ამონარიდები დემნა შენგელაიას რომანიდან – „ბათა ქექია”
„არავის უცხოვრია ისე,როგორც უნდოდა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭიანჭველას რომ ღმერთი გაუწყრება, ფრთა მაშინ ამოუვა”.
* * *
„ძაღლის კუდივით ენის ქნევა რა ვაჟკაცის საქმეა? ლაპარაკი გულს აოხებს, რისხვას ანახლებს. მოდი, დედაკაცებმა ილაპარაკონ და ჩვენ ხელი გამოვიღოთ”.
* * *
„უსისხლოდ გამარჯვება ვის მოუპოვებია, ჩვენ რომ მოვიპოვოთ. სანამ გველს თავს არ გაუსრეს, კბენას არ მოიშლის. მტერიც ასეა”.
* * *
„დაგვათვრე ფესვკურთხეულო, გაგვამხიარულე, გულს ჯავრი გადაგვყარე და დარდს რომ მივაყუჩებთ, შენ მერე ნახე რა ბიჭებიცა ვართ. ეს შენა ხარ, ძირი სიყვარულისა და სიძულვილისა. შენა ხარ, ღრჯუ კაცს მამა-პაპის ბოღმას კისერში რომ მოუყვან და ხანჯალს მოულოდნელად აშივლებინებ. შენა ხარ, სიყვარულის აფერფლილ მუგუზალს ირგვლივ ხმელ თივასავით რომ შემოეხვევი და მუნჯს ენას ამოადგმევინებ, გონიერს საზრისს წაართმევ, სულელს სულ გამოასულელებ და მერე, ჰაი გიდი, ყველა ერთ ჭკუაზე რომ დავდგებით. გზა გვიტიეთ, გზა! ხომ ხედათ, რომ ამ ქვეყანაში ვეღარ დავტეულვართ! ეს ოხერი, ვფიქრობ და მაინც ვერ გამიგია, რა ხარ ისეთი, – ჭკუას გვართმევ და მაინც გვიყვარხარ, გვასულელებ და სულს მაინც გვირჩევნიხარ? ალბათ, იმიტომ, რომ ცოცხალი ვართ – შენი წვენით გვადღეგრძელებენ, მკვდარი ვართ – შენი წვენით მოგვიხსენიებენ. რომ დავთვრებით, გავლაღდებით, მერე ეს ქვეყანა ვიწროდ გვეჩვენება,ეს ცა დაბალი გვგონია და თავს მაღლა რომ ავაჭერთ და წელში გავიმართებით,ვღრიალებთ თავაწყვეტილნი:
- გაგვიშვით, გზა გვიტიეთ!
ვემუქრებით მთებს, კლდეებს და ზედ ჯიხვებივით თავით რომ შევასკდებით, აქეთ-იქით მივყრით, მოვყრით და გაჭენებულნი ქვეყნის კიდეს რომ მივადგებით, შევდგებით, მაგრამ თავბრუ მაინც გვეხვევა და უფსკრულებში გადაცვენილებს ოქროს ფუტკრები დაგვეხვევა, რადგან შენი წვენით დატკბილული ვიქნებით. სადღაც ზღართანს რომ მოვადენთ, გონს ერთბაშად მოვალთ და დავინახავთ, რომ ზღართანი თურმე ორღობის ტლაპოში მოგვიენია და ანგელოსები ფუტკრებივით რომ გვეხვეოდნენ, თურმე ცოლია, თურმე შვილია და წყევლა-კრულვით გეწევიან, ტალახიდან ამოყვანას ლამობენ, მაგრამ შენ კიდევ უფრო ჭირვეულობ და ლაფში კიდევ უფრო განიერად იშოტები. თან გაჰყვირი, რომ თავი გაგანებონ, შენთვის დაგაყენონ და შენს გემოზე გაცხოვრონ, მაგრამ ვინ გიჯერებს, ტალახიდან მაინც უნდათ, ამოგათრიონ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამბობენ, მსუქანი კაცი კეთილიაო და მიკვირს, თქვენ, ჩვენი ქონით ასე გასუქებულნი, რამ გაგაბოროტათ, რომ სულიან-ხორციანად შესაჭმელად აღარ გვინდობთ? სანამ შეგვჭამდეთ, ავი ძაღლივით ხართ და რომ შეგვჭამთ, მერე გეცოდებით, ჩვენს გახრულ ძვლებს შავი ცრემლით დასტირით, სულს შესანდობარს უთვლით და რადგან ხორცი ხელსახებია, ჩვენს გახრულ ძვლებს ისევ უბრუნდებით და ტირით, იმიტომ კი არა, რომ გებრალებით, ტირით იმიტომ, რომ ერთი სიცოცხლე გვაქვს და ჩვენი შეჭმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება”.
* * *
„ – რას იზამ, ჩემო ბათა! ხომ გაგიგონია, თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსაო”.
* * *
„ღმერთო, მადლობელი ვარ, რომ ეს ქვეყანა ეგრე მოხატული, ეგრე მოჩითული მაჩუქე, მაგრამ ეს მამასახლისი და ჩაფრებიც რომ მაჩუქე, მითხარ, რისთვის მინდოდა? ღმერთო, ნუ მიწყენ და, მე უარს ვაცხადებ ეგეთ საკუთრებაზე. ღმერთი, რჯული, არაფრად, სრულიად არაფრად მესაჭიროებიან ისინი. პირიქით, მე ვჭირდები მათ და ეგრე რომ არ იყოს, განა ისინი თავისი ფეხით მეახლებოდნენ? პირიქით, მაშინ მე თვიონ უნდა მერბინა მათთან. მე ვიხედები ჩემს სიგელ-გუჯარში, ჩემი ნასყიდობის ქაღალდებში და ყველგან სიტყვასიტყვით წერია, რომ მე სულ რაღაც ორქცევა-ნახევარი საყანე მიწის პატრონი ვარ, ამისი ნახევარიც საეზოვე მაქვს, ეს ერთი ბორანი მაბადია და, აჰა, ეს არის და ეს! არსად არც მამასახლისი და არც მისი ჩაფარი არ მიწერია და რას მეძალებიან, ვერ გამიგია! ამიღეთ და გადამისროლეთ ამ რიონში – თევზივით ავცურდები; ამიღეთ და მისროლეთ ცაში – ჩიტივით გავფრინდები; ამიღეთ და ჩამაგდეთ ცეცხლში – სალამანდრად გადავიქცევი; ცოცხლად დამმარხეთ მიწაში – თხუნელად ვიქცევი, მაგრამ ამ ხელისგულივით მიწაზე რომ დამსვით და ისე დამტოვეთ, თქვენ თვითონ მითხარით, რად ვიქცე, სად დავიმალო, რომ ამ ნაგაზმა ჩაფრებმა ვერ მომაგნონ?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აბა სად გაგონილა, რომ თხას თავისი ტყავის გახდა თვითონვე უხაროდეს?” – (ავტორი გენია.ჯი)