ძმები ვაინერების რომანიდან – “შეხვერდა მინოტავრთან”

“რა დიდებაა! რა პატივი,რა მოწყალება მოიღეს საწყალ გვარნერის ოჯახზე.მათ უბადრუკ ქოხში სტუმრად მობრძანდა წმინდა დონატის კანონიკი მონსინიორ ჯუზეპე სტრადივარიუსი.ბოდიში,მონსინიორ! ჩვენთან ბნელა და სიბინძურეა.აი,აქ დაბრძანდით,მტვერი უკვე გადავწმინდეთ.ხომ არ ისაუზმებდით? თუმცა ყველისა და პომიდვრის მეტი არაფერი გაგვაჩნია.გმადლობთ,ჭეშმარიტად კეთილო ადამიანო…

ყმაწვილი გვარნერი (ბართოლომეო ჯუზეპე ანტონიო გვარნერი წარმოადგენდა სიმებიანი მუსიკალური საკრავების გენიალურ იტალიელ ოსტატს – ავტორი გენია.ჯი) არ ჯდებოდა,იდგა კედელს მიყრდნობილი.თავბრუ ეხვეოდა,თვალები უჭრელდებოდა,მძიმედ სუნთქავდა.პირს რომ მოიწმენდდა ცვირსახოცით,ტილოზე მოშავო-ალისფერი ლაქები აჩნდა.მამამ მუჯლუგუნი წაჰკრა.

- ბრიყვივით ნუ დგახარ,მოიწიე.ხედავ,რა სიხარული ეწვია ჩვენს ოჯახს.თავისი სიწმინდით ცნობილმა მამაო ჯუზეპემ ინება ჩვენთან მოსვლა.

ჯუზეპე სტრადივარიუსმა (სიმებიანი მუსიკალური საკრავების გენიალური იტალიელი ოსტატის - ანტონიო სტრადივარიუსის ვაჟი – ავტორი გენია.ჯი) არც ხმამაღლა და არც წყნარად,არც გაბრაზებითა და არც ალერსიანად,ჩამკვდარი ხმით უთხრა:

- პატივცემულო გვარნერი,მარტო დაგვტოვეთ,თქვენს ვაჟთან მოსალაპარაკებელი მაქვს.

კარი მიიხურა და ბერმა ასევე უსიცოცხლო ხმით ჰკითხა:

- ჯუზეპე გვარნერი,შენ შეგიძლია მამაჩემზე,ანტონიო სტრადივარიუსზე უკეთესი ვიოლინო გააკეთო?

ყმაწვილი უძლურად დაეშვა ძელსკამზე.მკვირცხლი,შავი თვალები შეავლო ბერს.

- მამათქვენი გენიოსია,მონსინიორ!

- ეს რა პასუხია!

- საკუთარი თავის შეცნობა ვის შეუძლია,მონსინიორ,ნიჭიერი ხარ თუ გეჩვენება? მამათქვენი…

- მამაცემი ღვთის საგმობმა სიამაყემ შეიპყრო და გონება დაუბნელა.საკუთარ თავზე რას ფიქრობ?

- არ ვიცი.იქნებ გავიდეს წლები და იმგვარი ინსტრუმენტის აგება შევძლო,მამათქვენი რომ აკეთებს.

- მერე,რა გიშლის ხელს?

- სიღარიბე.მასალის ყიდვაც კი არ შემიძლია.

- ისეთი კაცი რომ გამოჩნდეს,ფული მოგცეს?

- მთელი სიცოცხლე ვილოცებდი მისთვის და მის სიკეთეს განვადიდებდი ჩემი ვიოლინოების ხმებით.

- შენს გულმოდგინებასა და ნიჭზე თავს სდებს ვაჭარი და შუაკაცი დიუვერნუა.

- მერე რა აზრი აქვს მაგას? – ნაღვლიანად წამოიძახა გვარნერიმ. – თვითონ გაკოტრებულია და ერთი ბაიოკოს მოცემაც კი არ შეუძლია.

- მისი ფული რად გვინდა,ჭკვიანი კაცის აზრი კი გვჭირდება, – გაიღიმა მღვდელმა.

- განა ვინმეს უნდა ფული მასესხოს? – ჰკითხა შეშინებულმა და თან იმედმოცემულმა გვარნერიმ. – განა არსებობს ასეთი კეთილი ადამიანი ამქვეყნად?

- არსებობს.მაგრამ ამქვეყნიურ ფუსფუსში ხშირად გვავიწყდება,ვინ გვაფარებს მფარველობის კალთას დღისით თუ ღამით და წყალობას მოგვაგებს, – წყნარად თქვა ჯუზეპე სტრადივარიუსმა. – ქრისტეს ორდენი ღვთის სახელით დახმარების ხელს გვიწვდის მძიმე განსაცდელისა და ყოყმანის ჟამს.

ანაფორის უძირო ჯიბიდან მღვდელმა ამოიღო და მაგიდაზე დააგდო პირთამდე გატენილი ტყავის ქისა.

