ამონარიდები ლევან სანიკიძის წიგნიდან – “დავითიან-თამარიანი ანუ რომელმან აღაშენა, რომელმან დაამშვენა”
“სწორედ ასეა: ქართველი, მაშ რისი ქართველი იქნება, თუ სხვა რომელიმე ქართველის უფროსობა ითმინა!
ქართველისათვის მეორე ქართველი სხვა ქართველია – უფრო “სხვაც”, ვიდრე “სხვა უცხოელი”, და იმ სხვისას, უფროსობას და “უფლობას” კი არა, მასთან თანასწორობასაც ვერ მოითმენს და ვერ აიტანს!
მე ქართველი ხომ ვარ, ბუნებით და “გენეტიკით” – მაშასადამე, უფალიც მე ვარ და არავინ არს სხვა უფალი და სხვა უფროსი ჩემსა ზედა!
მე!!!
(“მეების”, ანუ “მე”-თა ქვეყანაა საქართველო).
მე ვინ მჯობია, მე იმაზე ნაკლები რით ვარ, ის რა უფლებით უფლობს ჩემზედა?!
ეს არის ფიქრი ყოველი ქართველისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანმა – ზნეობრივად ამ უსრულო არსმა – ვერ იქნა და ფიქრიდან, ზნეობიდან ვერ ამოირეცხა:
სურვილი მკვლელობისა,
სურვილი მრუშობისა,
სურვილი ქურდობისა,
სურვილი ცილისდაწამებისა…
ვერ ამოირეცხა და ქრისტეს მიერ გზაზე ვერ შედგა ადამიანი.
ვერ იქრისტიანა ადამიანმა!
სინდისში, ფიქრში, სურვილში – იგი მაინც მარად მკვლელია, მარად მრუში, მარად ცრუ, მარად ქურდი, მარად ცილისმწამებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რაკი ადამიანებს ვერ აკავებს და ვერ აწესრიგებს შინაგანი ზნეობა, ამისთვის, – მხოლოდ ამის გამო – გამოგონილი იქნა “გარეგანი” კანონი.
კანონი კი – დაშინებაა ადამიანისა.
შიში კი ისეთია,ადამიანს რომ აკავებს და… აწესრიგებს.
“ხალხი მხოლოდ შიშით არის ხალხი”, – ამბობდა ქრისტეს წინარე პირველ საუკუნეში, რომის დიქტატორი ლუციუს კორნელიუს სულა”.
* * *
“ვინ მოთვლის, ისტორიის უხანგრძლივეს ჟამსაბრუნავში რამდენ დიდსა თუ მცირე გვირგვინოსანს მოუწამია (თუ არ „შეუჭამია”) და მოუთელია თავის წილხვედრი წუთისოფელი, და ვის რა ტიტულ-თიკუნი შეურქმევიათ მისი სახელის სამარადჟამოდ უკვდავსაყოფად: „დიდი” თუ “მცირე”, „ბრძენი” თუ “შლეგი”,”გრძელი” თუ “მოკლე”,”სქელი” თუ “თხელი”,”მრისხანე” თუ „გულმოწყალე”, „თეთრი”, “შავი” თუ “წითური”, „მამაცი”, „წმიდანი”, „ღვთისმოსავი”, „ლომგული”, „ფრინველმჭერელი”, „ამაყი”, „მელოტი”, „წვეროსანი”,„ჩექმოსანი”, და კიდევ რამდენი და რანაირი!
მაგრამ „აღმაშენებელი”?!
მხოლოდ ქართველ მეფეს რომ დარქმეოდა…
ხალხისგან დარქმეოდა…
უეჭველად, ღვთის შთაგონებით”.
* * *
“გამჟღავნებული მოღალატე სამარადჟამოდ უვნებელი და უწყინარია და მასთან, მისი მოსპობით, მკვიდრდება ტერორი, შიში, ასე თუ ისე ამლაგმავი სამომავლო და სავარაუდებელი მოღალატური გამოხდომებისა”.
* * *
“როცა სამშობლო ტირის და გლოვობს, ბავშვის გულშიც, ანკარა სიცილ-კისკისის სანაცვლოდ, მრუმე კაეშანი ისადგურებს და იმკვიდრებს”.
* * *
“ძნელია პირველობა ქვეყანაში, სადაც ყველა პირველია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ფორტუნას სიცილი და ლაზღანდარობა ადამიანის ცრემლი, წუხილი და გოდებაა”.
* * *
“უცხოეთში უცხოს სამსახურში ქართველს ვერავინაც ვერ აჯობებს”. – (ავტორი გენია.ჯი)