ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – “ბურუსი”
“აქამდე მეგონა, რო ყველა კეთილი და ჭკვიანი იყო, ადამიანების განსხვავება არ შემეძლო, ყველა მიყვარდა, რადგან მეგონა, ყველას ყველა უყვარდა; ყველას ვუჯერებდი, რადგან მწამდა, ყველა კეთილი და გონიერი იყო. მეგონა, ბოროტებს, შურიანებს, ხარბებს, ძუნწებს, პატივმოყვარეებს, სხვადასხვა ყაიდის სულელებს მხოლოდ ოდესღაც ეცხოვრათ ქვეყნად და გადაშენებულიყვნენ; მეგონა ყველა ყველასათვის ზრუნავდა, ერთის ტკივილი ყველას ტკივილი იყო. ასე მეგონა, ასე მჯეროდა, ასე ვიზრდებოდი, ყოველის მხრიდან მხრით კმაყოფილი ვიზრდებოდი, სიყვარულით გარემოცული ვიზრდებოდი… მხოლოდ ზოგჯერ დედაჩემის ახირება მაოცებდა, მაგრამ მაინც მცირე იყო, მეტისმეტად პატარა იყო, ვერ ეხებოდა ჩემს დიდ რწმენას ყოველთა გონიერებისა, ყოველთა სიყვარულისა. აი ეს იყო ბურუსი, რძისფერი ნისლი… არა, ნისლი არა, ნისლის სისხამი, მცირე სუსხი მაინც აქვს… ფაფუკი ღრუბელი, რძისფერი ღრუბელი, – ახ, არც ეს შედარება მომწონს, რა ვთქვა აღარ ვიცი! რაღაც კარგი იყო, რაღაც ნეტარი იყო ლაჟვარდი, იყო უსაზღვრო, უნაპირო ლაჟვარდი, ძირს იყო ლაჟვარდი, ჩემ წინ იყო, ჩემ ფეხთით იყო, იყო და აღარ არის, აიწია, ამაღლდა, შემოეხსნა ადამიანებსა, შემოეხსნა ის, რაც აერთფეროვანებდათ, ალამაზებდათ, ასხივოსნებდათ და ვიხილე ნაირგვარი სახე, ნაირგვარი ხასიათი, ვიხილე და ჩამიტყდა დიდი რწმენაი ყოველთა გონიერებისა, ყოველთა სიყვარულისა. მე ვცანი ცხოვრება ან დავიწყე შეცნობა ცხოვრებისა; მე შემაძრწუნა ცხოვრების პირველმა გაკვეთილებმა, მწარე გაკვეთილებმა…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ვნახოთ-ვნახოთში გამოგვეპარა წუთისოფელი, თუალსა და ხელს შუა გამოგვეპარა… ვნახოთ-ვნახოთო და აჰა, ნახე სიბერე. ხოლო უკან მიიხედავ და შეგრჩება ნახვა-ნახვაში დაკარგული დრო, განუმეორებელი დრო… ამ დარჩენილ დროს, ამ მცირე დროს მაინც ნუღარ დაკარგავ, გასაკეთებელი გააკეთე, სათქმელი თქვი, განსასჯელი განსაჯე, ცუდი გაკიცხე, კარგი წააქეზე, რატომ, რატომ არ უნდა იყვე ასე გაბედული, რაღა უნდა ნახო”.
* * *
“სიბერეს უფრო ტკბილი სიყვარული სცოდნია”.
* * *
“ადამიანი მაღლდება, ადამიანი იზრდება, მაღლდება, ვინც ადამიანია, და ეცემა, იხრწნება, ვისაც შემთხვევით მისცემია სახე ადამიანისა, ვინც ბუნებას შეცდომით გამოუყვანია ადამიანადა. ბუნებასაცა სცოდნია შეცდომები, აბობოქრებაცა – შეცდომათა გამოსასწორებლად…”
* * *
“ვსვამ ნამუსის ქუდის სადღეგრძელოსა, ვაჟკაცის ქუდისა. ვაჟკაცის ღირსების სადღეგრძელოსა; კაცური კაცობა, სიყვარული ყოველთა, კეთილშობილური თავგანწირულება, დაუზარლობა, უაუგობა, ერთი სიტყვით კაცური კაცობა ქუდქვეშ მოუქცევიათ, ქუდი გადაუხდიათ სიმბოლოდ სიკეთისა და სიწმინდისა. ქუდგალანძღული კაცი სახელგატეხილად მიუჩნევიათ, ქუდმოხდილი კაცი – დამცირებულადა. ქუდი გაუხდიათ ყველაზედ უფრო საფრთხილო, ყველაზე სალოლიაო საგნადა, სიამაყის ნიშნადა და საფრადა. კაცი ქუდით უცვნიათ, კაცია და ქუდი ჰხურავსო, გაბედულათ უთქვამთ. თამამად იტყოდნენ, ამაყად იტყოდნენ, მაშ რაო – განა ადვილი იყო ნამუსის ქუდის შენარჩუნება? ადვილი იყო, ყოფილიყო გამტანი გაუტანლებში, მართალი მატყუარებში, ალალი მაცდურებში, ერთგული მოღალატეებში? – არა. არ იყო ადვილი, ადვილი არ იყო ნამუსის ქუდის შენარჩუნება, სიამაყის შენარჩუნება. ამიტომ ადიდებდა ჩვენი ხალხი შეულანძღველ ქუდსა, ნამუსის ქუდსა, სვამდა მის სადღეგრძელოსა. მეც ამ სადღეგრძელოსა ვსვამ, ნამუსის ქუდს, კაცურ კაცობას, უაუგობას, უღალატობას, დაუზარლობას, გამტანიანობას, პირდაპირობას, სიმართლეს, თავდადებას, აი რას ვადიდებ, აი, რა არის სიამაყე, უამისოდ ნურავინ გამოიდებს თავსა, სულ ერთია, ნამუსის ქუდი არ დაადგება. გაუმარჯოს ჭეშმარიტ სიამაყეს, კაცურ კაცობას, სიამაყის, კაცური კაცობის უძველეს სიმბოლოს – ქუდსა, ნამუსის ქუდსა!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ასეა, სიმართლე ვერავის აუტანია, შესიტყვება არავის ეპიტნავება, ყველა კმაყოფილია თავისი გონებითა, ყველას შეურყეველი ჰგონია თავისი ნათქვამი, ყველა დიდაქტიკოსობს, ყველა დამრიგებელია, დარიგებას ყველა უკადრისობს. თქვენ ვერავინ ვერაფერს შემოგბედავთ. დანდობით არავის დაინდობთ!”