თამაზ ჭილაძის რომანიდან – “ჩამავალი მზის სხივი”
“ყველაზე დიდი უბედურება ალბათ ისაა,ვიღაცას რომ მიადგები,ან შემთხვევით წააწყდები,ის ვიღაცა ადამიანი გგონია,ფიქრობ,ადამიანურად მომექცევაო,თუნდაც იმას მაინც გკითხავს,რა გიჭირსო,მაგრამ აღმოჩნდება,რომ ის ვიღაცა ადამიანი არ არის,აღარ არის,დაავიწყდა,როდისმე ადამიანი თუ იყო და ამიტომ გირჩევნია ისევ ძაღლებმა დაგგლიჯონ,ვიდრე იმ კაცს შენი გასაჭირი შესჩივლო.უნდა ეცადო,შენი გაჭირვება ბოლომდე დამალო,როგორმე გაუძლო და არ თქვა,არ გაამხილო,მაგრამ თუ იტყვი,დარწმუნებულიც უნდა იყო,რომ გაგიგებენ…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ათასი ხიფათითაა სავსე ქალაქი,საიდან გამოგივარდება,არ იცი.ისე ხოცავენ ერთმანეთს,თითქოს ვიღაცისთვის აღუთქვამთ,ჩვენ თვითონვე მოვისპობთ ჩვენს თავს,თქვენ ნუ შეწუხდებითო”.
* * *
“ყველაზე საშინელი გამოგონილი და ძალით დაჯერებული სიყვარულია”.
* * *
“არჩევანზე თუ მიდგებოდა საქმე,მე ჯოჯოხეთს ავირჩევდი და აი,რატომ: სიკვდილს ზოგიერთი,მათ შორის ძალიან ჭკვიანი ადამიანიც კი,”იმქვეყნიურ ცხოვრებას” ეძახის,რაც მეტად საყურადღებო და დამაფიქრებელია.რა საფუძველი გააჩნია კაცს ამისთვის,საიდან იბადება ასეთი აზრი? საიდან,ჩემო კარგებო, და ჯოჯოხეთიდან! მაშ! ტკივილის შეგრძნება,რისთვისაცაა გამოგონილი და შექმნილი ჯოჯოხეთი,სიცოცხლისმიერია,მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლეს ახასიათებს,სიცოცხლის ნიშანია.მკვდრისთვის ტკივილი აღარ არსებობს.მტკივა – ესე იგი ცოცხალი ვარ! ასე რომ,სამოთხეს ისევ ჯოჯოხეთი სჯობს,რადგან იქ ცოცხალი რჩები სამუდამოდ.თუ ცოცხალი არა ხარ,ხომ ვერც დაიტანჯები?!”
* * *
“სიკვდილი,ისევე როგორც სიცოცხლე,თავისთავად უაზრობა არ შეიძლება იყოს.უფრო სწორად,ყველა სიკვდილი როდია უაზრობა.უაზრობაა მხოლოდ ის სიკვდილი,რომელიც შემზარავია,ან ტკივილთან ერთად,გაკვირვებასაც იწვევს…”
* * *
“ყველაზე დიდი წამება გამუდმებული შიში ყოფილა და ამასთანავე – ყველაზე დიდი დამცირებაც!”
* * *
“ადამიანს,ეტყობა,მხოლოდ მხოლოდ სიძულვილი აძლევს ძალას,დაუნდობელი რომ გახდეს.დაუნდობელი თუ არა ხარ,ამქვეყნად ვერ გაძლებ,გაგსრესენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“განა ყველაფერი მოწამლული არ არის! შევეჩვიეთ.ხალხი ყველაფერს ეჩვევა,ოღონდ ,ხარჩო აჭამე და ერთი ჭიქა ბურახი დაალევინე.ხალხიც მოწამლულია.ყველანი მოწამლულები ვართ.საითაც უნდა გაიხედო – რადიაციის ზონაა.ჩერნობილია.ყველაფერი საშიშია.ყველაფერზე მეტად – მოწამლული ადამიანი.ზღვას რა უჭირს,ზღვაში სულ არ ჩავა კაცი,მაგრამ მეორე ადამიანს ხომ უნდა დაელაპარაკოს.ლაპარაკიც აღარავინ იცის.წინათ ხალხი ლაპარაკობდა,ბაღში ისხდნენ,სეირნობდნენ და თან ლაპარაკობდნენ.ახლა ყველა გაჩუმებულია,ანდა მარტო აუცილებელ სიტყვებს ამბობს,როგორც ოპერაციის დროს: დანა,ნემსი,იოდი,რა ვიცი,რას ამბობენ ოპერაციის დროს! ლაპარაკისთვის კი სულ სხვა სიტყვებია საჭირო.აი,ის სიტყვები დაგვავიწყდა”.
* * *
“კაცი,რომელიც სწორედ იმ უსიამოვნებასა და უბედურებას გადაეყრება,რომელსაც ყველაზე ნაკლებად მოელის ანდა სრულებით არ მოელის,არც კი წარმოუდგენია,რომ მასაც,სხვასავით,ასეთი რამ შეემთხვას.სხვა სწორედ იმიტომ არსებობს,რომ ყველა უბედურება მას შეხვდეს და არა შენ! და თუ შენ გახდი იმ უბედურების მსხვერპლი,ეს დიდ უსამართლობად მიგაჩნია.ღმერთო,რატომ მაინცდამაინც მე,რაღასთვის გააჩინე ამდენი ადამიანი,თუკი ყველა უბედურებას მე დამატეხდი თავს?! როგორც ჩანს,ყველას თავისი უბედურება აქვს და ამავე დროს ყველას ჰგონია,რომ ის უბედურება მისი არ არის.მაინც რა უსაზღვროა ღმერთის ფანტაზია,რამდენი უბედურებაა ამქვეყნად!..”
* * *
“გაადამიანების პროცესი დიდი ხანია დამთავრდა.ვინც ვერ მოასწრო,აღარაფერი ეშველება,სამუდამოდ მაიმუნად დარჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ზოგჯერ მინდა გავცურო შორს,შუაგულ ზღვაში.იქ გულიანად გამოვიტირო ჩემი ცხოვრება და დავბრუნდე…”
* * *
“ბედნიერება,მართალია,სიხარულსა ჰგავს,მაგრამ მისგან ძალიან განსხვავდება.სიხარული თუ ზედაპირზე დატივტივებს,ბედნიერება ფსკერზე დევს.იქამდე რომ ჩააღწიო,კიდევაც უნდა იცოდე,სად ჩადიხარ,არ უნდა გეშინოდეს,რომ იმ სიღრმეში ფილტვები დაგისკდება.მოკლედ,უვიცი და ლაჩარი ბედნიერი ვერ გახდება.ამასთანავე შეიძლება სრულებითაც არ გიხაროდეს და მაინც ბედნიერი იყო.ამდენად,ბედნიერება არა მარტო გათვითცნობიერებული სიხარული,არამედ გათვითცნობიერებული მწუხარებაც,სევდაც,დარდიც ყოფილა”.
* * *
“ღმერთმა ადამიანი თიხისგან გამოძერწაო! თიხისგან კი არა,ნეხვისგან შექმნა,ნეხვისგან!”