ამონარიდები გიორგი წერეთლის ნაწარმოებიდან – “კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა”
“თუ ქმარს კაცური ღირსება აქვს, მხნე მშრომელია, მტკიცედ მისდევს კეთილ გზას და ცოლქმრობის დამოკიდებულებაში არ უყვარს ძალდატანება, ან ჩხუბი, თუ ცოლი მეგობრად, თავის სწორად მიაჩნია, მაგისთანა კაცს მის დღეში ცოლი არ გაექცევა, მაგისთანა ქმარი მის დღეში ცოლს არ შეძულებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ეჰ, რაა ჩვენი სიცოცხლე! სანამდის ქეიფზე ხარ კაცი, სანამდის მკლავში გაქვს ღონე, მანამდის სულ უნდა ეწვალო და ეჯახირო, მოსვენებას ვერ ნახავ, მუდამ ლუკმა პურისთვის უნდა ზრუნავდე და როცა ხანი გაგივა, იქნება კიდეც ეღირსო ბედნიერებას, მაგრამ რაღად გინდა!”.
* * *
“ყოველი კაცი თავმოყვარეა; გინება, შენიშვნა იმას აჯავრებს. ვისაც გინდა უთხარი, შენ მექრთამე ხარო, შენ ქურდი ხარო, თუ მტრად არ გაგიხდეს, და თუ კი მტრად გაგიხდება მთელი ქვეყანა, მაშინ რაღას გააკეთებ? ქვეყანა თუ აგიმტერდა, მაშინ ბარგი უნდა აიკრა და სადმე გადასახლდე, ან თუ არა და თავი უნდა მოკლა; თუ ესეც არა ჰქენი, მაშინ მერწმუნე, კუთხიდან გესვრის ვინმე თოფს”.
* * *
“საზოგადოება ისეთ ჯურღმულშია ჩავარდნილი,რომ ხსნა არა აქვს.ხუთივე გრძნობა დახშული აქვს სიკეთისათვის.როდესაც ამისთან უნუგეშობაშია ჩავარდნილი კაცობრიობა ან რომელიმე საზოგადოება,მაშინ იმის გამოსაფხიზლებლად საჭიროა მსხვერპლი,ისეთი მსხვერპლი,რომ იმისმა დაღუპვამ მიბნედილს გონების თვალებს ცივი წყალი გადაასხას და უცბად წამოახტუნოს.ვისაც ნამდვილი სიკეთე უნდა ქვეყნისთვის,ის ამ დროს სამსხვერპლოდ უნდა ემზადებოდეს… დაე,გაგლანძღონ,შეგიძულონ,თუნდ კიდევაც განგაძეონ,განგაგდონ,შენ მაინც შენსას ნუ მოიშლი,ამხილე ცუდი,ბოროტებას წინ დაუდექი,ნუ გახრი სწორ გზას,თუნდ რომ ამან ღრეშიაც გადაგაგდოს.მერწმუნე,როცა გადავარდები,როცა სიმართლისათვის მართლაც განგაძევებენ,შემდეგ ყველა შეკრთება,ყველას უცბად გაუნათლდება გონება,ყველა დაიწყებს ნანობას,მართალი კაცი ტყულა-უბრალოდ დაისაჯაო.როცა საზოგადოებაში ამისთანა გრძნობა დაიძვრის,ეს განახლების წინამორბედია და მომასწავებელი”.
* * *
“ახალგაზრდობა რაც უნდა გაფუჭებული იყოს,იმას მაინც ისეთი ნორჩი აგებულობა აქვს,იმდენად მოქნილი ტვინი და ტანი აქვს,რომ იმათზე იმედი კაცმა არასოდეს არ უნდა დაჰკარგოს.ისინი ყოველთვის გამოგვარდებიან,ოღონდ კარგს გარემოებაში ჩააგდე.ის კი არა,ვინც სულ დაღუპულია,იმასაც რომ ცოტა გაუმჯობესება რიგიანი მოქცევისაგან არ დაეტყოს,არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – მერწმუნე,ყოველმა კაცმა ყველაზე უწინ თავის თავზე უნდა იზრუნოს და როდესაც ამ სახით ყოველი კაცი თავის კეთილდღეობას ფეხზე წამოაყენებს,მაშინ საზოგადო კეთილმდგომარეობა თავისით ჩამოვარდება ქვეყანაზე”.
* * *
“ახლანდელს დროში,თუ კაცი წინდახედვით არ მოქმედებ,არაფრის გაკეთება არ შეიძლება,ყველას თავი უნდა მოუქონო,ყველას ტკბილად ელაპარაკო,ყველას გულკეთილობა,მორიდება და კრძალვა,ნამეტნავად უფროსებს,გავლენის მქონე კაცებს უნდა უჩვენო,თორემ უამისოდ ვინ გაგცემს ხმას”.
* * *
“თავის ქვეყნისთვის მებრძოლი კაცი,გამოუცდელიც რომ იყოს ომში,მაინც კაცს შეაკვდება,მაინც საშიშია,გაბრაზებული კაცი თავის ცოლ-შვილის სიკვდილით და მიწა-წყლის წართმევით უფრო ბევრს ვაჟკაცობას ჩაიდენს,ვინამც გაწვრთნილი სალდათი,რომელიც მარტო სხვისი ბრძანებით მიდის მტერზე”.
* * *
“ყოველი ომი მხოლოდ მაშინ არის გასამართლებელი,როდესაც ქვეყნის დასაცველად არის ამტყდარი.სხვა ომი კი ღმერთმა დასწყევლოს”.
* * *
“დამხვედრი ყოველთვის უფრო მწარეა მოსულზე”. – (ავტორი გენია.ჯი)