ინაიათ-თულ-ლაჰ ქანბუს წიგნიდან – “ერთგული და მოღალატე ცოლები”
“სიყვარული ისეთი მბრძანებელია,რომლის ხასიათს ადვილად ვერ ჩაწვდები, და ისეთი გამგებელია,რომლის პატიოსნების კალთაც ამქვეყნიური სიბინძურით არ იბილწება.სიყვარულისთვის სულერთია მარგალიტით სავსე თუ უბრალო სადაფი; სიყვარული არც ძვირფას სამოსში გამოხვეულ ვარდს ანსხვავებს პერანგჩამოხეულ ეკლისგან.ვინც კი სიყვარულის მეუფესთან გაემართა,ამქვეყნიურ გაწამაწიაზე ფიქრით თავი აღარ შეუწუხებია; ვინც კი მას დაუახლოვდა,სახელსა და ჩამომავლობაზე აღარ უფიქრია.სიყვარულის წყალობით მტვრის ნამცეცი მზეს გულში იხუტებს და წვეთი კი ზღვას ალერსით აღრჩობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ხალასი სიყვარული და ჭეშმარიტი გრძნობა ხან მიჯნურის ჯიბიდან ამოჰყოფს თავს,ხან სატრფოს საყელოდან იხედება”.
* * *
“მუჭით ქარის დაჭერა არ ეცადოთ.სულერთია,მაინც ვერ დაიჭერთ!”
* * *
“სიყვარულის მშვილდი ყოველ კუნჭულს ისრებით როცა ავსებს,შეგონებათა ფარი ვერას გიშველით!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“წლების მანძილზე თავდადებით ვინც კი მსახურებს,სიბერეში მონობისაგან თავისუფლდება”.
* * *
“ადამიანებისათვის სარგებლობა რაშია? – უნდა გაურბოდნენ ცუდ მეგობრებს; მათი სიბრძნე რაშიღა გამოიხატება? – იმაში,რომ მტრის ეშმაკობა თავიდან აიცდინონ”.
* * *
“ეს ცვალებადი სამყარო ერთგვარად არასდროს იქცევა.მას ძველი ჩვევების დარღვევა და ახალთა შექმნა უყვარს”.
* * *
“ყველა,ვინც კი სიცოცხლითა და წამიერი არსებობით თავს იწონებს,ბოლოს და ბოლოს იძულებულია ეს ქვეყანა სამუდამოდ მიატოვოს,თავის ნამოქმედართა ტვირთი ზურგზე მოიკიდოს და იმქვეყნის გზას დაადგეს.ეს ძველთაძველი და უცვლელი კანონია კაცთა ბედისა.გარდუვალ წესთა თანახმად ამ მირაჟებით სავსე უდაბნოს მგზავრნი ხელცარიელნი და შიშველ-ტიტველნი უნდა დაადგნენ არყოფნის უდაბნოსაკენ მიმავალ გზას,ყოველგვარი ვნებები და გრძნობები უარყონ და ნებივრად განისვენონ”.
* * *
“ო,შვილო ჩემო! კარგად მისმინე და გაფრთხილდი.დადგება დრო და შენც დაბერდები.ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო ამ ქვეყნის წარმომავლობაზე,ზეცის ულმობლობასა და ჩვენი სიცოცხლის ხანმოკლეობაზე არაფერი იცი.ჩემს მაგალითზე შეიცან ყოველივე და ჩემს დარიგებასაც გულდასმით მოუსმინე.იმ სახელოვან და კეთილ საქმეებზე ხელს ნურასოდეს აიღებ,რომელთაც ადამიანურ ბედნიერებამდე მივყავართ.მით უმეტეს,რომ ზურგზე უმძიმესი ტვირთი გკიდია და ისეთი მნიშვნელოვანი საქმე გაბარია,როგორიც სახელმწიფოს მართვაა.ფხიზლად იყავი და სისხლისმსმელ მგელს – უთანხმოებასა და განხეთქილებას ნება არ მისცე შენს ქვეშევრდომთა ფარას დააცხრეს,რადგან ასეთი გაუფრთხილებლობა თვით მწყემსს მოსცხებს ჩირქს.ამ მოჩვენებით სამყოფელში,რომელიც სინამდვილეში არყოფნაა ყოფიერების სახით მოვლენილი,ისე მოიქეცი,რომ შენი დიდების კალთა ბოროტებით არ შეილახოს.ხელისუფლება – პატარძალი – მხოლოდ სამართლიანობით მოკაზმე,რადგან ესაა ამქვეყნად მეფურ უფლებათა ძლიერების,იმქვეყნად კი საუკუნო ნეტარების საწინდარი.მეომარ კაცებს ხმალზე ხელს ნუ ააღებინებ,რადგან ხმლის წყალობით ხარობს ძალაუფლების ჯეჯილი.ხმლის უკუგდება და რაინდთა უყურადღებოდ დატოვება სულის სიღატაკისა და დაკნინების მაჩვენებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ო,ბრძენო და განსწავლულო კაცო! ჭეშმარიტებათა მაძიებელთ შეხედე და დაინახავ,რომ დედამიწის ყოველ ბინადარს სასმისი ელოდება წარწერით: “სადაც არ უნდა იყოთ,სიკვდილი ყველგან გიპოვით”.