ამონარიდები როჟე მარტენ დიუ გარის დიდებული რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”
„მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ომსა და მშვიდობას მიიჩნევთ, როგორც ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ბუნებრივ მონაცვლეობას… ეს საზარელია!.. ეს არაადამიანური მონაცვლეობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს! საჭიროა სისხლიანი რიტმისგან გათავისუფლებულმა კაცობრიობამ თავისი ენერგია უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად წარმართოს! ომი არ წყვეტს ადამიანის ცხოვრებისეულ არც ერთ საკითხს! იგი მხოლოდ აღრმავებს გაჭირვებულ მდგომარეობას. ომის დროს – საზარბაზნე ხორცი! ომის შემდეგ – კიდევ უფრო მეტად დაჩაგრული მონა! აი, ასეთია მისი ხვედრი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უბრალო ამბავია: მე ვერ ვხედავ ვერაფერს, სრულიად ვერაფერს ისეთს, რაც იმაზე უფრო ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, ვიდრე ომით გამოწვეული უბედურება!..”
* * *
„ჩვენ, ექიმებს ერთი უპირატესობა მაინცა გვაქვს! ჩვენ იმისთვის კი არ გვიწვევენ, რომ სისხლი დავღვაროთ… მობილიზაციით იმისთვის კი არ მივყევართ, რომ მოვკლათ, არამედ ვუმკურნალოთ…”
* * *
„არ შემიძლია შევურიგდე ძალმომრეობას, თუნდაც იგი ძალმომრეობის წინააღმდეგ იყოს მიმართული! არ მსურს ჩემს გონებაში თუნდაც ერთი ხვრელი დარჩეს, საიდანაც ძალმომრეობის სურვილი შეიჭრებოდა!.. მე უარს ვამბობ ყოველგვარ ომზე, სულერთია, როგორ მონათლავდნენ მას – „სამართლიან” თუ „უსამართლო ომად!” უარს ვამბობ ყოველგვარ ომზე, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული!”
* * *
„სახელმწიფოს ინტერესები მაინც ვერ მაიძულებს დავარღვიო ის წესი, რასაც ჩემო მორალური მოვალეობა მიკარნახებს. სახელმწიფოს, რომელმაც უფლება მიისაკუთრა ხელყოფდეს იმ ადამიანის სინდისს, ვისაც იგი მართავს, მისი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ხოლო საზოგადოება, რომელიც პირველ ყოვლისა, ანგარიშს არ უწევს ცალკეულ პიროვნების მორალურ ფასეულობას, ზიზღისა და პროტესტის მეტს არაფერს იმსახურებს”.
* * *
„ – არა, მე არ მჭირდება ასეთი საალბათო მშვენიერი მომავალი, თუკი იგი ომის ფასად დამიჯდება!.. ყველაფერს შევურიგდები, მაგრამ უხეში ძალისა და სისხლის წინაშე გონებისა და სამართლიანობის დაგმობას, ვერასოდეს! უმალ ყველაფერს, ვიდრე ამ საშინელებასა და უაზრობას, უმალ ყველაფერს, ვიდრე ომს!”
* * *
„ჩვენთვის, ჩვენი თაობისთვის, მოწიფული ხალხის თაობისთვის, თანამედროვე საზოგადოება, მიუხედავად მისი ნაკლოვანებისა, მაინც სინამდვილეა. ეს არის მზა და შედარებით მყარი პლატფორმა, რომელიც წინა თაობამ ააშენა და ჩვენ დაგვიტოვა; ფუნდამენტი, რაზედაც თავის დროზე ჩვენც ვპოვეთ წონასწორობა…”
* * *
„ – ეს შენი საყოველთაო საარჩევნო უფლება წმინდაწყლის ტყუილია საფრანგეთში! ორმოც მილიონიან ფრანგზე თორმეტი მილიონი ამომრჩეველიც არ მოდის! საკმარისია ექვსი მილიონი და ერთი ხმა, ესე იგი ამომრჩევლების ნახევარია საკმარისი იმისათვის, რომ ის აღიარონ, რასაც თავხედურად უმრავლესობას ეძახიან. ჩვენ გვყავს ოცდათოთხმეტი მილიონი ბრიყვი, ექვსი მილიონი კაცის სურვილს რომ ემორჩილება და თუ როგორ აძლევენ ხმას, შენც კარგად მოგეხსენება: ბრმად, ბისტროში მოსმენილი ლაყბობის გავლენით! არა, არა, ფრანგს არავითარი რეალური პოლიტიკური უფლება არ გააჩნია. აქვს თუ არა მას დადგენილი წყობის შეცვლის უფლება? არ მოიწონოს ან თუნდაც გააკრიტიკოს ახალი კანონები, რასაც თავს ახვევენ? რჩევას მაშინაც არ ეკითხებიან, როცა მისი სახელით რაღაც კავშირს ამყარებენ, თუმცა ამ კავშირმა შეიძლება კონფლიქტში ჩაითრიოს, სადაც იგი საკუთარ ტყავს დატოვებს! აი, რას უწოდებენ საფრანგეთში ნაციონალურ სუვერენიტეტს!”
* * *
„საზოგადოებრივი ცხოვრება თავისებური თამაშია. უნდა ავირჩიოთ: ან უნდა დავემორჩილოთ, ან თამაშიდან გავიდეთ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დღემდე ომი სწორედ ხალხის უაზრო მორჩილების გამო იწყებოდა”.
* * *
„თავდაუჯერებელი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ბრძოლაზე და თავისი რწმენის გამო დასახვრეტად მიდის, მთელ ჩემს სიმპატიებს, თანაგრძნობას იმსახურებს… ოღონდ მე მას ამაო მეოცნებედ ვთვლი… მე მას ვამტყუნებ!”
* * *
„ადამიანს უფლება აქვს სრულიადაც არ გაუწიოს ანგარიში ნაციონალურ პრეტენზიებს, რისი სახელითაც სახელმწიფოები ერთმანეთს ეომებიან. მე სახელმწიფოს უფლებად არ ვთვლი ძალადობა იხმაროს, სულერთია რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი გამოწვეული, ადამიანთა სინდისზე. მე მუდამ მეზიზღებოდა მაღალფარდოვანი სიტყვების გამოყენება, მაგრამ ეს მაინც ასეა: ჩემი სინდისი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს ჩემში, ვიდრე მთელი ოპორტონისტული მოსაზრებები. ჩემი სინდისი თვით ყველა თქვენს კანონზე ხმამაღლა ლაპარაკობს. თუ არ გსურს, ძალადობამ ქვეყანაზე იბოგინოს, მისი ხელისშემშლელი ერთდაერთი საშუალება ის იქნება, რომ შენ თვითონა თქვა უარი ყოველგვარ ძალადობაზე! ჩემი აზრით, ადამიანის მოკვლაზე უარის თქმა, მორალური კეთილშობილების ნიშანია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს”. – (ავტორი გენია.ჯი)