ამონარიდები ვასილ ბარნოვის რომანიდან – „მიმქრალი შარავანდედი”
„ეშმა ჰბაძავს შემოქმედს და თვისგან მოვლენილ ბიწიერ მოქმედებას აძლევს სპეტაკს აღმაფრენის სახეს. თუ გულს არა ჰკითხე, მარტო თვალის დაკვრით ვერ გაარჩევ ამ ორ მოქმედებას, გარეგნობით ერთგვარს, ხოლო შინაარსით სულ სხვადასხვას.გულმა კი უტყუარად იცის მათი გარჩევა, იგი მაშინვე გრძნობს ციურ ძალთა ნაგებ სიყვარულს, ცოდვათაგან განწმენდილს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თვისი პიროვნების უარყოფა სხვისათვის მხოლოდ მაშინ არის ბუნებრივი და საამო, როდესაც ადამიანი კვლავ ჰპოვებს თავის პიროვნებას სხვის არსებაში, მისთვის უფრო ძვირფას და საოცნებო არსებაში. ამის გარეშე მხოლოდ შემთხვევითია კავშირი, ნაძალადევი, უგულო. სასტიკია იგი კავშირი, გულგამოცლილი. ვერც უძლებენ მეუღლენი მას და ან ჭკნებიან ჩაბნელებულნი, ან მისდევენ ახალ-ახალ აჩრდილს ტრფობისას და შთაინთქმებიან უძღების მორევში გულცარიელნი”.
* * *
„ვისღა სცალია სულზედ ფიქრისთვის ხორცთა დღესასწაულში?”
* * *
„სატრფოსთან შეერთხორცება მოქმედებაა ნაკურთხი, იგი განხორციელებაა სიყვარულია, რომელიც ერთად-ერთი უკვდავი ნიჭია სახიერისაგან წყევამოსილ ქვეყანაზე დატოვებული კაცთ სანუგეშოდ, ერთად-ერთი ძალა ადამიანის ცასთან დამაკავშირებელი: მხოლოდ სიყვარულით ძალუძს ადამიანს განიცადოს ამ წუთიერ ცხოვრებაში საუკუნო ნეტარება დაუსრულებელის ცხოვრებისა. წრფელი სიყვარული თვით ნათელია, სხივით შემმოსელი მოტრფიალეთა და მას არ ესაჭიროება არც ფოთოლთაგან შეთხზილი არდაგი, არც ტყავის რამ საფარველ-სათბუნებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განუზომელია გული კაცისა; ძნელია მიხვდეს გონება, სად ჰპოვებს გული ნაკადს ნეტარებისა, ან სად მიუპყრობს მას განგება უცვლელი სიხარულის ფიალას. გონება ადვილად ვერ მიიკვლევს შეუცთომელს კვალს ბედნიერებისადმი, რადგან უჩრდილო ბედნიერება ჰაზრთა სამფლობელოს გარეშე სდგას. გულის გზა და ჰაზრთა ბილიკები ხშირად ასცდებიან ერთმანეთს. ბევრჯერ სულ სხვადასხვა მხრით მიემართებიან”.
* * *
„ბედიწერა მიემართება წინ მკაცრად აღნიშნულ წარსადინელით და მძლავრად მიეზიდება შებორკილ მსხვერპლთ დასახული მიზნისაკენ”.
* * *
„ორმაგი სიყვარული უქრობელად ბრწყინავს მარადისობაში და თვალთ წარმტაცი შარავანდედით აგვირგვინებს ამგვარ რჩეულთა ყოფას”.
* * *
„ – ძნელია აღტკინებულ გრძნობასთან ბრძოლა! ან რად არის საჭირო მასთან ბრძოლა; მისი შეზღუდვა? განა ნეტარების თუნდ ერთი წუთი არ აღემატება ღირებულებით თუნდაც ქვეყნის საუნჯეს უთვალავს, ან დიდებას სხივით მოსილს?!”
* * *
„ლოდინი? სატრფოს სიტყვის მოლოდინი? – ჯოჯოხეთური წამების სახეა სააქაოს მოვლინებული!”
* * *
„კაეშანი სდევს ადამიანს მთელ მის სიცოცხლეში, როგორც რამ აჩრდილი განუყრელი. სევდა არასოდეს არა ჰშორდება მას, ხოლო ხან ცრიატდება იგი, მკრთალდება და ძლივსღა მოსჩანს, ხან ხშირდება, მძიმდება და ჰშხამავს გულს, როგორც ღამე უმნათობო ჩაბნელებული”. – (ავტორი გენია.ჯი)