ლერი ალიმონაკი – “ნიკო ფიროსმანის ნაწყენი ხმა”
” …თქვენთან არ ვიყავი,თქვენში არ ვერიე?! მიცანით?!. ახლა რა ფაციფუცი აგიტყდათ,რა საფლავს ეძებთ?! ავდექი და გაგეპარეთ,დაგეკარგეთ,ზეცაში დაგემალეთ!.. თქვენ ისევ იქ ხართ,სადაც დაგტოვეთ,ნაბიჯი წინ არ წაგიდგამთ… საფლავიო,აგიჩემებიათ,რად გინდათ,ყვავილებისთვის?!. ყვავილებს მე გიკრეფდით,ყოველცისმარე,თქვენ აჭკნობდით,სთელავდით,ერთი წყაროსწყლიანი დოქი ვერ გაიმეტეთ,ის ყვავილები გეხარებინათ,მისი სურნელი შეგეგრძნოთ… უკრძალველი ხალხი ხართ,რით აღარ მამკობდით – მღებარიო,ლოთიო,საწყალიო,თვითნასწავლიო!.. ამდენი აბრა რომ დამკიდეთ,მე რა,დუქანი ვარ,მიდი-მოდი ვარ?!. უკრძალველნი რომ არ იყოთ,მიხვდებოდით,ვისგანაცა ვარ – ვინც სულს ჩაგბერავს,ფეხს აგადგმევინებს,ხელში სანთელს მოგცემს,გაგიშვებს ქვეყანაზე… დამინახეთ?!. გაგეპარეთ,ზეცაში დაგემალეთ!.. ხორციელი თვალით ვერ დამინახეთ,სულიერი თვალი კი არ გაქვთ – ზეცაში როგორ დამინახავდით?!. რა გთხოვეთ – ერთი პატარა სინათლიანი ოთახი,ერთი ხელი სუფთა ტანისამოსი,ფუნჯი და საღებავები… ეს იყო,მეტი რა?! გაიმეტეთ?!. რა ფუნჯი,რის საღებავი, – ხაფანგებს მიგებდით,აბლაბუდებში მხვევდით,მაგისი გამოცნობა მე სად შემეძლო?!. მე ქართულ ზეცას შევჩერებოდი,თამარის გულისფეთქვას მივყურადებოდი,ერეკლეს გულისთქმას ჩავგულისხმებოდი…
“გრაფსაც” იმად კი არ მეძახდნენ,ამპარტავანი ვიყავ,თქვენის უკრძალველობისგან თავის შორს დამეჭირა,იმად… მე თქვენ ხატები მეგონეთ,ხატებივით გძერწავდით,ხატებივით ფერსა და მადლს განიჭებდით… ღმერთი ხომ ჩვენშივეა,ვფიქრობდი,როგორც ცეცხლი – ღუმელში… დამინახეთ,მიცანით?! მე,ნიკო ფიროსმანიშვილი,გოლიათი,ქვევიდან ზევით ხატებივით შემოგყურებდით თქვენ.ხოლო თქვენ,მე,გოლიათს,ზევიდან ქვევით დამყურებდით,აბა ერთმანეთს როგორ დავინახავდით?!. ავდექი და გაგეპარეთ,დაგეკარგეთ,ზეცაში დაგემალეთ!..” – (ავტორი გენია.ჯი)