ენ ვეტემაას რომანიდან – “კვერცხები ჩინურად”
“ვინ მოთვლის,რამდენი მომაკვდავი მინახავს. ყველამ თავისებურად განუტევა სული… მხოლოდ ერთ რამეში ჰგავდნენ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით – ყველაზე ქედუხრელნიც კი მასხარად გადაიქცნენ უკანსაკნელ წამს. სენტიმენტალურად გულაჩუყებულ და ამავე დროს უკიდურესად გაბოროტებულ მასხარად! ღმერთო ჩემო, როგორ ებღაუჭებიან მომაკვდავები სიცოცხლეს! რა თავგანწირვით… არა, ეს სანახაობა ნამდვილად ზიზღის მომგვრელია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“იქნებ ისევ სჯობდეს, რომ სიკვდილი მარადიული სასუფევლისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა, ბუნებრივი დასასრულია, უდრტვინველად მისაღები გარდაუვალობაა და ა.შ. მაგრამ ესეც ხომ წმინდა წყლის ფარსია?! ახლაც თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც ბავშვობაში პირველი კატაფალკი ვნახე: შავი ცხენები… კუდზე და ფაფარში ჩაწნული შავი ბაფთები… მაღალ ბორბლებზე შედგმული შავი კარეტა და ვერცხლით მოჭედილი თვალსაფარი… ქუდმოხდილი მოქალაქენი… ღმერთო ჩემო, რა სასაცილოდ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. სასაცილოდ და ფარისევლურად! მოულოდნელად საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულმა ერთმა ცხენმა შავი ბაფთებით გადახვეული კუდი მაღლა აპრიხა და სავსებით ბუნებრივ მოთხოვნილებათა მოსტუმრებას შეუდგა. პროცესია შედგა. დამწუხრებულმა ჭირისუფლებმა თავი გვერდზე მიაბრუნეს, მე კი სიცილისაგან კინაღამ გავიგუდე. ჩემი უტაქტო საქციელის გამო ნირწამხდარი დედაჩემი, რა თქმა უნდა, უხერხულად შეიშმუშნა და მე უკვე წინასწარ ვიცოდი, რა მწარე წამალიც გამომეწერებოდა შინ. აბა მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა უხერხულ მდგომარეობაში მოხვედრილი ადამიანები სასაცილო ნიღაბსაც თუ არ თაკილობდნენ. შავ ყუთში იწვა ადამიანი, რომელსაც მიწაში დასამარხავად მიასვენებდნენ. ერთ დროს, ალბათ ისიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, სვამდა, როშავდა ათას სისულელეს, წვებოდა ფეხდაუბანელი… იქნებ ასანთის კოლოფის ეტიკეტებსაც აგროვებდა და ა.შ. ახლა კი აგერ ამ გრძელ ყუთში ჩასვენებული სრულიად მოულოდნელად იმდენად საპატივცემულო პიროვნებად იქცა, რომ უცნობებიც კი ქუდს იხდიან და მისი თანდასწრებით უადგილო ადგილის მოფხანისგანაც თავს იკავებენ. ამაზე უფრო ზრდილობიანი პირობითობა გაგონილა? ვინ მოთვლის ყველაფერ ამაზე რამდენი სიმღერა გამოუთქვამთ ზეგარდმო ნიჭით დაჯილდოებულ ბრძენკაცებს! რამდენი ფრიად სერიოზული შეგონება ჩამოუყალიბებიათ… დიახ, რაკი ვერ ვწვდებით სიცოცხლის არსს, დაე სიკვდილმა შეიმეცნოს იგი! რა, ცუდი პირობითობაა, თუ? მით უმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვძრწით და ვკანკალებთ ყველანი სიკვდილის წინაშე. ერთადერთი ხსნა სიკვდილშია! დავასკვენით ოდესღაც ჩვენ და ამაზე უფრო ნუგეშისმომცემი რაღა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე, კი სიკვდილი იქნებ დიდი ღორობა იყოს, მაგრამ განა მარადიული სიცოცხლე იგივე არ იქნებოდა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უკვე საკუთარი სიკვდილიც გავაუფასურე!”
* * *
“რა ბედნიერი განცდაა – მე ვარსებობ! მე ვცოცხლობ! მეც ნაწილი ვარ ყოფიერებისა!”