ამონარიდი თედორე დოსტოევსკის ნაწარმოებიდან – „მკვდარი სახლის ჩანაწერები”
„არიან ადამიანები, ავაზასავით სისხლზე დაგეშილნი. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ეგ უფლება, ეს განუსაზღვრელი ბატონობა სხეულზე, სისხლსა და სულზე თვისივე მსგავსი ადამიანისა, ქრისტეს კანონით იმგვარადვე შექმნილი თავისივე ძმისა; ვისაც გამოუცდია უფლება და სრული შესაძლებლობა ღვთისაგან გაჩენილ მეორე არსების უზომოდ დამცირებისა, ის უკვე როგორღაც ნება-უნებლიეთ ხდება თავისივე შეგრძნებების მონა.ტირანობა – ჩვეულება გახლავთ; მას განვითარება ახასიათებს; ვითარდება, ბოლოს და ბოლოს, ავადმყოფობამდე. მე იმ აზრისა ვარ, რომ ჩვეულების ძალით შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გაუხეშდეს და გადაგვარდეს იმ ზომამდე, რომ მხეცისაგან ვეღარ გაარჩევთ. სისხლი და ძალაუფლება მათრობელია: სიტლანქეს და გახრწნილებას აღვივებს: გრძნობა-გონებისათვის საცნაური და ბოლოს, მატკბობელი ხდება, ყველაზე არანორმალური მოვლენები. ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ იღუპება ტირანში, ხოლო შემობრუნება ადამიანური ღირსებისაკენ, მონანიებისა და აღდგომისაკენ თითქმის შეუძლებელი ხდება მისთვის. იმავე დროს, ამგვარი თავნებობის შესაძლებლობა, მაგალითი, მთელს საზოგადოებაზედაც გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცთუნებელია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად შესცქერის მსგავს მოვლენას, თვითონვე ძირში დასნეულებულია. ერთი სიტყვით, უფლება იმისა, ერთმა ადამიანმა ფიზიკურად დასაჯოს მეორე, წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ წყლულს, ერთ-ერთ უძლიერეს საშუალებას ჩაუხშოს ამ საზოგადოებას ყოველგვარი ჩანასახი, ცდა მოქალაქეობისა, საფუძველს მისი გარდუვალი გადაგვარებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)