ამონარიდები გრიგოლ რობაქიძის რომანიდან – “გველის პერანგი”
“უწინ ქალების სიტიტვლე ყელიდან იწყებოდა,ეხლა ფეხებიდან იწყება… სტილთა სხვაობა აქაა მოქცეული… ყელიდან დაწყებული სიტიტვლე რომანტიზმის ხაზი იყო,რომელიც სენსუალობაში გადადიოდა შეუმჩნევლად… დღეს სიტიტვლე ფეხებიდან იწყება და ღმერთმა იცის რაში გადადის… დღეს ეპოქის ნიშანი ეს ტიტველი კანჭებია და ტიტველი მუხლები.აფიშებზე – ტიტველი კანჭები,ჟურნალებში – ტიტველი კანჭები.ყველგან ქალის ფეხები: პაპიროსის კოლოფზე,წიგნის ყდაზე,საცვლების რეკლამაზე… არ არის ეს დროის ნიშანი?.. ეს ღირს სოციოლოგიურ კვლევად”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთმა ნუ ჰქნას,რომ ქალები სავსებით გატიტვლდნენ… მაშინ ვინღა მიეკარება მათ?..”
* * *
” – ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს,როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და დაგდებულს… როგორც ძველად იტყოდნენ…
არჩიბალდ კიდევ ელის სიტყვას.
ტაბა ტაბაი არ აყოვნებს:
- სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება…”
* * *
“რად უნდა “რომელი საათია” დროდაკარგულს”.
* * *
“ყველაფერს შეიძლება გაექცე.მტერს.მხეცს.შავჭირს.ყოველ უბედურებას.ვერ გაექცევი მხოლოდ “მრავალ ჟამიერს”.ქართველი აღაპშიაც გასძახებს ხოლმე “მრავალ ჟამიერს”.ქეიფში – ვინ დააკავებს?! მღერის ქართველი “მრავალ ჟამიერს” რაღაც წვალებით.კვინიხი მომღერალს უსკდება და ყურები მსმენელს.აწვალებს რამე?! “ფროიდი” თუა მისი.ეშინია მოკლე ჟამის და მისთვის უყივის მრავალ ჟამს თუ მრავალი ჟამი გაუვლია და ეძახის გადასულ ჟამს?! შესაძლოა პირველი იყოს მართალი.შესაძლოა მეორე.შესაძლოა ორივე.უდავო ის არის მხოლოდ: რომ “მრავალ ჟამიერს” ვერ გაექცევი”.
* * *
“სპარსეთში ქურდობაზე ვერც ღამე აცდენს ადამიანს”.
* * *
“საგულისხმოა მთვარე – სინათლის მომცემიც და სინათლის მოძულეც… აქაა მისი ნიშანი.ხომ ხედავთ: თესალიელ კუდიანებს სცოდნიათ: რომ მთვარე მოხარულია ძაღლების ყეფის… დიახ! მთვარე მძორი პლანეტაა.
რაც არის – არ არის… მთვარე: ლანდი ამ “არ არის”.. მოჩვენება.. მეორე პირი.. სიკვდილის სუნთქვა: მისი ფერი და მისი გუნება.. სიკვდილის ნიშანი: მძორი.. ყნოსვა მძორის.. ყეფა.. შემზარავი.. საშინელი… ეგებ მართალია ჭორფლიანი ნაყვავილევი: სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი.. მთვარე ხომ მელანქოლიურია.მაგრამ რად ეტრფიან მას პოეტები?! მისთვის ხომ არა რომ წინაგრძნობენ სიყვარულის დაფერფვლას?! რად უმღერიან მას პოეტები?!. ალბად მისთვის,რომ წინაგრძნობენ სიკვდილის სურნელს”. – (ავტორი გენია.ჯი)