მარკ ტვენი – “არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა”

მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა – სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი (1835-1910 წლები) სკოლიდან გამოიყვანეს და სტამბაში მიაბარეს შეგირდად.აქედან იწყება მომავალი მწერლის დიდი გზა.კლემენსმა მრავალი ხელობა გამოიცვალა,ბევრგან სცადა ბედი, და თუმცა შესაფერი ხელობის ძებნის დროს მან ვერ მიაგნო ისეთ სამუშაოს,სადაც მინიმალური ადამიანური პირობები იქნებოდა გათვალისწინებული,მაგრამ სამაგიეროდ,გაიარა დიდი ცხოვრების სკოლა,მოწმე და მონაწილე გახდა ბევრი ისეთი ცხოვრებისეული ეპიზოდისა,რამაც შემდეგ მის წიგნებში ჰპოვა ასახვა,შეხვდა და გაეცნო მრავალ ადამიანს,რომლებიც უფრო მოგვიანებით თავის ნაწარმოებებში გააცოცხლა. (ავტორი გენია.ჯი)

სემიუელს პირველივე სამუშაო მეტად მძიმე შეხვდა.სტამბაში ჯამაგირს არ აძლევდნენ – მხოლოდ საჭმელი და ჩასაცმელი.საჭმელი,როგორც თვითონვე იგონებდა მოგვიანებით,ნარჩენები და ისიც ცოტა; ჩასაცმელი – გამონაცვალი და ისიც დიდი ზომის.მას არც საწოლი ჰქონია – პირდაპირ სტამბის იატაკზე იძინებდა.

ბევრი ხელობა გამოიცვალა ამის შემდეგ ახალგაზრდა კლემენსმა,მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის მისისიპის სამდინარო გემზე ლოცმანობა იყო.

ეს უდიდესი მდინარე,განსაკუთრებით იმ დროს,ცალკე სამყარო იყო,თავისი ადამიანებით,წესებით,კანონებით,ადათებით… მთელი თავისი ცხოვრებით.მომავალ მწერალს საშუალება ჰქონდა აქ შეხვედროდა ყოველი ჯურისა და ხასიათის ადამიანს,მოწმე ყოფილიყო ყოველგვარი ცხოვრებისეული სცენებისა – სიკეთის მრავალნაირ გამოვლინებასაც ხედავდა იქ და ბოროტებასაც,უსამართლობაც ბევრი უნახავს და სიმართლისათვის გამოქომაგებაც.იგი ყოველდღე და ყოველღამე,წელიწადის ყოველ დროს,ყოველგვარ ამინდში შესცქეროდა ბუნების განუმეორებელ სიმშვენიერეს, და მეოცნებე ბავშვის გონებაში ეს მდიდარი შთაბეჭდილებები სამუდამოდ ცოცხალი რჩებოდა.საინტერესოა თვითონ მწერლის მიერ მოგვიანებით წარმოთქმული სიტყვები: “ლოცმანობის დროს პირადად გავეცანი და ახლო ურთიერთობა მქონდა ადამიანთა ტიპების ყოველ ნაირსახეობასთან,რასაც ჩვენ ლიტერატურასა,ცალკეულ ბიოგრაფიებსა თუ ისტორიაში ვხვდებით.როცა ლიტერატურასა თუ მემუარებში მკაფიოდ გამოკვეთილ მოქმედ პირს ვხდები,მის გაცოცხლებასა და აღქმაში მე თვითონ ცხოველ მონაწილეობას ვღებულობ,რადგან ეს პიროვნება ჩემი ძველი ნაცნობია,მისისიპზე მინახავს”.სხვათა შორის,ფსევდონიმიც – მარკ ტვენი – ლოცმანობის დროინდელ მოგონებებს უკავშირდება. Mark Twain – მისისიპზე ნაოსნობის ტერმინი იყო.დიდი ხნის შემდეგ,უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი,დედას სწერდა: “აღარც კი ვიცი,რა მოგწერო,ისე ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება.ნეტა იმ დროს,როცა ლოცმანი ვიყავი და გემებს დავატარებდი მისისიპზე.მართლაც რომ ყველაფერი ამაოებაა ქვეყნად,გარდა ლოცმანობისა”.

ლოცმანობის დროს კლემენსს თან ჰქონდა უბუს წიგნაკი,სადაც თავისუფალ დროს ინიშნავდა ხოლმე ახლადმოსმენილ სკეტჩებს,ანეკდოტებს,ცალკეულ გამოთქმებს.თუმცა მწერლობაზე მაშინ საერთოდ არ ფიქრობდა.აკი თვითონვე ამბობდა: “ლიტერატურა არასოდეს არ მიზიდავდა,არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა,მხოლოდ შემთხვევამ ამაღებინა კალამი ხელში და მწერალი შემთხვევით გავხდი”.

და მართლაც,მარკ ტვენის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები საგაზეთო ფელეტონები და იუმორისტული სკეტჩები იყო,რომლებიც გამიზნული გახლდნენ მკითხველი გაცინებისათვის.მარკ ტვენი ოცდაათი წლის იყო,როდესაც მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა,რამაც მას საქვეყნო სახელი მოუტანა.ეს მოთხრობა გახლდათ – “მხტუნავი ბაყაყი”.იგი უწყინარ ხუმრობაზე აგებული ნაწარმოები იყი,რომელსაც თავად ავტორი დიდად არ აფასებდა.მოთხრობის ესოდენ წარმატებამ მწერალი გააოცა.იგი დედას წერდა: “რა ნახეს მკითხველებმა მოსაწონი ამ მოთხრობაში ვერ გამიგიაო”.თუმცა მარკ ტვენს განსაკუთრებული წარმატება ლიტერატურულ ასპარეზაზე წინ ელოდა: 1876 წელს გამოქვეყნდა – “ტომ სოიერის თავგადასავალი”,რომელმაც ავტორს დიდი მწერლის სახელი და ზღაპრული პოპულარობა შესძინა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>