ამონარიდები რომენ როლანის რომან-ეპოპეადან – “ჟან-კრისტოფი”
“ადამიანის უპირველესი მოვალეობაა საამური გახადოს ცხოვრება სხვებისთვის,მაგრამ არიან ისეთნიც,რომელთა აზრით მოვალეობას მხოლოდ ის წარმოადგენს,ის აკეთო,რაც სხვათათვის მახინჯი და ცუდია,მოსაწყენი და შემავიწროვებელია,გასაბეზრებელი და შეურაცხმყოფელია.მოვალეობად მიიჩნევენ შეურაცხყონ მეზობელი,მსახური,ოჯახი და საკუთარი თავიც.ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ხალხისა და ასეთი მოვალეობებისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” და ბოლოს შეთანხმდნენ – კეთილნი ყოველთვის უბედურნი არიან და მხოლოდ ეგოისტები და უსინდისო ადამიანები იხვეჭენ ბედნიერებასო; დაასკვნეს – ცხოვრება ტანჯვაა,ჩალის ფასი ადევს,სიკვდილი ბევრად აჯობებდა,მაგრამ ადამიანებს ღმერთმა გადაგვიწყვიტა ტანჯვით ცხოვრებაო”.
* * *
“ტემპერამენტი ქმნის პიროვნებას და არა იდეები”.
* * *
“ვისაც სულში აქვს მზე და სიცოცხლე,რაღა აქვს საძებარი?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ნდომა? – მწუხარებით გაიფიქრა კრისტოფმა, – მაშ,ღმერთი იარსებებს მხოლოდ იმიტომ,რომ მე მოვინდომებ ამას? მაშ,სიკვდილი არ იარსებებს,თუკი მე მის უარყოფას ვინებებ? რა ადვილია ცხოვრება იმისათვის,ვისაც არ სჭირდება ჭეშმარიტება,ვისაც შეუძლია წარმოიდგინოს,რომ სინამდვილეში ისეთია,როგორც მას უნდა,ვისაც შეუძლია საამური სიზმრები შეთხზას და ნებიერად იძინოს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სხეულთან ერთად ადამიანის სულიც იცვლება. და ეს გარდაქმნა ყოველთვის ნელა,თანთადანობით როდი ხდება: დგება ჟამი გარდატეხისა,როდესაც ყოველივე ერთბაშად ახლდება.ახალი სული ჩაესახება ადამიანს.ამ სევდიან ჟამს კაცს ჰგონია,ყველაფერს ბოლო მოეღოო,მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება.ერთი ცხოვრება მოკვდა. და უკვე გაჩნდა მეორე”.
* * *
“…სხვებთან ერთად ცხოვრებისათვის არა ვარ შექმნილი.არც ის ვიცი,თვით სიცოცხლისათვის თუ ვარგივარ.მე იმისათვის ვარ შექმნილი,რომ ჩემს კუთხეში დავრჩე და მიყვარდეს ადამიანები – შორიდან,ასე უფრო გონივრულია.როდესაც მათ მეტისმეტად ახლოდან ვხედავ,მიზანთროპი ვხვდები”.
* * *
“ქვეყანა ცუდად არის მოწყობილი.ვისაც უყვარს,არ უყვართ.ვინც უყვართ,იმას არ უყვარს.ხოლო ვისაც უყვარს და უყვართ კიდეც,ადრე თუ გვიან,უნდა განშორდეს საყვარელს… ყველა იტანჯება,ტანჯავს სხვას და ყველაზე უბედური ყოველთვის ის როდი არის,ვინც იტანჯება”.
* * *
“ყოველ ჩვენგანს გულის სიღრმეში საყვარელ არსებათა სასაფლაო აქვს მოწყობილი.აქ სძინავთ იმათ და დრო და ჟამი ისე გადის,არაფერი აშფოთებთ.მაგრამ ყველამ კარგად იცის: დადგება დღე და აკლდამა გადაიხსნება,მიცვალებულნი აღდგებიან საფლავიდან და ბაგეგაცრეცილნი გაუღიმებენ სატრფოს,მეგობარს,ვის გულშიაც დამკვიდრებულა მათი ხსოვნა,ვითარცა ბავშვი დედის წიაღში”.
* * *
“ენა იმისთვის კი არ აქვს ქალს,რომ ისა თქვას,რასაც ფიქრობს… ეგრე რომ იყოს,ზნეობა გაქრებოდა დედამიწაზე…”
* * *
“ახალგაზრდათა უბიწო ტრფობა აპრილის დილას წააგავს და აპრილივით მალე ნელდება,ჭაბუკური გული ადრე იფერფლება”.
* * *
“ტრფობა მოყვარულშია დასადგურებული.როგორიც მიჯნურია,ისეთია სიყვარულიც.ყველაფერი წმიდაა უმანკოთათვის,წმიდაა ძალოვანთა და ჯანსაღთა ტრფობა.სიყვარულია,ფრინველებს რომ ნაირფერი ბუმბულით მოსავს,წრფელ ადამიანებში კი უკეთილშობილეს გრძნობებს წარმოაჩენს.ცდილობ გაისარჯო და იფიქრო სატრფოს სასურველად,ღირსი საქმე აარიდო მიჯნურის მზერას და შენი ქცევა სიყვარულის მიერ გამოძერწილ სასურველ ხატებას შეუწონო.ყრმობის ვნებანი სულს გამოსჭედს,ძალასა და სიხარულს ასხივებს,სულის მარგებელია და გულს სიდიადეს ანიწებს”.
* * *
“მადლი ბედნიერი იერით უნდა აღასრულო”.
* * *
“ნგრევა,რომელიც ვნებათაღელვას მოჰყვება,თავად ვნებაზე საშიშია”.
* * *
“ყოველ ადამიანს უწერია საკუთარი ფეხით განვლოს საუკუნეთა გოლგოთა.ყოველ ჩვენგანს ღრნის ოდინდელი ტანჯვა,სასოწარკვეთილი იმედი და სიშმაგე საუკუნეთა.ყოველი ჩვენგანი წინმავალ თაობათა ნატერფალებზე აბიჯებს და იმათ კვალს მისდევს,ვისაც ოდესღაც უცხოვრია,ჩვენამდე შებრძოლებია სიკვდილს,უარუყვია იგი და მისი მსახვრალი ხელით დანთქმულა”. – (ავტორი გენია.ჯი)