ამონარიდი თამაზ ბიბილურის რომანიდან – „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის”
„ტოროლამ ერთბაშად იგრძნო, რომ ზემოთ აფრენა აღარ შეეძლო,სხვა დროს კი როდის აღარ აფრენილა, სწორედ ლაჟვარდის იმ კამარაში, სადაც ყველაზე უფრო ლაღად სტვენდა, ყველაზე უფრო აუხსნელი სიხარულით თრთოდა. მიიხედ-მოიხედა და უკვე სრულიად მარტო იყო. ის ჟინი მაღალ სივრცეთა მოხილვისა, უკვე გამქრალიყო. ლაჟვარდი უფრო და უფრო ზემოთ რჩებოდა, დედამიწა კი ახლოვდებოდა. სიხარულს კი არა, მხოლოდ დაღლილობას გრძნობდა. ლაჟვარდის შორეული კამარა აღარაფერს ეუბნებოდა და ტოროლამაც შიშით გაიფიქრა: „მგონი ვკვდები”. გაიფიქრაო, ამას ამბის მთხზველი იტყვის, თორემ ტოროლა მხოლოდ უსტვენდა, და თუ ისევ ამბის მთხზველს დავუჯერებთ, ტოროლა სიკვდილის სიმღერას მღეროდა – გაქრობის შიშზე, ამქვეყნად მოსვლის ამაოებაზე, არარაობად ქცევის გარდუვალობაზე… მაგრამ ტოროლამ ეს არ იცოდა რისთვის მოვიდა ქვეყნად, მხოლოდ ხმას გამოსცემდა და არ უწყოდა, რომ მის ხმას ქვეყნიერებაზე ვინმე უსმენდა, თუ ეს ხმა ვინმეს ჭირდებოდა, თუ ამ ხმას ვინმე ეძებდა. ტოროლამ არ იცოდა რისთვის მოვიდა ქვეყნად და რისთვის ეთხოვებოდა სიმღერით. ეს რომ სცოდნოდა, მაშინ ტოროლაც არ იქნებოდა. ამის ცოდნას მხოლოდ ის დაიჩემებს, ვისაც ჰგონია, რომ ერთი პატარა ტოროლას უკანასკნელი სიმღერა, ანუ სიკვდილი, ამოდენა სამყაროში რაიმეს ნიშნავს. ხო, ტოროლა მხოლოდ შეთხზულ ამბავში ფიქრობს სიკვდილზე, ამბავში, რომელიც შეიძლება მხოლოდ იმით გახდეს ღირებული, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეთხზული კი არა, ნამდვილი გამოდგეს. იმ შეთხზულ ამბავში ტოროლამ შიშით გაიფიქრა: მგონი ვკვდები… ამ ფიქრს მაშინვე სხვაც მოჰყვა: ცაში მაინც მოვკვდე და მერე დავეცე დედამიწაზე. აქ მაინც სხვაა, რაც არ უნდა იყოს, ლაჟვარდია… ლაჟვარდი კი უცნაურად უცხო, ცივი და შორეული გამხდარიყო: თითქოს სულ ერთი არ იყოს, სად ვკვდები… ამის გაფიქრებამ ტოროლას თავი შეაზიზღა, ისევ დაავიწყდა თავისი უღონობა და მცირე ხანს ისევ ლაჟვარდისკენ აიწია: სიბერემ გამომაჩერჩეტა, ამოდენა გზას ეხუმრები? რა თქმა უნდა, ზეცაში სიკვდილი მაინც სხვა არი, ზეცა მაინც ზეცაა.
იმ წამში გაუშეშდა ფრთები და მიწისკენ ქვასავით წამოვიდა.
შეთხზული ამბის ავტორს თუ დავუჯერებთ, აბრია მახაურს, სიკვდილს რომ ხვდებოდა, ტოროლას გალობა ჩაესმოდა. იმ წამში კი, მზის ერთ პატარა პლანეტა დედამიწაზე, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა”. – (ავტორი გენია.ჯი)