენაში, ცხოვრებაში. ყველა თავის როლს ასრულებს ამ კარნავალში…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – …ამის აყოლა მარგია მე… ეს ჯანმრთელი კაცია, კუჭი არც იცის სადა აქვს!”
* * *
„ – გახსოვს, წარმოდგენებს რომ ვმართავდით გვიმრაძეების ეზოში. სცენაზე ტყე რომ გვჭირდებოდა და პატარაძის ბაღში ტყემლები რომ დავჭერით, რა იყო, რას არ მოიგონებდი ხოლმე. მე ქალის როლს ვთამაშობდი, გახსოვს? ფეხსაცმელი რომ ვერ მიშოვნეთ. ორმოცდაოთხი ნომერი ფეხი მქონდა უკვე და ქალის კი არა, კაცის აღარ მერგებოდა. უნიჭო ვიყავი და ამიტომ მათამაშეთ ქალის როლი, თვარა ქალს მე რა მიგავდა?
- აბა რა უნდა გვექნა, შე კაი კაცო, ფეხების მეტი არაფერი გქონდა სცენიური და ქალის როლი მოგეცით”.
* * *
„ – კაცი რომ კაცისას აღარ გაიგონებს, კაცი რომ კაცს აღარ ენდობა და ყველანაირი რწმენა დაიკარგება, მაშინ მოვა განკითხვის დღეო, ასე გამიგია მე…”
* * *
„ადამიანის დადანაშაულება ადვილია, მაგრამ არც თავის მართლებაა, სხვათაშორის, ძნელი”.
* * *
„ამბობენ, სისულელემდე და უაზრობამდე ერთი ნაბიჯი არისო. მერედა ქალს გაუჭირდება კი ამ ერთი ნაბიჯის გადადგმა?”
* * *
„ – სიკვდილი არავის ახსოვს, როცა იგი არ არსებობს, არ ჩანს… როცა დაინახავ, ძნელია თვალის გასწორება, მითუმეტეს – საწოლში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჩვენებოდა, რომ ადამიანები სულ ტყუილად უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და ეს ფორმალური, მოჩვენებითი სიახლოვე დროებით ფარავდა იმ სიცარიელეს, რომელიც შემდეგ თანდათან უფრო ნათლად და სრულად შიშვლდებოდა. არავინ არავისათვის არ იყო გაჩენილი. ყველა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ცალ-ცალკე არსებობდნენ და მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაუზოგავად, დაუნდობლად ატყუებდნენ ერთმანეთს”.
* * *
„ნეტავი ამ ვალებიდან დამაძვრინა და დასვენებას მოუკვდა მოხარბე. ეს მევალეები როგორ მოვიშორო, არ ვიცი. სასაფლაოზეც მომაგნეს, თვარა სხვას ვინ დაეძებდა…”