ამონარიდები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან – „იესო, ძე კაცისა”
“ეჭვი უპატრონო ბავშვს ჰგავს, გაუბედურებულ-გაგარეულებულსა და გზასაცდენილს. მშობელმა დედამ რომც იპოვოს და გულში ჩაიკრას, არ მიენდობა, დაფრთხება და შორს გაიჭრება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“კაცთა დუმილში უფრო მეტია ჭეშმარიტება, ვიდრე მათსავე ბრძნად მეტყველებაში”.
* * *
“სიყვარულს რიდი აქვს მშვენიერებისა, და მაინც სიყვარული მარად ეძიებს მშვენიერებას”.
* * *
„თუ შესწრებიხართ შაშვის გალობას, როცა ბუდე ეწვის და ქარში პარპალებს ალი?
გინახავთ ქალი, რომელსაც მწუხარებით ცრემლი უშრება? გინახავთ დაკოდილი გული, ტკივილზე რომ ამაღლდება და გაკაჟდება?
თქვენ არ გეყოლებათ ნანახი ასეთი ქალი, რადგან თქვენ არ ყოფილხართ მარიამის გვერდით. და თქვენ მკერდში ჩაკრული არ ჰყოლიხართ დედას ზეციურს, დედას უხილავს.
უჩუმარ ღამით, როცა ძილგამკრთალსა და დაქანცულს მდუმარება მკერდზე გიხათქუნებს თექით დაჭედილ ფლოქვებს, – მოვიდა იოანე, უმრწემესი ძე ზებედესი. მოვიდა და თქვა: “დედაო მარიამ, დაიწყო იესოს სვლა. წავიდეთ, გავყვეთ უკან.
მარიამი მხარზე ხელით ჩამოეყრდნო იოანეს და გარეთ გავიდნენ. ჩვენც გავყევით.
დავითის გოდოლს რომ გავუსწორდით, ვიხილეთ იესო. ჯვარს ეზიდებოდა. მისდევდა ამბოხი მრავალი.
ორ სხვა კაცსაც მიჰქონდა ჯვარი.
მარიამი თავაწეული მიჰყვებოდა თავის ძეს ჩვენთან ერთად. მტკიცე იყო ნაბიჯი მისი.
მარიამის უკან მოემართებოდა სიონი, რომი, მთელი სამყარო, რათა შური ეძიათ ერთ თავისუფალ ადამიანზე.
ბორცვს რომ მივუახლოვდით, იგი უკვე ჯვარზე იყო მაღლა აზიდული.
მარიამს შევხედე, ეს არ იყო შვილმკვდარი ქალის სახე. მისმა იერმა მომაგონა ბარაქიანი მიწა, მარად რომ სიცოცხლეს აძლევს შვილებს და მარად რომ გულში იხუტებს თავის მკვდარ შვილებს.
მერმე მარიამის თვალწინ გაიელვა იესოს ბავშვობამ. და თქვა ხმამაღლა: “ძეო ჩემო, რომელიც არ ხარ ძე ჩემი, რომელმაც ინებე, რომ ჩემს წიაღს ეტვირთე, დიდება შენს ძალას. ვიცი, შენი ხელებიდან ჩამონაწვეთი სისხლი სიცოცხლის მომნიჭებელ წყაროსთვალად იქცევა კაცთა მოდგმისთვის.
შენ კვდები ამ ქარიშხალში, როგორც ერთხელ მწუხრის ჟამს უკვე მოკვდა გული ჩემი. და ვეღარ გიგლოვ”.
იმ წამს მინდოდა სახეზე რიდე ჩამომებურა და გადავხვეწილიყავი სადღაც, ჩრდილო მხარეში. მაგრამ უეცრად მომესმა მარიამის ხმა: “ძეო ჩემო, რომელიც არ ხარ ძე ჩემი! ისეთი რა უთხარი შენ მარჯვნივ იმ კაცს? ეს რა ბედნიერება მიანიჭე სულთმობრძავს? თვალი ვერ მოგაცილა. სიკვდილის ჩრდილი ნათლის შუქად გარდაისახა და დაადგა მის სახეს.
ახლა შენ მიღიმი და, რაკი მიღიმი, ვიცი, შენ გაიმარჯვე”.
იესომ გადმოხედა დედას თვისას და თქვა: “მარიამ, ამიერიდან იყავი დედა იოანესი”.
და უთხრა მან იოანეს: “იყავ მოყვარული შვილი ამ ქალისა. მისი მის სახლთან და გადაკვეთოს ჩრდილმა შენმა ზღურბლი, სადაც ერთ დროს ვიდექი მე. ასე ჰქმენ ჩემი ხსოვნისთვის”.
მარიამმა მარჯვენა ხელი გაიწოდა მისკენ. იგი ხეს ჰგავდა, ერთი რტოღა შერჩენოდა თითქოს. მერმე წამოიძახა: “ძეო ჩემო, რომელიც არ ხარ ძე ჩემი, თუ ეს ღვთითაა, გვიბოძოს ღმერთმა მოთმინება და უნარი ამის შეცნობისა. და თუ ეს კაცთაგანაა, მიუტევოს მათ უფალმა სამარადისოდ.
თუ ეს ღვთითაა, თოვლი ლიბანის მთებისა შეგსუდრავს შენ; ხოლო თუ ეს ამ მღვდელმოძღვართაბ და ჯარისკაცთაგანაა, მაშინ აგერ მაქვს სუდარა შენი სიშიშვლის დასაფარავად.
ძეო ჩემო, რომელიც არ ხარ ძე ჩემი! რასაც უფალი ღმერთი აშენებს, არასდროს დაიქცევა; და რასაც კაცი დააქცევს, დარჩება აღმართული, მაგრამ – არა თვალთა სახილველად”.
და იმავ წამს ზეცამ იესო დაუთმო მიწას, ცრემლსა და სულთქმას.
და მარიამმა დაუღმო იგი კაცთ, ჭრილობებს, მურსა და ბალზამს.
და თქვა მარიამმა: “ახლა იხილეთ, იგი წავიდა, ბრძოლა დასრულდა. ვარსკვლავი გამობრწყინდა. ხომალდი მიადგა ნავთსაყუდელს. იგი, ვინც ჩემს გულში მყავდა, ზეცათა სივრცეში ფეთქავს”.
ჩვენ მივეახელით მარიამს და მან გვითხრა: “მკვდარიც კი იღიმის. მან გაიმარჯვა. მე ჭეშმარიტად ვარ დედა სიკვდილის დამთრგუნველისა”. – (სოსანა ნაზარეთიდან) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ახლა მე ვიცი: ჩემს ნაცვლად რაკი აწამეს იგი, მე გავიწირე საუკუნო წამებისთვის.
ჯვარცმამ ერთ საათს გასტანა.
ჩემი ჯვარცმა კი გრძელდება ჩემთა დღეთა აღსასრულამდე”. (ბარაბა)
* * *
“კაცისთვისაა ზეცაც, მიწაც და ჯოჯოხეთიც”.
* * *
“გახსოვდეთ, მოძალადეს სიმშვიდე არ უწერია, ვიდრე თავად არ იქნება ძლეული”. – (ავტორი გენია.ჯი)