ამონარიდი რეზო ჭეიშვილის თხზულებიდან – „მეოთხე სიმფონია”
„გადაიგრიალებს საუკუნეები უჩვენოდაც; დაიბადებიან დიდი მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მეამბოხენი, თუჯისთავიანი პოლიტიკოსები; შეაბრუნებენ ჩარხს ისტორიისას და ვერ შეაჩერებენ დროს; ერთნაირად მოეფინება მზე ვარდთა და ნეხვთა და ჟამთააღმწერლები შეასხამენ ხოტბას დიქტატორებს, მკვლელებს, მანიაკებს, ადამიანებს სულისა და ტვინის ობობებს; მიაგებენ უღირსთ მისაგებელს, სიკეთის მქნელთ დაივიწყებენ. აშენდება და დაიქცევა დიდი ტაძრები და სასახლები, ჩაიფერფლება ქალაქები და ოაზისები; გადაეგება ლავა ზეთისხილის ბაღებს, მაღლარ ვენახს და კვლავ და კვლავ აღორძინდება მზისქვეშეთში ყოველივე. ჩამარხულ ხსოვნას ჩამოცილდება მტვერი და გაკრიალდება ზეცა შენს წინ და შენამდე, დაიხურება ცის კარები შენს მერე და ვეღარ გაყვები საკუთარი სისხლისა და დროის უწყვეტ სიცისფერეს. ვიცოდით და აღარ გვეცოდინება, გვახსოვდა და აღარ გვემახსოვრება; გავიგეთ, რაც იყო, ვერ გავიგებთ, რა იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)