ამონარიდები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან – „წინასწარმეტყველი”
„ვაი ერს, რომელსაც მოსავს სამოსი, თვითონ რომ არ მოუქსოვია, – ჭამს პურს, თვითონ რომ არ მოუწევია, – სვამს ღვინოს, თავის საწნახელში რომ არ დაუწურავს.
ვაი ერს, რომელიც გმირად მიიჩნევს ტრაბახა ხეპრეს, და ბაქია დამპყრობელი დიდსულოვანი ქველი ჰგონია.
ვაი ერს, რომელიც სიზმარში ძრახავს ვნებას, ღვიძილში კი მას ვერ იოკებს.
ვაი ერს, რომელიც ხმას აღიმაღლებს მხოლოდ მიცვალებულის დატირებისას;
ვაი ერს, რომელსაც საამაყოდ ნანგრევებიღა შემორჩენია, და რომელიც ამბოხდება მხოლოდ მაშინ, როცა კუნძზე თავს დაადებინებენ და ჯალათს მახვილი უკვე შემართული აქვს.
ვაი ერს, რომელსაც მოხელედ მელა ჰყავს, ფილოსოფოსად კი – ოინბაზი, რომლის ხელოვნება მიმბაძველობაა ან – ძველ სამოსზე ახალი საკერებლის დადება.
ვაი ერს, რომელიც ბუკითა და ნაღარით ეგებება ახალ მბრძანებელს და მერმე ყიჟინით აძევებს მას მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა სხვას შეეგებოს ბუკისა და ნაღარის ძგერით.
ვაი ერს, დაშლილ-დაწიაწებულს, რომლის ყოველ ნაწილს ერად მოაქვს თავი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოყვასო ჩემო, უშნო და უსახური არაფერია, გარდა შიშისა, რომლითაც სული ძრწის საკუთარ მოგონებათა წინაშე”.
* * *
„ჭეშმარიტად, სიკეთე თუ სარკეში უჭვრეტს თავის თავს, ქვად გადაიქცევა.
კეთილი საქმე თუ თავს იწონებს, დასაძრახი ხდება”.
* * *
„იცვლება კაცთა მოთხოვნილებანი, მაგრამ უცვლელია სიყვარული და უცვლელია სურვილი კაცთა, რომ სიყვარულმა აღასრულოს მათი სურვილი’.
* * *
„კაცს თუ თავისი ზნეობა აქვს საგარეო სამოსად მორგებული, – ამას სიშიშვლე უჯობს”.
* * *
„ვისაც ეთიკა აქვს თავისი ქცევის საზომად, იგი გალიაში ამწყვდევს თავის მგალობელ ჩიტს”.
* * *
„თქვენი ყოველდღიური ცხოვრება არის თქვენი ტაძარი და თქვენი რელიგია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთი რომ შეგეცნოთ აღარ მოგიწევდათ ქარაგმების ამოხსნა”.
* * *
„მშვენიერება ხატია, რომელსაც უმზერთ თვალდახუჭულნი და ჰანგია, რომელსაც ისმენთ ყურებდახშულნი”.
* * *
„უფალი ღმერთი ჩვენს სიტყვებს მხოლოდ მაშინ ისმენს, თუ მათ თავად წარმოთქვამს ჩვენი ბაგეებით”.
* * *
„მეგობარში რაც ყველაზე მეტად გეძვირფასებათ, შესაძლოა, მაშინ უკეთ გაცხადდეს, როცა მეგობარი შორსაა თქვენგან. მთამსვლელი ხომ ბარიდან უკეთ ხედავს მთას”.
* * *
„როცა თავისუფლება იცილებს ბორკილებს, თვით იქცევა უფრო დიადი თავისუფლების ბორკილად”.
* * *
„ჭეშმარიტად თავისუფალი მაშინ კი არ იქნებით, როცა თქვენს დღეებს მოაკლდება საზრუნავი, თქვენს ღამეებს კი – დარდი და გასაჭირი – არამედ, როცა ეს ყველაფერი თავს დაგატყდებათ, მაგრამ თქვენ, გაშიშვლებულნი და ბორკილთაგან თავდახსნილნი, ამაღლდებით ყოველივე ამაზე”.
* * *
„კანონმდებლებო, თქვენ სიამოვნებას გგვრით კანონის დაწესება. და მაინც, უფრო გსიამოვნებთ მისი დარღვევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოსამართლენო, ბევრჯერ მსმენია თქვენი საუბარი ავისმქნელთა შესახებ, თითქოს სიავის ჩამდენი ერთი თქვენთაგანი კი არა, არამედ ვიღაც უცხო ყოფილიყოს, თქვენს სამყაროში შემოჭრილი ვიღაც მოძალადე.
ხოლო მე გეტყვით თქვენ: უბიწონი და მართალნი ვერ ამაღლდებიან ყოველ თქვენგანში დავანებულ უზენაესზე მაღლა.
ასევე, ბოროტნი და ლაჩარნი ვერ დაეცემიან ყოველ თქვენგანში დავანებულ უმდაბლესზე დაბლა.
და ერთი ფოთოლიც კი ვერ გაყვითლდება მთელი ხის უჩუმარი დასტურის გარეშე.
თქვენ ყველანი ერთად, ერთიან ნაკადად მიემართებით თქვენი ღვთაებრივი არსისკენ.
თქვენ ხართ გზა და თქვენვე ხართ მგზავრი.
და, როცა ერთი თქვენგანი წაიქცევა, იგი ეცემა იმათ ნაცვლად,ვინც მის უკან მიაბიჯებს. ეს გაფრთხილებაა, რომ სხვებმა არ წაიფორთხიალონ.
დიახ, ეცემა იმათ გამოც, ვინც წინ გაიჭრა მტკიცე, სწრაფი ნაბიჯით და ლოდი შებრკოლებისა არ ჩამოიცილა გზიდან, არ მოისროლა ქვა, რომელზეც წაიბორძიკებდით.
და კიდევ გეტყვით, თუმცა ჩემი სიტყვები გულს დაგიმძიმებთ:
მოკლულსაც მიუძღვის ბრალი მკვლელობაში;
გაძარცულიც ბრალეულია ძარცვაში;
უბიწოთა წილიც ურევია ავისმქნელთა სიავეში;
და მართალი, რომლის ხელები სუფთაა, მონაწილეა ავაზაკის დანაშაულისა.
დიახ, დამნაშავე ხშირად მსხვერპლია შეურაცხყოფილისა.
მსჯავრდებულს ხშირად მიუსჯიან ხოლმე უდანაშაულოთა და უბრალოთა გამო.
თქვენ ვერ გათიშავთ სამართალს უსამართლობისგან, სიკეთეს – ბოროტებისგან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კეთილდღეობის წადილი ჭეშმარიტად კლავს სწრაფვას სულისას და მერმე თვითონ ქილიკით მიუყვება მის სამგლოვიარო პროცესიას”.
* * *
„თქვენი სამოსი ფარავს თქვენს მშვენიერებას და არ მალავს იმას, რაც თქვენში არის მშვენიერი”.
* * *
„თქვენ არ უნდა იცხოვროთ მკვდრების მიერ ცოცხალთათვის გათხრილ სამარეში”. – (ავტორი გენია.ჯი)