ამონარიდები გიორგი შატბერაშვილის მოთხრობიდან – „მკვდარი მზე”

„არ იციან უგუნურებმა, წუთისოფელი სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილია… სადაც სიკვდილი არ შეაბოტებს, იქ რომ არც სიცოცხლეა. აბა, სიკვდილმა ვის უნდა მოუქნიოს თავისი ცელი? სიკვდილი მხოლოდ ამოწყვეტილ ოჯახში არ შედის… ან რა ესაქმება იქ? ამოწყვეტილი ოჯახი სიცოცხლესაც მოსძულებია და სიკვდილსაც, საკუბოვე ხე იმ ეზოში იზრდება, სადაც აკვანი ირწევა.

ეს კია, დრო უნდა იცოდეს დაწყევლილმა, დრო…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის გული ავ სიტყვას როგორ გაუძლებს. გულს თუ რამე ჰკლავს, ავი სიტყვა ჰკლავს. მუდამი წვეთის ცემასავით ხვრეტს კაცის გულისფიცარს ნამივით მსუბუქი სიტყვა… დაეცემა ერთხელ და ოდნავ შეათრთოლებს, დაეცემა მეორედ და უფრო ძალუმად შეატორტმანებს, მოსვენებას დაუკარგავს. დაეცემა მესამედ, მეოთხედ… დაეცემა და გაბზარავს გულსა. ან კი რატომ არ დაეცემა: ავი სიტყვა სწორედ იმიტომ არის ავი სიტყვა, რომ კეთილი გული მოჰკლას!”

* * *

„ნამდვილს ზურგს უკან იტყვიან. თუ არც იქ იტყვიან, გულში მაინც გაივლებენ. თქმა თუ არ უნდათ, სამარეში ჩაიტანენ და არავის ეტყვიან. ნამდვილი უფრო ხშირად უთქმელია”.

* * *

„ასეა, ავ სიტყვას, წყენას, მდურვას თუ უბრობას თან მოსდევს რაღაც სიკეთის მსგავსი… პირველი წყენის გავლის შემდეგ დგება სინანულის ჟამი. ნატკენი გული უჩუმრად სწონავს სხვისას თუ თავისას, თავის თავს მეტ დანაშაულს აკისრებს, სხვის ცოდვას აპატარავებს. იწყებს შენანების დუღილს, თხოულობს აღიარებას… მომდურავ გულთა შუა ჯერ ენით უთქმელი აღიარება იწყება, მერე, თანდათან და გაუბედავად, სიტყვაც ითქმის.

ეს ემართებათ ახლობელ და ერთმანეთის უღალატო გულებს. მათ არ შეუძლიათ მიბაძონ იმ გულებს, რომლებიც პირველსავე წყენას თუ უმძრახობას მტრობის სათავედ აქცევენ”.

* * *

„ – ნატვრაშესრულებულ კაცზე უბედური ქვეყანაზე არავინ არი. ცხოვრება ნატვრაა… შესრულების მერე რა უნდა გააკეთოს, სანატრელი რაღა უნდა ჰქონდეს?.. იჯდეს და ჭამოს?!”

* * *

 „რას მიქვია სიზმარი და ცხადი,მათ შუა სამანი ვის დაუდვია? ცხოვრებაც სიზმარია… ცხადიც სიზმარია და სიზმარიც.ცოდვა ცოვაა,ვის გაუყვია ცხადისა და სიზმრის ცოდვა,ვისა?.. განა ორივე კაცის გულის ნაჟური არ არის?.. განა რაც ცხადში ხარ,სიზმარშიც ის არ იყავ?”

* * *

„ – დაზოგილი ღონით ნატვრა ვის შესრულებია… თუ ერთბაშად არ დაიხარჯე, თუ ერთბაშად არ მოიქნიე ფრთა, ერთხელაც ვერ აფრინდები არწივივით. რათ უნდა დავზოგო? იმისთვის, რომ ცოცხალი მერქვას და ას წელიწადს უღონოდ მივათრევდე ლეშსა?!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის საოცნებო, მისი ცხოვრების ფიქრი სახელის შოვნა ან ამ გზაზე სიკვდილი ყოფილა!”

* * *

ბედნიერია, ვინც სიკვდილით სიკვდილს ამარცხებს!”

* * *

„არა, დრო კი არ მიდის, დრო დგას და ჩვენ მივდივართ. დრო უძრავია სივრცესავით, თვალუწვდენელია სივრცესავით, ის უსახო და უსხეულო მდუმარებაა, რომელსაც ხანდახან ჩვენი განწირული ძახილი არღვევს. ჩვენ მივდივართ, მივქრით იმ ღრუბლებივით, დრო კი დგას, როგორც მთაწმინდაზე მართული ტელემზერის კოშკი. ჩვენ მივქრით იმ თეთრ-ყვითლად შემღვრეული, დაფლეთილი ღრუბლებივით და გვეჩვენება, ვამბობთ, დრო მიდისო. ჩვენ მივდივართ, როგორც ჩვენზე ადრე სხვები მიდიოდნენ, როგორც ხიზამბარელი მიდიოდა ნოსტის გზაზე, როგორც თენგო კობაიძე მიჰქროდა ძლევის ქედისკენ… დრო მაშინაც იდგა, ისინი კი მიდიოდნენ. ალბათ, მათაც ეგონათ, დრო მიდისო”.

* * *

„არა, ახლებს არ აშინებთ ძველების ტკივილი, სასაცილოდ არ ჰყოფნით ძველების სიფრთხილე… ძველების სიფრთხილე სიმხდალედ მიაჩნიათ ახლებს. ისინი სხვა თვალით უყურებენ ცხოვრებას, ისე უყურებენ, როგორც ძველები უყურებდნენ სიჭაბუკეში… მამაცნი არიან და ცეცხლთან თამაში არ აშინებთ. ვინც ცეცხლს არ ეთამაშება, ვერც გმირი გახდება… იციან თუ არა ეს, მაინც ამ გზით მიდიან…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოდიოდა ღამე, ძლევის ქედის მწვერვალზე კი ისევ ენთო მკვდრის მზე.

მკვდრის მზე…

მკვდრის მზე შემოღამების წინ სულ რამდენიმე წამით გააშუქებს ხოლმე მთათა მწვერვალებს და უმალვე გაქრება.

საოცარია უკვე ჩასული, ქვეყნის კიდეს მიფარებული მზის ეს უკანასკნელი ამოსხივება, სულთმობძრავის აღსარებასავით გაუგებარი და სევდიანი… საოცარია მისი სახელიც.

მკვდრის მზე…

ერთმა შუბათელმა ბერიკაცმა ამიხსნა, მკვდრის მზე იმათთვის აშუქებს, ვინც ღირსეულად კვდებაო… ზოგიერთს ჰგონია, ყველა მკვდრისათვის ამოდის ეს დაღლილი მზე. ნამდვილად კი გრძელი სოფელიც წუთისოფელივით მაცთურია, არც იქაური მზე აშუქებს ყველასთვისო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>