ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ყველა ავადმყოფობა ნერვული სისტემის მოშლიდან იწყება, აღმართის წვერიდან მოემართება სატკივარიც, ნატკივარიც, ტკივილიც. ო, როგორ გწყურია, როგორ გაკლია მოფერება ასეთ ჟამს, მაგრამ, აღარც ისე დიდი მომფერებლები გყავს, დედას და მამას რომ ვეძახდით. ან, თუ გყავს აქა-იქ, თითონ არიან მოსაფერებლები. ზიხარ ქედზე, თოკის ერთი ბოლოთი შვილები ამოგყავს მზიურ აღმართზე, თოკის მეორე ბოლოთი მშობლებს უშვებ დაბლა, ჩრდილოვან ქვეყანაში. გისისინებს და გიფითილებს ცივი ქარი, სწორედ ასეთ დროს არის მეგობრის ხელი უებარი!” - მერაბ ელიოზაშვილი (კურდღლის სიმღერა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ომმა არ იცის პატიება. არ გესწავლება, ჩემო დიმიტრი, ომი გულკეთილებს სასტიკად სჯის”. – ნოდარ წულეისკირი (ბარკალაი დე ტოლის სიზმრები)
* * *
„საოცარია წუთისოფელი, ღმერთმა უწყის მისი ავან-ჩავანი; ჯადოსანი ჩარხს ხან აღმა ატრიალებს და ხან – დაღმა, ხან დედის თაფლივით ტკბილია, ხანაც – ნაღველაა, ხან აგაგორებს, ხან დაგაგორებს, ხან გატირებს, ხან გაცინებს. ჩვენ კი, მოკვდავთ ეს „ხან”, როგორც ამოუხსნელი ლოგარითმი, წინ გვიდევს და ვერა გაგვიწყვია რა; ვერ გვიკითხავს: რათა? რისთვის? ან თუ გვიკითხავს, პასუხი ვერ მიგვიღია. ფანტასტური გიბილიი აღმართულა ჩვენს წინ. მაგრამ მაინც არ ვცხრებით, დაჟინებით ვეძებთ მიზეზს – ცალი თვალით რად ტირის და ცალი თვალით რად იცინის ჯადოსანი. ზოგი ხელს ჩაიქნევს და ამბობს: „წუთისოფელი ასეა, ვის შეუძლია გამოიცნოს მისი ჯადო-თილისმა”. - ნოდარ წულეისკირი (ბარკალაი დე ტოლის სიზმრები)
* * *
„საოცარი ძალა აქვს ეჭვს. ადამიანს რომ შეუჩნდება, ნელ-ნელა, თანდათან, შეფარვით, შეპარვით სულში ჩაუძვრება და დაიმორჩილებს. თუ ეჭვის ეს ჯადოსნური თესლი ნოყიერ ნიადაგზე დაეცა, მაშინ ხომ უცებ იბარტყებს, უცებ იხარებს და ფრთებს გაშლის”. – ნოდარ წულეისკირი (თუთარჩელა)
* * *
„ – აზრზე ხართ, რა შესაძლებლობები არსებობს დღეს? აიყვან კარგტაკუცუნებიან გოგოს, დაასვამ მეორე გოგოს სახეს, მიაბამ მესამე გოგოს ფეხებს, მეოთხის – ხელებს, მეხუთის – ძუძუებს. ერთი სიტყვით, გამოდის ადამიანის აჯაფსანდალი!” – ფრედერიკ ბეგბედერი (99 ფრანკი)
* * *
„კაცობრიობა რომ მონების ბრბოდ ექცია, რეკლამამ აირჩია მოკრძალება, მოქნილობა და დამაჯერებლობა. ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს. ეს არის მისი ყველაზე დიდი მიგნება. რაც უნდა მწვავედ გააკრიტიკონ, საუკეთესო როლი მაინც მას რჩება, ნებისმიერი პამფლეტი მისი მოტკბო შემწყნარებლობის ილუზიას კიდევ უფრო აძლიერებს. იგი თქვენ მომხიბლავად გიმორჩილებთ, ყველაფერი ნებადართულია. სულ რომ ჩააქაქო ყველაფერში, კაციშვილი ხმას არ გაგცემს. სისტემამ თავის მიზანს მიაღწია: დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა”. – ფრედერიკ ბეგბედერი (99 ფრანკი)
* * *
„თუ გინდათ მასების სიმპათია დაიმსახუროთ, მათ ყველაზე სულელური და ორიგინალური რამეები უნდა უთხრათ”. - ფრედერიკ ბეგბედერი (99 ფრანკი)
* * *
„ჩვენს ზოგადსაგანმანათლებლო, სავალდებულო სკოლებში მიღებულმა წყალწყალა ცოდნამ, ცოდვა მეტი ქმნა ცოდნაზე”. – მერაბ ელიოზაშვილი (კურდღლის სიმღერა)
* * *
„ადამიანებს ხომ იმედი გვაცოცხლებს, იმედი გვასულდგმულებს, იმედია ის საკვირველი, ღვთისაგან ბოძებული მადლი, რომელიც მთას გადაგვადგმევინებს, აღმართს მოგვახნევინებს.
