ნუგზარ შატაიძის მოთხრობა – „ქეთო გალოთებულა”
„ – გაიგე, ქალო, ჭელიძეების გოგო რომ გალოთებულა? – ჰკითხა თმადაუვარცხნელმა, ბამბაზიისხალათიანმა დედაკაცმა მეზობლის ქალს, რომელიც ხის საერთო აივანზე სარეცხს ფენდა.
- ვინ ჭელიძეების?
- შენს გვერდით რო ცხოვრობდნენ, საბურთალოზე რომ გადავიდნენ მერე…
- რომელი გოგო…
- რავა რომელი, ერთი არ ყავდათ?
- ქეთუთა, ქალო?!
- ქეთუთა, კი.
- რაო, სვამსო?
- სვამს კი არა, გაბასიაკებულა თლათ!
- ტყუილი იქნება…
- ჩემი თვალით ვნახე და სანდრომაც მითხრა ამ დილით.
- დედა, ჩემი სიკვდილი!
- აბა!
- რა კარგი ბავშვი იყო!
- კი, კარგი ბავშვი იყო!
- პუტკუნა, ჭკვიანი… სკრიპკაზე უკრავდა, გახსოვს?
- რავა არ მახსოვს, მისმა წრუპუმ-წრუპუმ არ მომკლა?
- ცივ ნიავს არ აკარებდნენ მშობლები…
- კი, ატუტუცებდნენ ძალიან!
- დედა, დედა, საწყალი თინა… კიდევ კარგი არ მოესწრო საკუთარი შვილის გაუბედურებას!
* * *
- გაიგე? ქეთი გალოთებულა! – უთხრა სამსახურიდან შინ მისულმა ქმარმა ცოლს.
- აბა, ქეთი?
- ქეთი, არ გახსოვს, შენი კლასელი, მაღალი, ლამაზი გოგო რო იყო!
- ჭელიძე?! კარგი,რა!
- როგორ გალოთებულა?
- რა ვიცი, სვამს თურმე…
- ოჰ, ეგრე მთელი ქალაქი სვამს!
- არა, მაგრად ყოფილა ჩაშვებული.
- წადიი…
- ვასიკო შემხვდა ლიფტში და იმან მითხრა.
- რას მელაპარაკები!
- აბა…
- აფსუს… იცი, რა გოგო იყო?
- როგორ არ ვიცი, გიჟდებოდნენ ბიჭები!
- გამხდარი,ლამაზი,ფრიადოსანი… მთელი კლასი მისგან ვიწერდით საკონტროლოებს…
- შენც იწერდი?
- აბა რა, მე მათემატიკა?! – გადაიკისკისა ქალმა.
კაცმაც გაიცინა და ცოლს წელს ქვემო მოუთათუნა ხელი.
* * *
- ჭელიძე რომ გალოთებულა? – უთხრა ბიბლიოთეკარმა მოხუც ლექტორს და მკლავში ხელი გამოსდო.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ იდგნენ.
- რომელი ჭელიძე, ნინა?
- რომელი და მაღალი, ლამაზი,თვალები რომ გრჩებოდა ზედ, არ გახსოვს?
- რას ამბობ, ქეთევანი?
- ქეთევანი, კი.
- როგორ თუ გალოთებულა?
- როგორ და მასე. სვამს თურმე, ადამიანის სახე აქვს დაკარგულიო…
- რას მეუბნები, მაგას როგორ ვიფიქრებდი?!
- აბა!
- რა კარგი სტუდენტი იყო, როგორი მოწესრიგებული, ნიჭიერი…
- კარგი იყო, კი… კარგი ოჯახისშვილიც, მაგრამ, ე!
- სულ მიკვირდა, ასეთმა ლამაზმა გოგომ ამდენი საიდან იცის-მეთქი!
- ბევრს კითხულობდა ძალიან… ერთხელ ვუთხარი, არ გინდა, გოგო, მაგდენი კითხვი თვალებს გაიფუჭებ-მეთქი! გახსოვს, რა ლამაზი თვალები ჰქონდა?
- როგორ არ მახსოვს… ვითომ არაფერი ეშველება, ნინა?
- აჰ, რაღა ეშველება აწი…
გაჩერებაზე ტროლეიბუსი ჩამოდგა და ორივენი წინიდან ავიდნენ.
* * *
- ჭელიძე რო გალოთებულა? – თქვა შავგრემანმა, დიდულვაშა კაცმა და ჭიქები არყით შეავსო.
უკვე ნახევარი საათი იყო, რაც ხინკალს ელოდებოდნენ.
- ვინ ჭელიძე?
- ჭელიძე, ჩვენი ლაბორანტი.
- ქეთევანა, კაცო?!
- ჰო.
- კაი ერთი, ვინ დაგიჯერებს მაგას!
- ნუ დაიჯერებ, თუ გინდა!
- რანაირად?
- ეგ ხო გათხოვდა, მერე ქმარს გაეყარა და ვიღაცას გადაეკიდა…
- ვისა, ჩვენ არ ვიცნობთ?
- არა, პლეხანოველი ბიჭი იყო…
- მერე?
- რა მერე, ის რუსეთში დაითესა, ეს აქ დარჩა, ქმარმა შვილი წაართვა…
- იასნია, რა!
- აუ, რა გოგო იყო, ბიჭო!
- აბა, მამალ ბუზს არ ისვამდა თავზე…
- შენ ეგ, მგონი, გიყვარდა, არა?
- მიყვარდა კი არა!
- ჰო, დაგვიმალე, დაგვიმალე, ბებიაშენისამ!
- ოცდაათი ხინკალი მეხუთეზე! – დაიყვირა დახლიდარმა.
- ე, ბიჭო, გვეშველა მგონია!
* * *
- კაცო, ეს ქეთო რა მაგრა გალოთებულა!
- ვინ ქეთო?
- ქეთო რა, აფერისტთან რო იდგა ბუტკაში.
- ნოდარასთან?
- ჰო.
- დიდტრაკა?
- ჰო, ისა!
- ვა, მართლა კაცო?!
- ჰო, რა იყო?
- არა, არაფერი…
- ჰა, რას გაჩერდი, მიდი მომაწოდე ეგ იაშიკი!
- ქეთო, კაცო?!
- ნელა, შეჩემა, ბოთლები არ დაამტვრიო!
- ნუ გეშინია, არ იცი, რო პოსლეზე მაქ აღებული?
- საწყალი, კაცო…
- ვინა?
- ქეთო, რა…
- ეჰ, ქეთოს დედაც!” – (ავტორი გენია.ჯი)