ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის ნოველიდან – „სიზმრის კედელს მიღმა”
„ხშირად ვფიქრობ, ადამიანთა მოდგმის უდიდესი ნაწილი რატომ მსჯელობს დაუღალავად სიზმრების კოლოსარულ მნიშვნელობაზე და იმ იდუმალ სამყაროზე, რომელსაც ის მიეკუთვნება. ღამეული ზმანებები ხომ უმთავრესად სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი სიფხიზლის შთაბეჭდილებების სუსტი და ფანტასტიკური ანარეკლი, ფროიდის უმწიფარი სიმბოლიზმის მიუხედავად, თუმცა მათში გამუდმებით ისმის მიწიერის ყრუ გამოძახილი; მათი გაურკვეველი, მაგრამ აღმგზნები და შემაშფოთებელი ზემოქმედება გვკარნახობს, რომ შეიძლება წამით შეიჭყიტო მენტალური ყოფიერების სფეროში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკურ ცხოვრებაზე, მაგრამ ამ ცხოვრებისაგან ჯერჯერობით თითქმის გადაულახავი ბარიერით არის გამოყოფილი. ჩემი საკუთარი გამოცდილება არ მაძლევს უფლებას დავეჭვდე იმაში, რომ ძილის დროს ადამიანი თავისი მიწიერი შეგრძნებების დაკარგვისთანავე სხვა უსხეულო ცხოვრებაში გადადის, რომლის ბუნება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ცხოვრებისაგან, რომელიც ჩვენთვის ცნობილია. და მხოლოდ ბუნდოვანი და საკმაოდ არამკაფიო მოგონებები რჩება მეხსიერებაში გამოფხიზლების შემდეგ, ამ გადღაბნილი და წყვეტილი მოგონებებით ჩვენ უამრავი რამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ ცოტას დამტკიცებას თუ შევძლებთ. შეგვიძლია მივხვდეთ, რომ სიზმრების სამყაროში მატერია იმ გაგებით, როგორც მას ამ სამყაროში ვიცნობთ, სულაც არ არის უცილობლოდ სტაბილური და უწყვეტი, და რომ დრო და სივრცე იქ არ არსებობს იმ სახით, როგორც ჩვენ წარმოვიდგენთ სიფხიზლისას. ხანდახან ვიწყებ დაჯერებას, რომ სწორედ ეს ნაკლებ მატერიალური ყოფა არის ჩვენი ნამდვილი ცხოვრება და რომ ჩვენი მოფუსფუსე ყოფიერება დედამიწაზე მეორადი ან სულაც შემთხვევითი ფენომენია”. – (ავტორი გენია.ჯი)