ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – “იესოს სახარება”
“დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, შვილო ჩემო, ადამიანის სულში თვით შემოქმედმა, ანუ მე თავიდანვე ჩავაქსოვე, მაგრამ ეს გრძნობა, ისევე როგორც დანარჩენი, რაც ჩემ მსგავსად და ხატად შევქმენი, ჩემსავე სულში მაქვს მოძიებული, და იმჟამიდან გასულ დროში განა გამიქრა, პირიქით, უფრო გაძლიერდა და გამიმძაფრდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გაიგე, რომ სამყაროში ყველაფერი ფარდობითია, სისაძაგლე ასატანად მოგეჩვენება, თუ წარმოიდგენ, რომ უარესი სისაძაგლეც შეიძლებოდა”.
* * *
“ღმერთის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთნაირად საშინელი ბედი მოელის მის რჩეულსაც და იმასაც, ვინც მისი რისხვა დაიმსახურა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთმა ფეხები მოგვცა, და დავიარებით, მაგრამ არ გამიგია, კაცი ელოდოს, როდის მიბრძანებს უფალი, იარეო, გაგებაც ასევეა, გონება იმისთვის გვიბოძა, რომ ჩვენი ნებისა და სურვილისამებრ გამოვიყენოთ”.
* * *
“ხე კვკვნესის, როცა ცულს ურტყამენ, ძაღლი წკავწკავებს, როცა სცემენ, კაცი კი, როცა შეურაცხყოფენ, ჭკუას სწავლობს და ასე იზრდება”.
* * *
“გულით ნათქვამ სიტყვას ხმოვანება არ გააჩნია, ბაგეს არ სწყდება, ყელს ბურთად ეჩხირება და მხოლოდ თვალებში ამოიკითხავთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ცოდნის გარკვეულ ზღვარს იქით ჯობს, თავი ისე დაიჭირო, თითქოს არაფერი არ იცოდე”.
* * *
“როცა რაიმე საქმეს წამოიწყებ, ეშმაკი არასოდეს დაივიწყო”.
* * *
“ყოველი კაცი, ვინც გინდა იყოს, რასაც უნდა აკეთებდეს, – ცოდვილია და ცოდვა ადამიანისგან ისე განუშორებელია, როგორც ადამიანი ცოდვისაგან, ეს მედლის ორი მხარეა: აქეთ – ადამიანი, იქით – ცოდვა”.
* * *
“ადამიანთა სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილებია, ჩრდილებით კი ნათელს ვერ ახსნი, რამეთუ ნათელსა და ჩრდილებს შორის უნდა იყოს გაუმჭირვალე რამ სხეული, რაც ჩრდილს წარმოქმნის”.
* * *
“თქვა იესომ: გელოდები. რას მელოდები? თქვა ღმერთმა და გამხიარულდა. გელოდები, როდის მეტყვი, რამდენ სიკვდილად და წამებად დაუჯდებათ ადამიანებს შენი ომი ღმერთებთან, რამდენ სიკვდილს და წამებას გადაიხდის გამარჯვებაში შენი და შენი სახელით ის, ვინც გამოგყვება? დაბეჯითებით მოითხოვ პასუხს? დაბეჯითებით. კეთილი: იმ თავყრილობის თუ ერთობის, მე რომ გითხარი, შენობა მკვიდრად აიგება, მაგრამ საძირკველს ცოცხალ ხორცში გაიდგამს იგი, ხოლო ბალავარს უარყოფა, ცრემლი, ტანჯვა შეადუღაბებს, წამება და ყველა სახის