ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„კაცი რომ გულს დაჰკარგავს, ამ საუკეთესო კაცურს ღირსებას, მაშინ ის პირ-აკრულ ბრაზიან მგლად არის გადაქცეული. სანამ მისი საბელი ხელში გაქვს მაგრად დაჭერილი, მანამდის შენი მორჩილია და მაშინასავით ათამაშებ; მაგრამ თუ საბელი აიწყვიტა, თუ პირი გაინთავისუფლა, მერწმუნეთ, პირველად თავის პატრონს დაჰკბენს. რომელ კაცსაც ოჯახი და მეგობარი დაუკარგავს, რომლისთვისაც გრძნობა წაურთმევიათ, რომელსაც სიყვარულისა და თანაგრძნობის ცეცხლი დაშრეტია, ის ფუღუროიან ხის ტანს ჰგავს, რომელიც იკავებს მის ტოტებს მაშინასავით იმისთვის, რომ დასაბამიდანვე ამ გარემოებას შეჩვევია. მაგრამ ერთი ცულიც რომ დაჰკრა, დაიჭრიჭინებს და ტოტებიანათ მიწაზე დაასკდება”. –  გიორგი წერეთელი (კიკოლიკი,ჩიკოლიკი და კუდაბზიკა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი, რომელიც თავის დღეში ფარდა ჩამოფარებული დადის ამ სოფლად და მუდამ გულდახურულს მოქმედებაშია, იმას გულახდილად მოქმედება აღარ შეუძლია. ვისაც უფლების ხელში ჩაგდებისათვის კაცი მოუტყუებია, გაურყვნია, გაუგლეჯია და მოუკლავს, იმას სიკეთისათვის სრულებით დახშული ექნება გონება. როდესაც ის მთელი ქვეყნის ფეხქვეშ გათქერით მის მბრძანებლად შეიქნება, სიკეთის მოცემა აღარ შეუძლია, რადგან ხელი მუდამ სისხლში აქვს გასვრილი და ვინმესთან დაახლოებას ვეღარ ბედავს”. – გიორგი წერეთელი (კიკოლიკი,ჩიკოლიკი და კუდაბზიკა)

* * *

„ასეა ქვეყანაზე, თუ ღონე არა გაქვს ხელში, ვერასა იქმ. ჩვენი ხალხი ღარიბი ხალხია, ამასთან გაუნათლებელიცა. ის დახარბებულია პურის ლუკმაზე, ვისგანაც ამ ლუკმას გამოელის, დღეს მისი ღმერთი და იმისი მეფე არის. იმას გონება არაფრად გაჰკვირს, გონიერი კაცი, მცოდნე, მეცნიერი კაცი იმას კიდეც სძულს, იმას უყვარს, ჯიბით მდიდარი და მთავრობაში საქმის გამტანი”. - გიორგი წერეთელი (კიკოლიკი,ჩიკოლიკი და კუდაბზიკა)

* * *

„სიკვდილი თან დაჰყვება, ბოლოს თავზე დაადგება ადამიანს: არათუ სიკვდილის, სიკვდილთავდამდგარი კაცის დანახვაც ჭირს”. – რეზო ჭეიშვილი (მეოთხე სიმფონია)

* * *

„ვინც თამაშობს, ისიც თავს იქცევს და ვინც შრომობს – ისიც. თავს იქცევს დიდი და პატარა, საჩინო და უჩინარი, ფიზიკოსი და მემწვანილე, ატომის დამშლელი და აფერისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, ავანტურისტი… ყველას დრო გაყავს… თუ ამას იქით აღარაფერია, გონიერ არსებას რა დარჩენია თავის შეყოლიების მეტი. ეგ არი…. თავს ვიქცევთ და ჩვენდა უნებურად, შეუცნობლად ვმონაწილეობთ განვითარების ექსპერიმენტში. არსებობს დრო, სივრცე, გზა სამყაროსი, გზა კაცობრიობის და ადამიანის, არა ადამიანების, არა პიროვნებების, ინდივიდების, არამედ – ადამიანის; ერთია სამყარო, ერთია სივრცე, ერთია გზა კაცობრიობისა და ადამიანის. ღმერთი კი სულის უკვდავებაა. სულის უკვდავების გარეშე ღმერთი არ არის. ჩვენს გარეშე არსებული ღმერთი მატერიაა, რომელიც ჩვენთან ერთად მოკვდება. თუკი ჩვენთან ერთად ჩაქრება მზე, ჩაიშრიტება ვარსკვლავები, გალღვება გალაქტიკები და სამარადჟამოდ შეჩერდება დრო, მოძრაობა, ღმერთიც ჩვენთან ერთად გარდაიცვლება და ეს იქნება სულის კატასტროფა, თავშექცევის ლოგიკური დასასრული. თუკი სული უკვდავია, უკვდავია ღმერთიც, სხვანაირად არ არსებობს, არ არსებობენ გალაქტიკები, ვარსკვლავები, პლანეტები და ასე შემდეგ. მოკვდავია თუ უკვდავი ღმერთი, სამყარო და, შესაბამისად ადამიანი? ან ერთია, ან მეორე. სიცოცხლეშივე ამის გაგება კი მეორედ მოსვლის ტოლფასია”. - რეზო ჭეიშვილი (მეოთხე სიმფონია) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>