ამონარიდები ნიკო ლომოურის ნაწარმოებებიდან…

“ხომ გინახავთ,ჩემო ბატონო,ისეთი ადამიანი,რომელსაც სახე ანგელოზისა აქვს,გული კი ბოროტებით სავსე კუდიანისა?! გამოუცდელი კაცი ადვილად აჰყვება ხოლმე ამგვარ შეხედულობას,ფარვანა პეპელასავით თავს ევლება მის სიმშვენიერეს და ბოლოს,ფარვანას მსგავსადვე,კისერს იმტვრევს მის ცბიერებით სავსე გულზედა.ხედავს თავისი იმედების გაცრუებას და აღშფოთებული წყევლა კრულვას უგზავნის იმ წამს,როდესაც მის გარეგნობას პირველად მოჰკრა თვალი”. – (ყოველის მხრიდან) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ზოგიერთ ვაჟბატონ-ქალბატონებს დიდ სიბრძნეთ მიაჩნიათ შემდეგი სიტყვების წამოროშვა: ქართველი კაცი ზარმაციაო… ახ,ნეტავი როგორც შრომისა და გარჯის სურვილი არ აკლია მას,ისე ცოდნა-განათლება არ აკლდეს და სხვა მრავალი მძლავრი გარემოებანი არ უცარავდნენ ხელსა… და მაშინ დაინახავდით,როგორ ჯარასავით დაატრიალებდა იგი თავის ბედისა და იღბლის ბორბალსა!” – (ყოველის მხრიდან)

* * *

“დიდება შენსა ძლიერებასა,უმანკოების უქრობელო ლამპარო,ადამიანის სინდისო!..” - (ყოველის მხრიდან)

* * *

“ყოჩაღად იყავ! მთელი ჩვენი საზოგადოება სულ დიდრონ-დიდრონი არამზადებით არის სავსე.შენი ამბები მათ საქციელთან ბავშვის ტიკტიკად გამოჩნდება.მაშ,ვისი უნდა შეგრცხვეს? ვის წინ უნდა ჩაღუნო თავი? ნუ შეუშინდები იმ ვაჟბატონებსაც,რომელნიც პატიოსნებაზე,სინდისზე და სხვა ამგვარ რამე-რუმეებზე ხმამაღლა ჩხავიან.იცოდე,რომ ყველაზე დიდი და გაქნილი არამზადები ესენი არიან! უნდა ერთი რამ კარგად დაიხსომო! რამდენადაც ცუდი იქნება შენგან ჩადენილი საქმე,იმდენადვე უნდა სითამამე-გამბედაობას მოუმატო.ზოგჯერ ურცხვობას გმირულ თვისებად რაცხავს ხალხი”. - (ყოველის მხრიდან) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ბედნიერთა და უბედურთათვის ცისა და ქვეყნის სიმშვენიერეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს”. – (წუთისოფელი)

* * *

“მშიერს მაშინ გააჩუმებ,როცა მაძღრისად მისცემ საჭმელს”. - (წუთისოფელი)

* * *

“მხილება იქ არის შესაძლებელი,სადაც სინდისი სულ მთლად არ არის გათხუპნული საძაგლობისა და ბოროტების ჩირქით.რა ხელი აქვს სინდისს იმ ორფეხა პირუტყვებთანა,რომელთაც ეს სინდისი დიდი ხანია მეტ ბარგად ჩაურაცხავთ,ამოუგლეჯიათ სულიდან და გულგრილად გადაუსროლიათ სანაგვეზე?..” - (წუთისოფელი)

* * *

” – არა,შვილო,არა!.. ღმერთს ერწმუნე,რომ ბევრში ძველი დრო სჯობდა ახალსა… სადღაა ახლა ისეთი დროს გატარება!.. იმნაირად მიგებება ბრწყინვალე დღესასწაულისა?.. ან სადღა არიან ამ ჩვენ დროში მოხუც თევდორესთანა,დიდ დედა დარეჯანისთანა,ან თუნდა ზედაადგრიანთ ტეტიასთანა ადამიანები?.. მდევები იყვნენ,მდევები ის დალოცვილის შვილები… ღვთის წინაშე,დროც კი ისეთი იყო მაშინა… ხალხი თითონ ზრუნავდა თავისთავზედა,თავადი,აზნაური,მღვდელი,ერი – ყველანი დღედაღამ იარაღში ისხდნენ და გამწარებით ებრძოდნენ მტერსა… ეს გამუდმებული ბრძოლა,თავგამოდება გმირებსა ჰბადავდა,ვაჟკაცებსა ზრდიდა… ახლა? ახლა საყოველთაო სამსახური აღარაფრისა გვაქვს,ამიტომ დაკარგულია ერთობაცა,სიყვარულიცა,ერთმანეთის გატანაცა… ყველანი ცალ-ცალკე გავრბივართ,ყველას ჩვენი საკუთარი თავი გაგვჭირვებია და ამის გამო მხოლოდ ჩვენ თავზე ვზრუნავთ,გმირები და ვაჟკაცები ქონდრის კაცუნებად გადაიქცნენ!..” – (ბერუა ქრისტესაშვილი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“შიშითა და მონური მორჩილებით,სახრითა და მუშტით არაფერი გაკეთდება საფუძვლიანათა.ესეთი საქმე ტალახით აშენებულ კედლებსა ჰგავს: სანამ წიხლს არავინა ჰკრამს,ან წვიმა-ქარიშხალი არ დაჰკრამს,სინამ იდგება,მაგრამ საკმარისია რაიმე შემთხვევა დაატყდეს თავსა და ეს ჩვენი კედელიც მაშინვე დაინგრევა…” - (ბერუა ქრისტესაშვილი)

* * *

“ბედნიერია,ჭეშმარიტად ბედნიერია,ის მოღვაწე,რომელიც თავის სიცოცხლით შვება-ლხენასა ჰფენს ტანჯულ,დავრდომილ ხალხსა,ხოლო თავის სიკვდილით მდუღარე ცრემლს აფრქვევინებს მას!!!” – (პაწია მეგობრები) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>