ამონარიდები ზაქარია გულისაშვილის მოთხრობებიდან…
” – ჰე,შვილო,ე ცხვრის პარსვა ხომ გინახავთ? დაამწყვდევენ ცხვრებს შემოღობილ ბაკში და მერე შევლენ მპარსავები დასაჭერად… ცხვრები სულ მირბიან კუნჭულში, და მპარსველი რომ მიუახლოვდება,ისინი მარტო ფეხებს აბაკუნებენ.კაციც სტაცებს რომელსამე ხელს და გამოათრევს,მერე რაკი წააქცევს და პარსვას დაუწყებს,თუმც ფეხგაკრული არ იყოს,მაინც აღარ ინძრევა,მარტო ხვნეშის საწყალი,დიდის მწუხარების მგრძნობი; გაპარსავენ და რომ გაუშვებენ,გახუზული მირბის,მითომ აქ არაფერი ამბავიაო… ასე დაპარსეს მთელი ფარა.თუ ცოტაღა მოუპარსავი დარჩა,თვითონვე მისცვივიან მპარსველს – დამიჭირეო…
ჩვენც მუდამ წმიდად ცხვრები ვართ; ვიცით,რომ სხვები ცხვრებსავით გვპარსავენ,სულ გვინდა გავექცეთ,მაგრამ იქავე ფეხებს ვაკაკუნებთ.როცა გვიჭერენ გასაპარსავად,ჯერ კი ფეხებს ვიქნევთ და როცა გვპარსავენ ცხვარივით ჩუმადა ვართ,ყურს ვუგდებთ.რო გაგვპარსენ,მერე ფეხებზე გვკიდია,პარსვაზე აღარც კი ვფიქრობთ.დღეს პაპასა პარსავენ,ხვალ სხვას გაპარსავენ და მერე ვინც დავრჩებით თვითონვე მივალთ ცხვრებივით გასაპარსავად.
ეს ოხერი,ცხვრებიდან ყოჩები მაინც ვიყოთ”. – (ორიოდე სურათ მოთხრობიდან) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიკვდილი,ვაება,ტანჯვა ცვალებადია… რომ სიკვდილმა არსებობა დაიქადნოს,წინ სიცოცხლე უნდა უძღოდეს,როგორც ტანჯვა-ვაების წინ სიხარული-სიამოვნება.იმიტომ არ ვეთანხმები ფილოსოფოს შოპენჰაუერს.სიკვდილი,ტანჯვა-ვაება,არარაობად მიაჩნია; სიცოცხლე,ბედნიერება,სიხარული არსებითი საქმე მგონია.სიკვდილი შესვენებაა სიცოცხლისა,როგორც სინათლის ოდნავ დაფარვა სიბნელეა.ამიტომ ვერ ვიტყვი,რომ სიცოცხლე ვითომ გადახურდავდებოდეს სხვა ახალ ცხოვრებაზე,როგორც ბჰუდელთა სარწმუნოებაშია.იგი არასდროს არ სწყდება… იგი მუდმივია… სიცოცხლეც ხანდახან მიბინდდება ხოლმე,მაგრამ განა ეს მისი შეწყვეტაა?! გაქრობაა?!
განა კვდება მარცვალი ხორბლისა,როდესაც ჩაჰფლავ მიწაში? განა მალე არ ამოღორძინდება ხოლმე და მერე როგორ? ნაცვლად ერთისა,ოცი,ოცდახუთი!
ასეთია სიცოცხლეც…
ერთი რამ მწამს შეურყევლად.სიკვდილი არსებობს ქვეყნიურ სისაძაგლისათვის,ბოროტებისათვის! გეფიცები,კეთილი არასოდეს არა კვდება! კვდება ავკაცობა,ეგოიზმი,სიხარბე,ბოროტი… სიყვარული,თავგანწირულება,ქველობა,ვაჟკაცობა ცოცხალია,მუდამ ცოცხალია!! განა მოკვდება ჩვენი მამა-პაპათა ვაჟკაცობა,ქველობა,გულლომობა?!
არა,სიმართლე საუკუნოა და სიცოცხლეც საუკუნო!” – (მთვარიანი ღამე)
* * *
” – სირცხვილია,მზის ამოსვლამ ვაჟკაცს ლოგინში მოასწროს.შეხედეთ,მზის ყოველ ამოსვლაზე ცა რა დიდებულ სურათს გვიშლის თვალწინ!.. მის ფასს რას ნახავს ადამიანი?! ამის გარდა,ადექ სისხამ დილას,დაენახე კარ-მიდამოს,მტერს,მოყვარეს და მერე გინდ ისევ დაიძინე”. – (პაპა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – სიკვდილი სამღთო მოვალეობაა,შვილო! მისი შიში ლაჩრობაა.რაზე შემეშინდება,როდესაც ამდენი მოსიყვარულენი დატკეპნიან ჩემს საფლავს, – და მიმითითა ყმაწვილებზე, – ესენი ამოვლენ,ყვავილებს დამაყრიან,ჩემი სამარის გვერდზე იხტუნავებენ,იხმაურებენ”. – (პაპა)