მოკვდინება, ის, რაც ამჟამად ცნობილია, და ის,რაც ჯერ არც გაუგონიათ. როგორც იქნა, მიკიბვ-მოკიბვას თავი ანებე და პირდაპირ ალაპარაკდი, გააგრძელე. დავიწყოთ შენი ნაცნობებით, ვინც უკვე გიყვარს: მაგალითად, მებადურ სიმონს, რომელსაც შენ პეტრეს დაარქმევ, შენსავით ჯვარზე გააკრავენ, ოღონდაც თავქვე; მის ძმას ანდრიას აგრეთვე ჯვარი ელოდება, ოღონდ ირიბი; ზებედეს ძე იაკობს კი თავს მოაჭრიან. იოანე და მაგდალელი? თავიანთი სიკვდილით დაიხოცებიან, როცა დრო მოვა, მაგრამ სხვა ყველა შენი მოსწავლე, მიმდევარი და შენი მოძღვრების მასწავლებელი ტანჯვას თავს ვერ დააღწევს. მაგალითად, ვინმე ფილიპეს ჯერ ჯვარს აცვამენ, მაგრამ ზედ სიკვდილს არ დააცდიან, ქვით ჩაქოლავენ, ხოლო მეორეს, ბართლომეს ცოცხლად გაატყავებენ, მესამეს – თომას, ისარს ესვრიან, იქვე იქნება ვინმე მათეც, მაგრამ არ მახსოვს, რას უზამენ, კიდევ სხვა სიმონს გარდიგარდმო გადახერხავენ, იუდას ხმლით აჩეხენ, სხვა იაკობს ქვით ჩაქოლავენ, ხოლო სხვა მათეს თავს მოჰკვეთენ, ხოლო მავან იუდას, ისკარიოტელს – სხვათა შორის, მას ჩემზე უკეთ თვითონ გაიცნობ, სხვა კი არა, თავის თავი მოუღებს ბოლოს, თავს ჩამოიხრჩობს ლეღვის ხეზე. და ყველანი შენი გულისთვის მოკვდებიან? ახლა, სახკითხს თუ ასე დავსვამთ, კი,რა თქმა უნდა, ოღონდ “გულისთვის” კი არა, “ჩემთვის”. მერე? ხოლო მერე კი, შვილო ჩემო, როგორც გითხარი, უსასრულო ისტორია განვითარდება, დაიწერება რკინით და სისხლით, ცეცხლით და ფერფლით, იქნება ცრემლთა ოკეანე და ტანჯვის ზღვები”.
* * *
“შვილო ჩემო, სულის სახსნელად ხორცი უნდა გაიწიროს”.
* * *
“მე ვარ ძე ღვთისა, მამისგან ძედ წოდებული, ორმოცი დღე გავატარე მასთან ზღვაში და დაგიბრუნდით, რათა გითხრათ: დადგა ჟამი მონანიების, მოინანიეთ თქვენი ცოდვები, სანამ ეშმაკი ამოგკრებთ, როგორც ღმრთისათვის განკუთვნილი ძნიდან დამპალ თავთავებს, თუ მოისურვებს, აერიდოთ სიყვარულით გამოწვდილ მკლავებს”.
* * *
“დიდი ინტერესით მოვისმინე ყოველივე, რაც აქ ითქვა ჩვენი საუბრის განმავლობაში და, თუმცა მეც ვიხილე მომავალში რაღაც ნათელი და რაღაც ჩრდილები, დიდად არ შევუწუხებივარ იმას, რომ ეს ნათელი კოცონთა ცეცხლითაა განათებული, ხოლო ჩრდილები ცეცხლით შთანთქმულთა ჩრდილებია. ახლა რითღა შეწუხებულხარ? ამას არც უნდა შევეწუხებინე, რამეთუ ეშმაკი გახლავარ, ხოლო ეშმაკი სიკვდილისგან მუდამ ნახულობს რამე სარგებელს, თან შენზე მეტსაც, რამეთუ მტკიცებას არ საჭიროებს აშკარა ფაქტი, რომ ჯოჯოხეთი ზეცაზე უფრო მჭიდროდაა დასახლებული. ჰოდა, აბა, რაღას ჩივი? არაფერსაც არ ვუჩივი, უბრალოდ, რაღაც მინდა შემოგთავაზო. თქვი, ამოღერღე, უსასრულოდ ნუ წელავ სათქმელს. ჰოდა, აი, მინდა, რომ გული დანიშნულებისამებრ გამოვიყენო, რამეთუ თანახმა ვარ და მსურს, შენი ძალმოსილება მთელ დედამიწაზე გავრცელდეს, ოღონდაც ამას აურაცხელი ადამიანის სიკვდილი ნუ დასჭირდება, და რადგანაც ყველა ისინი, ვინც უარგყოფს და შენს ნებას არ ემორჩილება, ბოროტების შვილი გგონია, ბოროტებას კი, მოგეხსენება, მე წარმოვადგენ და ჩემს ნებას ემორჩილება, ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩემი წინადადება ასეთია: ნება მომეცი, ცაში დავბრუნდე, მაპატიე, რა ბოროტებაც ჩამიდენია, იმის ხათრით, რომ მომავალში აღარ ჩავიდენ, მიიღე ჩემი მორჩილება და ერთგულება, როგორც იმ დროში, როცა შენი უსაყვარლესი ანგელოზი ვიყავი და “ლუციფერს” – ანუ “მანათობელს” მიწოდებდი, როგორც იმ დროში, როცა სურვილს, რომ მეც შენი ტოლი და სწორი ვყოფილიყავი, ჯერ არ ვყავდი შეპყრობილი და შენ წინააღმდეგ ჯერაც არ ავემხედრებინე.
ბარემ ისიც თქვი, ვითომ რად უნდა გაპატიო, დაგაბრუნო და ასე შემდეგ? აი, რატომ: დღეს თუ შემინდობ, მომავალში სხვებსაც შეუნდობ, ნებისმიერს და ამიტომაც ბოროტება წყვეტს არსებობას ახლა, ამწუთას, აღარც შენი ძის ჯვარზე სიკვდილი დაგვჭირდება, შენი სამეფოც ისრაელის მიწებიდან მთელ სამყაროზე გავრცელდება, თვით იმ ქვეყბეზეც, ჯერაც რომ არ აღმოუჩენიათ და მშვიდობა დაისადგურებს საყოველთაოდ, მე კი ვიქნები უერთგულესი და უმორჩილესი ანგელოზი ყველა შენს ერთგულ ანგელოზთ შორის – რამეთუ მონანიებულის ერთგულება სხვა ყოველგვარ ერთგულებას აღემატება, ანგელოზების ბოლო რიგში თავმდაბლობით ჩავდგები და ასე აღგივლენ ქება-დიდებას, და ყველაფერი დამთავრდება, ვითომც არც არასდროს დაწყებულიყოს, და ყველაფერი ისე წავა, როგორც თავიდან უნდა ევლო წესით და რიგით. არ მიკვირს, რომ მუდამ ახერხებ სუსტი სულების შეპყრობას და ხელში ჩაგდებას: ყოველთვის სიტყვის ოსტატად გთვლიდი, მაგრამ ასეთს არ მოველოდი, ბრწყინვალე იყო, ცოტა დაგაკლდა – დამარწმუნებდი. მაშ, არ მიმიღებ, არ მაპატიებ? არა, ცხადია, არც მიგიღებ, არც გაპატიებ, შენ მე ასეთი მჭირდები, როგორიც ახლა ხარ, უარესიც კი, თუ ამაზე უარესი რამ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ სიკეთე, რომელიც მე ვარ, ვერ იარსებებს ბოროტის გარეშე, რომელიც შენ ხარ, უშენოდ სიკეთე იმნაირად მიუწვდომელი და გაუგებარი რამ იქნებოდა, თვითონ მეც კი რომ ვერ ჩავწვდებოდი და ვერც გავიგებდი, და იმისათვის, რომ მუდმივად სიკეთედ დავრჩე, შენ უნდა დარჩე ბოროტებად და თუ ეშმაკი ეშმაკურად აღარ იცხოვრებს, მაშინ ვერც ღმერთი ვეღარ იარსებებს, ერთი თუ მოკვდა, იგივეა – მოკვდეს ორივე”. (ავტორი გენია.ჯი)