ამონარიდები ქართული ლიტერატურული ქმნილებებიდან…
“ვინ არ მისტანებიხართ დასაჭერად ოთახში შემოფრენილ ჩიტს,რომელიც თავგადაკლული ეძებს გასასვლელ გზას და ხან ერთი სარკმლის მინას დაეტაკება თავით,ხან მეორისას,მანამ უგონოდ ძირს,სარკმლის ფიცარზე არ ჩამოვარდება თავგატეხილი.საწყალი კვნესის,სულს ჰლევს და თან კიდევ შიშით თრთის.შენ ხელში იყვან საჩქაროდ და ერთ წამს მაინც სიამოვნებასა გრძნობ,რომ ამ თავისუფალმა ფრინველმაც იგემა მონობის სიმწარე.
თავისუფლების შემფრინავნი იმავე თავისუფლების დაუძინებელი მტრები ვართ…” – თედო რაზიკაშვილი (მონადირე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გაჭირვებულს ისევ გაჭირვებული თუ გაიკითხავს,თვარა მდიდარს ჩვენი არა ეყურება-რა”. – დუტუ მეგრელი (პატარა ქველმოქმედი)
* * *
“ყოვლად მოწყალეო ღმერთო,შენ დამიფარე ჩემი თედო მტრის მახვილისაგან! – ხელ-აღპყრობით შეევედრა მარინე ღმერთს. – შენ იცი,გულთამხილავო,რომ სამშობლოსა და სჯულის სიყვარული მამეტებინებს ამ ერთად-ერთს შვილს,რომელიც ჩემი თვალისჩინია და რომელსაც მე,ახალგაზრდამ,თავი შევწირე.ღმერთო,ისე პირნათლათ ამყოფე საქართველოსთან ჩემი 18 წლის თედო,როგორც ცხონებული იმისი მამა იყო ყველასაგან ქებული და მხნე მეომარი თავის ქვეყნის მტრებთან”. – განდეგილი (მარინე)
* * *
“გული,უმოყვროდ და უამხანაგოდ დაშთენილი,სამარეა,მძოვრგანსასვენებელი სავანე, – სხვა არაფერი…” – განდეგილი (თვალები)
* * *
“საშინელებაა სიღარიბე,მაგრამ ბედნიერებას ვერც სიმდიდრით იშოვი კაცი…” - განდეგილი (თვალები)
* * *
” – ზღვა ძალიან მიყვარს,მაგრამ შორს არასდროს მივდივარ,არ მივდივარ სხვასთან ერთად.შორს მივდივარ მხოლოდ მარტო… ხანდახან ისე შორს,რომ ნაპირს ვერ ვხედავ.მე მაშინ ძალიან მეშინია ზღვის,იმიტომ,რომ ზღვა არის უზარმაზარი მილიონჯერ,მილიარდჯერ,უსასრულობამდე ჩემზე დიდი და შეიძლება ისე დამკარგოს,ისე ჩამნთქას,ისე გამთქვიფოს თავის დინჯ,მძიმე ზმორებაში,რომ ვერც კი შეიტყოს,ვერც მიხვდეს და ვერც იგრძნოს… თან არ მეშინია იმიტომ,რომ ზღვას საოცრად რბილი სხეული აქვს და ზღვა საოცრად თბილია.თუ შეგიშვა ზღვამ,იგი არასოდეს დაგახრჩობს.ზღვამ არ იცის ღალატი.მაგრამ ზღვას არ უყვარს,როდესაც მისი არ ეშინიათ.იგი თანდათან გაფრთხილებს,გეუბნება,გთხოვს,ღრიალებს,ქვეყანას ანგრევს,სახლისოდენა ტალღებით გაწვება ხმელეთისაკენ,ხელს გკრავს,არ მოხვიდეო და თუ შებედე,ზღვას არ უყვარს, – როდესაც მისი არ ეშინიათ.ზღვას ზღვასავით დიდი გული და თავმოყვარეობა აქვს,ზღვა ცოცხალია და, როდესაც ზღვა ლაპარაკობს,ზღვას უნდა უსმინო”. – ნოდარ დუმბაძე – (მზიანი ღამე) – (ავტორი გენია.ჯი)