ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – “მთვარის მოტაცება”
” – ქართველი ქალი უზომოდ გულჩათხრობილია (მე მას არ ვამტყუნებ, ვიმეორებ: ორ ნაბიჯზე აქედან ჩადრია და ჰარემი). ახლა უფრო მეტს გეტყვით: თქვენ ყველანი ასეთნი ხართ. ახალმოსულ უცხოელს ასე ეგონება: ქართველი ადამიანი ფრიად გულღიააო.
- ამას მხოლოდ იგი იტყვის, ვინც ქართველი თამადების ენამზეობას და ტკბილსიტყვაობას ბრმად მიენდობა.
- დიახ, თქვენ გულჩათხრობილნი ხართ, რადგანაც ბევრ რამეში ევროპელებსავით სტყუით და აზიელებსავით აჭარბებთ. შესაძლოა, ეს იყოს უდიდესი ხელოვნება ამ ქვეყანაზე. არ ვიცი, შესაძლოა”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მუზეუმი ნამდვილი საკუჭნაოა, განვლილი გრძნობების, გადასული ფერების, გადახდილი ომების ძველი საკუჭნაოა.
“როგორ მშვიდად უცქერდნენ ერთსა და იმავე კედელზე ერთმანეთს თამარ მეფე და თემურ ლენგი, ერეკლე მეორე და მისი მოსისხლე აღა-მოჰამედ-ხანი”.
* * *
“მოგვიხსენიეთ და ლოცვაი ჰყავთ ჩვენთვის, რამეთუ ვიყავით ჩუენ, ვითარცა თქუენ და იქმნებით თქუენ, ვითარცა ჩუენ”.
* * *
“ვისაც შიმშილი, ან სიყვარული არ აწუხებდა, მას არც არაფერი შეუქმნიაო ოდესმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ასეა, როცა რწმენა არაა რაიმე საქმის მიმართ, იქ ოსტატობასაც ვერავინ გამოიჩენს”.
* * *
“როცა ადამიანურ ცოდნას ძალა აღარ ეყოფა, მაშინ “ალბათ” და “მაგრამ” უნდა მოვიშველიოთ”.
* * *
“კოლუმბმა შემთხვევით მიაგნო ამერიკას და მედიცინაც შემთხვევით მოხდენილ დაკვირვებათა ჯამია. ხომ ასეთი დაუშრეტელი წყაროა შემთხვევა, მაგრამ სწორედ ამ ცხრაკლიტურის ასაღებად ოდითგანვე იღწვის ადამიანის გონება. მედიცინაც იმისათვის იბრძვის, რათა ადამნიანის სხეული ბრმა შემთხვევის განუკითხავ ჩარევას გადაარჩინოს. ეს მშვენივრად ესმოდათ ბერძნებს. „ტიხეს” უწოდებდნენ ამ ბრმა შემთხვევას”.
* * *
“საოცარი ქვეყანაა საქართველო, ვინ წარმოიდგენს მეოცე საუკუნეში ფარხმალიანი ხალხი დადიოდეს ტრამვაების და ავტოების ორომტრიალში… ლონდონში ასეთ გამვლელებს კინოოპერატორების ლაშქარი გზას გადაუჭრიდა”.
* * *
“მე მხოლოდ ერთ რამეში ვუჯერებ დედაჩემს, უჭკუო ქალებს სჩვევიათო გრძნობების აყოლაო, რომ ამბობს, მშივრებს რაც უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, ბოლოს მაინც შესძულდებათ ერთიმეორე. სიყვარულს კომფორტი სჭირია”.
* * *
“ხომ დიდი ხალისის მომგვრელია, როცა საქმეზე მიმავალს პირმშვენიერი ადამიანი შემოგეყრება ანაზდეულად?
ეს განსაკუთრებით დილითაა სანუკველი. და მერმე ეგ განწყობილება მრავალ უსიამოვნო შთაბეჭდილებას დაჩრდილავს უთუოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)