ამ ჩვენს უსასოო დროშიც კი ხშირად გაიგონებთ, უიმედოდ ერთ დღესაც ნუ მაცოცხლაო მართლაც იმედია სიცოცხლის დვრიტა, თორემ უიმედო კაცი კვდება.
ალბათ, იმიტომაც ველოდებით ფერიცვალებას ასეთი იმედით, ამგვარი სასოებით.
ღმერთმა კაცი ისეთი გააჩინა, რომ ღრუბლებიდან მზის ერთმა გამოჭიატებემაც კი შეიძლება დიდი იმედი ჩაუსახოს გულში, ქუჩაში ერთი ორსული გოგოს დანახვამაც კი მომავლის იმედით აღავსოს.
ადამიანს სულ ცოტა სჭირდება, სულ მცირე რამ ჰყოფნის და დღენიადაგ იმ მცირედის მოლოდინშია.
ეს ჩვენი საბრალო ქვეყანა რა ხანია მოდის და მოსტირის თავის წუთისოფელს. ვინ იცის, ამ ხნის მანძილზე რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენმა გადაიქუხა, რამდენი თაობა ჩაეფარა მიწას და მომავლის იმედიც თან ჩაიყოლა.
ახლა ჩვენი ჯერი დამდგარა, ახლა ჩვენ ველოდებით ნიშანს სამშობლოს ფერიცვალებისას. მარადიულია ეს ლოდინი, მაგრამ მაინც ძალის მომცემი და გამამხნევებელი. სწორედ ეს არის ქვეყნის მომავლის, მისი სიცოცხლის დამადასტურებელი, თორემ უიმედო ერი კვდება”. – ნუგზარ შატაიძე (ათი წლის თორმეტი თვე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ავიკრიფოთ ყველამ გუდა-ნაბადი და სხვა, ახალი და ბედნიერი სამშობლოს საძებნელად გავწიოთ!
დღეს მართლა ბევრი დგას ამ ჭკუაზე, საკუთარი ავადმყოფი დედა ბევრს მოსძულებია და მასზე ზრუნვას ისევ სხვისი კალთის ქვეშ ყოფნა ურჩევნია.
არადა ეს საწყალი, ლოგინად ჩავარდნილი, დასნეულებული ჩვენი მშობელი ცრემლიანი თვალებით მოგვჩერებია და ელოდება, წყალს როდის მივაწვდით, წამალს როდის მივუტანთ. მისი წამალი და უკვდავების წყალი კი პირველი სექტემბრის აჟრიამებული დილაა, ბავშვებით სავსე ქალაქის ქუჩები და სოფლის ორღობეებია, სკოლის პირველი ზარია, მასწავლებლის ალერსიანი, მშობლიური სიყვარულით გაცისკროვნებული ღიმილია.
მივუტანოთ წყალი დედას”. - ნუგზარ შატაიძე (ათი წლის თორმეტი თვე) – (ავტორი გენია.ჯი)