- ამაში ათასი პისტოლია.შეგიძლია სახელოსნო გახსნა და გააკეთო ვიოლინოები,რომლებიც თავისი ხმით განადიდებენ ღვთის და მის ერთგულ მსახურთა სახელს.

გვარნერი მუხლებზე დაეცა და გიჟივით დაუწყო კოცნა ჯუზეპეს გამხდარ,თეთრ ხელს.მადლობის სიტყვები ყელში გაეჩხირა.უნდოდა ეთქვა,რა ბედნიერი იყო,როგორ აფასებდა ამ უსაზღვრო დახმარებას.უკანასკნელ გროშამდე დაგიბრუნებთ სიყვარულითა და რწმენით თავდახრილიო,მაგრამ სიტყვები ავიწყდებოდა,ერთმანეთში ერეოდა.მტკივნეულად და ძლიერად უცემდა ჩავარდნილი პატარა მკერდი და კამკამა ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა თვალთაგან.

მღვდელი წამოდგა და ცივად უთხრა:

- მადლობას ნუ მიხდი,მე უფალი ღმერთის,იესო ქრისტეს სახელით ვმოქმედებ.ჰო,კიდევ კარგი,რომ არ დამავიწყდა; ამ ქაღალდს ხელი უნდა მოაწერო,წერა-კითხვა იცი თუ წაგიკითხო?

გვარნერიმ სიხარულისაგან აცახცახებული ხელით გახსნა გრაგნილი და აჩქარებით თავი დაუქნია:

- დიახ,დიახ,ვიცი წერა-კითხვა.

ასოები უხტუნავდა თვალწინ.არ დგებოდნენ მწკრივში.ნელა აცმაცუნებდა ტუჩებს.თავში რაღაც საშინელი აზრი მოსდიოდა,მაგრამ არ უნდოდა დაეჯერებინა.

“ამ დღიდან თხუთმეტი წლის განმავლობაში მე,ჯუზეპე გვარნერი,ანდრეას შვილიშვილი,წმინდა დონატის საწმყსოს ვწირავ ჩემს მიერ შექმნილ ყველა ინსტრუმენტს ჩემზე მოღებული წყალობის სამადლობლოდ,იესო ქრისტეს წმინდა ორდენის,რწმენის ჭეშმარიტი მსახურის საქმეთა და სარწმუნოების განსადიდებლად,შუქმოსილისა გმირობათა და მოწამეობით ჩვენი ღირსსახსოვარის იგნაციუს ლოიოლასი. და ვფიცავ,ყველა ჩემს ინსტრუმენტს ჩემი სახელი მივაწერო,გაშუქებული ადამიანთა ცოდვათათვის წამებულისა – ჯუზეპე გვარნერი,დელ ჯეზუ…”

- როგორ მოვიქცე? – ჩალურჯებული ტუჩებით ჩურჩულებდა გვარნერი. – მე მინდა ჩემს ინსტრუმენტებზე ხალხი უკრავდეს.

- მათზე ღირსეული ადამიანები დაუკრავენ, – თქვა ჯუზეპე სტრადივარიუსმა, – ამაზე ეკლესია იზრუნებს.

- მაგრამ მე ხომ არ შემიძლია,ჩემი თავი გავყიდო თხუთმეტი წლით! – სასოწარკვეთილებით წამოიძახა გვარნერიმ. – მინდა ვიცოდე,რა დაემართებათ ჩვენს ვიოლინოებს.

- ჩვენი სიცოცხლე ღმერთს ეკუთვნის და შენც დიდი პატივი გერგო,ღმერთს ემსახურო.თუ ამ მოწყალებას ვერ დააფასებ,სიღატაკესა და მარტოობაში ამოგხდება სული…

- ჯანი აღარ მომდევს,ვიცოცხლებ კი თხუთმეტ წელიწადზე მეტს? განა ჩემთვის ვეღარასოდეს უნდა ვიმუშაო?

- შენ ღმერთისათვის მუშაობ და ეს ხვედრი ბევრად უფრო ტკბილია,ოღონდ ერთზე იფიქრე,რომ შენი ვიოლინოები მამაჩემისას სჯობდეს.

- ეს რაში გჭირდებათ? – გაოცებით ჰკითხა გვარნერიმ.

- მან ღმერთი დაივიწყა.თუ შენ ისეთი ოსტატი გახდები,ეკლესიას განადიდებ,მთელს მსოფლიოში გაითქვამ სახელს.დაე,მსოფლიოს საუკეთესო ვიოლინოებმა განადიდონ ღმერთი.

ადამიანის თვალი ვერ განჭვრეტს მომავალს.ბერი ჯუზეპე სტრადივარიუსიც ადამიანი იყო და რა იცოდა,მამის წინააღმდეგ რომ მიდიოდა,უკვდავებას უმზადებდა და როცა იეზუიტთა ორდენისათვის გვარნერის ვიოლინოებს აგროვებდა,ვერ დამალავდა ყველაზე საუკეთესოს,რომელმაც სახელი გაუთქვა იეზუიტების მიერ დევნილსა და დაწყევლილ უღმერთოსა და ეკლესიის მტერს – ნიკოლო პაგანინის…” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>