ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან – “წინასწარმეტყველი”

“როცა სიყვარული გიხმობთ, – მიჰყევით.

თუმცა მისი გზები ძნელია და კლდოვანი.

და, როცა მისი ფრთები შემოგეჭდობათ, – მიენდეთ.

თუმცა ბუმბულში ჩამალულმა მახვილმა ეგებ დაგჭრათ კიდეც.

და, როცა სიყვარული გელაპარაკებათ, – ირწმუნეთ მისი.

სიყვარულის ხმამ ეგებ ოცნებებიც დაგიმსხვრიოთ სწორედ ისე,ზენაქარი რომ მიწასთან გაასწორებს ხოლმე ბაღნარს.

სიყვარული გვირგვინსაც დაგადგამთ და ჯვარსაც გაცვამათ,კიდეც გაგზრდით და კიდეც გაგსხლავთ. (ავტორი გენია.ჯი)

იგი ააღწევს თქვენს სიმაღლემდე და მიუალერსებს მზეზე მთრთოლვარე ლორთქო ყლორტებს.

იგი ჩააღწევს მიწაში ჩაზრდილ თქვენს ფესვებამდე და შეძრავს მათ.

სიყვარული თავთუხის ძნასავით შეგკრავთ და შემოგიმტკიცებთ.

გაგლეწავთ,რათა გაგაშიშვლოთ;

გაგცეხავთ,რათა ბზე გამოგარიდოთ;

გაგმტკიცავთ,რათა გამოგათეთროთ.

და მერმე მიგანდობთ თავის წმინდა ცეცხლს,რათა სეფისკვერად იქცეთ დღესასწაულისათვის.

ყოველივე ამას დაგაწევთ სიყვარული,რათა შეიცნოთ თქვენი გულის იდუმალება და ამ ცოდნით გახდეთ ნაწილი სიცოცხლის გულისა.

მაგრამ,თუნ შეშინდით და სიყვარულში ეძიეთ ოდენ სიმშვიდე და სიამე,მაშინ გიჯობთ,დაფაროთ თქვენი სიშიშვლე და გაერიდოთ სიყვარულის კალოს.

გიჯობთ,გააღწიოთ იქით,სადაც არ არის ჟამთა სვლა; სადაც გაიცინებთ,მაგრამ გულიანად – ვერა; სადაც იტირებთ,მაგრამ გულამოკვნესით – ვერა.

სიყვარული არაფერს გაიღებს და არც არაფერს მიიღებს,თავისი თავის გარდა.

სიყვარული არცა რას ფლობს და ვერც მას ფლობს რაიმე.

რამეთუ სიყვარულისთვის კმა არს სიყვარული

თუ გიყვართ,ნუ იტყვით: “ღმერთია ჩემს გულში”,უმჯობესია,თქვათ: “მე ვარ ღვთის გულში”.

ნუ იფიქრებთ,რომ შეგიძლიათ წარმართოთ გზანი სიყვარულისანი.სიყვარული თუ ღირსად მიგიჩნევთ,თავად წარმართავს თქვენს გზებს.

სიყვარულს არა აქვს რაიმე სხვა სურვილი,,გარდა თვით სიყვარულის სრულქმნისა.

თუ გიყვართ,მაგრამ ვერ შელევიხართ სურვილებს,მაშინ ეცადეთ,რომ გსურდეთ:

გალღვეთ და ემსგავსოთ მორაკრაკე ნაკადულს,თავის ჰანგს რომ უგალობს ღამეს;

შეიცნოთ უსაშველო სინაზით მოგვრილი ტკივილი;

ჭრილობა მოგაყენოთ სიყვარულის თქვენეულმა უნარმა;

სისხლი დაანთხიოთ თქვენი სურვილით და ამან სიხარული მოგგვაროთ;

ფრთაშეხმულმა გაიღვიძოთ გამთენიისას და მადლიერი იყოთ სიყვარულის კიდევ ერთი დღისთვის;

შეისვენოთ შუადღისას და სიყვარულის აღმაფრენაზე იფიქროთ;

მწუხრის ჟამს შინ დაბრუნდეთ მადლიერი;

და მერმე ჩაიძინოთ გულში თქვენს სატრფოზე ლოცვით და ბაგეზე – დიდების საგალობლით”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>