ოთარ ჭილაძის რომანიდან – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”
„ოჯახში შემოშვებული უცხო კაცი, ვინც უნდა იყოს იგი, შენს მზეს მაინც არასოდეს დაიფიცავს, რადგან შენს მზეს თავისი გოგრის თესლი ურჩევნია და ვიდრე შენთან მოვიდოდა, თავისი მზე ჰქონდა და ახლა ის მზე, რომელიც სადღაც ისევ არსებობს, სიშორისა და მიუღწევლობის გამო, ასმაგად საყვარელი და სანატრელი გახდომია.შენი მზე იმ მზეს ვერასოდეს შეცვლის. გახსენებით კი გაახსენებს და უარესად დაასევდიანებს, გააბოროტებს. ის შენს მზეს უყურებს და თავისი მზე უდაგს თვალწინ, შენს პურს ჭამს და თავისი პური ენატრება, შენს წყალს სვამს და თავისი წყაროს ჩუხჩუხი ესმის, რადგან ასეთია ადამიანის ბუნება, ადამიანისა არა, ხიზნისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნათქვამია, ცხენს პატარა კოღოც მოერევა, თუ დიდი მგელი მიეშველებაო”.
* * *
„მიზეზი მაშინ არის ნატიფი, როცა შენიანის სისხლითაა შეღებილი იგი და არა მოწინააღმდეგისა, რომლის სისხლიც სწორედ ამიტომ უნდა დაიღვაროს”.
* * *
„ამბობენ, თუ ძალიან მოინდომებ რამეს, აგისრულდებაო. ეს ერთდროულად, არის და არც არის მართალი. არ არის იმიტომ, რომ არც ერთი სურვილი, რაც უნდა ძლიერი იყოს იგი, თავისით არ ასრულდება. ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ხოლო მართალია იმდენად, რამდენადაც ადამიანის არსება მთლიანად მოექცევა ხოლმე ამ სურვილის გავლენისა და ზემოქმედების სფეროში და რასაც იგი აკეთებს, ყველაფერი სურვილის კარნახის, უფრო სწორად, ბრძანების კეთილსინდისიერი აღსრულებაა. ეს სურვილი აიძულებს ადამიანს, გააკეთოს მხოლოდ ის, რაც მის აღსასრულებადაა საჭირო, რასაც ამ სურვილის გარეშე არასოდეს გააკეთებდა. ის აიძულებს აგრეთვე, აღმოაჩინოს თავის არსებაში საჭირო ძალაც, სიმტკიცეცა და სითამამეც და, თუკი აუცილებლობა მოითხოვს, თვალთმაქცობის უნარიც, უტიფრობაც და უსინდისობაც კი. აი, ასეთი ყოვლისშემძლეა სურვილი, თუკი წინააღმდეგობას არ გავუწევთ, რაც თავისთავად უკვე საკმაოდ დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, რადგან ყოველგვარი სურვილი თანაბრად მომხიბვლელია და მომთხოვნი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ორ ნაწილადაა გაყოფილი,ერთი ტახტზე ზის,მეორე კი ტახტს დაეძებს”.
* * *
„შენს სახლში, სადაც მხოლოდ შენი ნაცნობ-მეგობრები შეკრებილან, თანაც ხელში ღვინით სავსე თასიც გიჭირავს, სასიამოვნოცაა ლომზე საუბარი, თანაც ისეთ ლომზე, რომლის სიავე და დაუნდობლობა ზღაპრად ქცეულა და მთელ ქვეყანას მოსდებია, მაგრამ ბრიყვი უნდა იყო, თუ ასეთივე გრძნობა დაგეუფლება, როცა ამ ლომის ბუნაგის სუნი გეცემა ცხვირში”.
* * *
„კაცს თუ წასასვლელი ეგულება, აუცილებლად წავა კიდეც, რადგან ყველას იქ ურჩევნია, სადაც თვითონ არ არის”.
* * *
„ტახტი რა მითქვამს, თუ ქვეყნისთვის უვარგისი კაცი აბობღდება ზედა. ფუი, ფუი და კიდევ ფუი ეგეთ ტახტსაც და ზედ მჯდომარესაც”.
* * *
„ჩხუბიცა და მორიგებაც და-ძმანი არიან, ერთი დედის გაჩენილი, უერთმანეთოდ ორივე კოჭლია, ერთად კი ორივე ლამაზი”.
* * *
„სადაც თვალს გაახელ, შენი სამშობლოც იქ არის. გინდა ცხვარი იყავი და გინდა ადამიანი”.
* * *
„უცნაურია, მაგრამ ადამიანს სწორედ მაშინ უჩნდება იმედი, როცა თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ის ამ იმედს ჯიუტად, ბოლო წუთამდე ებღაუჭება და ურჩევნია უკეთესზე იფიქროს, ვიდრე უარესი შეამჩნიოს. ასეთია მისი ბუნება და თუკი საამისოდ რაიმე საშუალება გააჩნია, საკუთარ უბედურებას არ დაიჯერებს, რადგან დაჯერება უბედურების ბოლო საფეხურია, იქ წყდება კიბე და მერე აღარაფერი აღარაა, სიმარტოვის სუსხისა და წყვდიადის გარდა. მან შეიძლება ძვირფას ცხედარს მკერდზე ყურიც კი დაადოს, ხომ არ მეშლებაო, და ალბათ, ამიტომაც არ მარხავს მაშინვე, იმედი აიძულებს ფეხი აითრიოს და რაც შეიძლება გვიან შეხედოს სიმართლეს მკაცრსა და გათოშილ თვალებში”. – (ავტორი გენია.ჯი)