ამონარიდები რეზო ჭეიშვილის მოთხრობიდან – „ცისფერი ხიდები”
„მართალია, სათაური არ გამოხატავს ნაწარმოების იდეურ მრწამსს, მაგრამ თვით ხიდები მიგვანიშნებენ ადამიანთა ვნებების, ხასიათების, მოქმედ გმირთა მისწრაფებების უხიდობას და უცისფრობას. თავისთავად, ცისფერი არ განსაზღვრავს არც სათაურის შემადგენელ კომპონენტს, არც მოვლენის ფორმალურ მხარეს, მაგრამ ვიმეორებ, რომ სათაური ესადაგება როგორც მოცემული მოქმედების არსებით ნაწილს, ისე მის ფუნდამენტალურ განსაზღვრას და გაანგარიშებას, თუმცა აქ ხარჯთაღრიცხვის მხრივ მთლად წესრიგში არ უნდა იყოს ყველაფერი. ეს კი სპეციალისტების საქმეა. ძალიან მომეწონა მოქმედი გმირების სახელები: მერაბი, გიგო, კაკო, შაკო, შალიკო, ნიკო, სიკო, ტიკო, ბიჭიკო, გრიგოლი, ერმილე, პავლე, სავლე, თინიბეგი და სხვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თქვენ არაფერს იტყვით,ბატონო ვასო? – იკითხა სოსომ.
„ – მე რა უნდა გითხრა, შვილო, გეტყვი, რომ ძალიან ბევრი რამ არის გაუგებარი, როგორც თქვენს „ცისფერ ხიდებში”, ისე თქვენს ლაპარაკში, ისევე ამხანაგების წერილობით პასუხებში თუ ზეპირ განცხადებებში და საერთოდ ცხოვრებაში. ამას იმიტომ კი არ ვამბობს, რომ თქვენ გადანაშაულებთ ან ბრალს გდებთ რაიმეში? ანდა იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩემთვის ყველაფერი ნათელია. არა, ამხანაგებო, პირიქით, ბევრი რამ არის აუხსნელი და გაუგებარი, ამ ქვეყანაზე. გაუგებართ-გაუგებარიც კი. ეტყობა ჩემი დრო წავიდა. რაც არი, აწი რაღას ვიზამთ. დროს ხომ ვეღარ დავაბრუნებთ… რაც შეეხება საქმეს: „ცისფერი ხიდები” მიღებულია. დღეს თუ ხვალ ერთ-ერთი ჩვენთაგანი დაწერს დასკვნას, მაგრამ საქმე ის არის, რომ მე დასკვნას ხელს ვერ მოვაწერ. ეს ევალება კაკოს, მაგრამ კაკომ გაასწრო, კიდევაც რომ დარჩენილიყო, ხელს მაინც არ მოაწერდა. თქვენ შეგიძლიათ დაუცადოთ შოთას, მაგრამ თუ მენდობით, არც იგი არ მოაწერს ხელს. ამას არცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება დასკვნას ნებისმიერმა კოლ-წევრმა მოაწეროს ხელი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ მოაწერთ ხელს, იმიტომ კი არა, რომ არ გინდათ, ან გეშინიათ, უბრალოდ არავითარი ძალა თქვენს ხელმოწერას არ ექნება არც ფორმალურად, არც იურიდიულად. სამაგიეროდ დირექტორს შეუძლია დაამტკიცოს ულაპარაკოდ ეს დასკვნა, მაგრამ ჩვენი ხელის მოწერის გარეშე არ დაამტკიცებს. კიდევაც რომ დაამტკიცოს, ხელს არ მოაწერს და კიდევაც რომ მოაწეროს, ძალა არ ექნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ხომ იცი, პირდაპირი ლაპარაკი მიყვარს და ეს მღუპავს… რაც გულში მაქვს, თუ არ ვთქვი, არ შემიძლია…”
* * *
„ჩვენსკენ, ალბათ, უკვე გაზაფხული მოვიდა. ხეზე ფოთოლი იზრდება და მწვანდება ალბათ?.. – გაიფიქრა სოსომ. – უკვე მერამდენე გაზაფხული მეპარება თვალსა და ხელს შუა… სულ რამდენი გაზაფხული დარჩენია ჩემი ხნის ადამიანს?” – ანგარიშობდა იგი და ეჩვენებოდა, რომ აქ, ამ შენობაში ეს ამბავი არავის, აბსოლუტურად არავის აინტერესებდა.
შეიძლება მართალიც იყო, მაგრამ გაზაფხული ხომ მაინც მოდიოდა, ხეები ხომ მაინც ყვაოდა სადღაც”. – (ავტორი გენია.ჯი)