ამონარიდები ჯონ ერნსტ სტეინბეკის ნოველიდან – “ტორტილა ფლეტი”

„სიკვდილი პირადული მოვლენაა და მწუხარებას, განწირულებას, გულის დათუთქვას ან, სულაც, ცივ ფილოსოფიურ განწყობილებას იწვევს. დაკრძალვა კი, თავის მხრივ, საზოგადოებრივი ფაქტორია. აბა, წარმოიდგინეთ დაკრძალვაზე ისე წასვლა, რომ წინასწარ ავტომობილი არ გააპრიალოთ! წარმოიდგინეთ თავი საფლავთან მდგარი, ისე რომ არც თქვენი საუკეთესო შავი კოსტიუმი გეცვათ და არც საამურად მოლაპარაკე შავი, საუკეთესო ფეხსაცმელი! ანდა, ვთქვათ, დაკრძალვაზე ყვავილები გაგზავნო და შიგ კი, – იმის დასამტკიცებლად, რომ მოქალაქეობრივი ვალი მოხდილი გაქვს, – შენი ვინაობის აღმნიშვნელი ბარათი არ ჩადო! არც ერთი საზოგადოებრივი მოვლენა არ მოითხოვს ისე მტკიცე და შეუვალ წეს-კანონებს, როგორც დაკრძალვა. არა. სანამ კვდება ადამიანი, იგი შეიძლება უყვარდეთ, სძულდეთ, ენატრებოდეთ, დასტიროდნენ კიდეც, მაგრამ რაკი მოკვდება, ხელად საზოგადოებრივი ზეიმის რთულ ფორმალობათა მთავარ სამკაულად იქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

 „ცოდვისაგან დახსნილსა და განწმენდილ სულს ორკეცი საშიშროება ემუქრება – ასეთი სულის წინააღმდეგ შეუკრავთ პირი ქვეყნად ყოველგვარ ძალებს. „ჩალაც კი მუხლთა ჩემთა ქვეშე, – ბრძანა ნეტარმა ავგუსტინემ, – ხმამაღლა ხმიანებს, რათა ლოცვას მომწყვიტოს”.

* * *

„ათასჯერ აღუნუსხავთ და დადასტურებულად ითვლება, რომ სულს, რომელიც დიდი დიკეთისათვის არის მოწოდებული, ასევე თავისუფლად შეუძლია დიდი ბოროტებაც დაატრიალოს. გაკრეჭილ ხუცესზე უფრო ბიწიერი აბა ვინ იქნება ქვეყნად?! უმანკოებაზე თავდადებული ქალი რომ ქალწულობას დაჰკარგავს, იმაზე ავხორცი ვინ უნდა იყოს?! თუმცა ვინ იცის – იქნებ გარედან ჩანდეს ასე”.

* * *

„რა გაკვირვება მოიცავს ხოლმე ადამიანს, როცა გაიგებს, რომ ყოვლად ბილწსა და უგვან ქმნილებას მუცელი თოვლივით თეთრი ჰქონია. რა სამწუხაროა, როცა მიხვდები, რომ ანგელოზებს სხეულის დაფარული ნაწილი კეთროვანი ჰქონიათ. უნდა გამოჩხრიკო და საქვეყნოდ გამოამზეურო კეთილი საქმე, რაც ყოველ ბოროტში იმალება. კეთილ საქმესაც ახლავს ბოროტი”.

* * *

„ – კაცი კეთილი და დიდსულოვანი უნდა იყო. სიქველე და სათნოება განა მარტო ზეცაში დაგვიმკვიდრებს სასუფეველს, აქაც, ამქვეყნადაც მალე მოგვეზღება სამაგიერო. ისე დაგივლის ოქროს სითბო გულ-გვამში, თითქოს ცხარე პილპილით შეზავებული ენჩილადა მიგერთმიოს. ისეთ ფაფუკ ქურთუკს ჩაგაცვამს ღმერთი, გეგონება აქლემის ბეწვი მაცვიაო”.

* * *

„დასჯას რა აზრი აქვს, თუკი არ შეაგნებინე კაცს თავისი დანაშაული?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საჩუქარი, განსაკუთრებით როცა ქალისათვის მიგაქვს იგი, ისეთი არ უნდა იყოს, კიდევ სხვა საჩუქარიც მოითხოვოს. ძვირფასი საგნის გაჩუქება ცოდვაა, რადგან სიხარბეს აღძრავს”.

* * *

„წმინდანის მოტყუება გაცილებით უფრო საშიში საქმეა, ვიდრე კანონებთან გათამაშება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როცა ქურდობას ქურდობის სამარცხვინო დაღი აქვს ჩამოცილებული, ხოლო დანაშაული კაცთმოყვარული ზრახვებით არის ჩადენილი, ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს?!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>